მე თხუთმეტი წლის გავხდი წელს... - კვირის პალიტრა

მე თხუთმეტი წლის გავხდი წელს...

ბევრი მილოცვა მივიღე. ყველას მადლობა მინდა გითხრათ და ასე დაგლოცავთ: რამდენჯერაც ჩემს მესამე გვერდზე ექსპერტებს უთქვამთ და კიდევ იტყვიან: "თუ ამერიკა

გააძლიერებს თავის პოზიციებს, რუსეთის ინტერესები შესუსტდება, ხოლო თუ არა - მაშინ არ შესუსტდებაო", იმდენ წელიწადს იცოცხლეთ! ახლა კი მინდა, თქვენთან ერთად მიმოვიხილო ჩემი გვერდების მოკლე ისტორია:

ვინ მოსთვლის, რამდენი პოლიტიკოსი აღზრდილა და დაფრთიანებულა ამ გვერდებზე. სახელს და გვარს არ დავასახელებ, ჩვენი პრეზიდენტი რომ არის, კვირა არ გავიდოდა, ჩემთვის ინტერვიუ არ მოეცა, მაგრამ რად გინდა, ახლა ზედაც არ მიყურებს და გაიძახის, არ ვკითხულობ გაზეთებსო...

მთავრობა რომ გაიძახის, ეკონომიკა ყვავისო, ჰოდა, ეს ჩემი ეკოპალიტრაც, თუ შეამჩნიეთ, გაწითლდა სირცხვილისაგან.

მაია ასათიანი და ნანუკა ჟორჟოლიანი თოჯინებით თამაშობდნენ, მე რომ ვწერდი, "ჩემმა დაქალმა თაყვანისმცემელი წამართვა-მეთქი".

რაც შეეხება სამხედრო თემას, "მაპატიოს" "რუსთავი 2"-მა, მაგრამ ჩემს გვერდზე ომი ჯერ ვერ მოვიგეთ და აწი ვნახოთ...

ჰო, სამედიცინო გვერდი რომ მაქვს, იმაზეც მინდა ორი სიტყვით გითხრათ, მთლად შეიძლება ვერ გაკმაყოფილებთ, მაგრამ ზოგიერთ ექიმთან მისვლას, კი სჯობია მისი წაკითხვა...

რეიტინგებს ვაკეთებ უკვე დიდი ხანია, გეფიცებით, ყველა რეიტინგი ზუსტი და სამართლიანია, ეგაა ოღონდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს არ ემთხვევა არასოდეს, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის, ძვირფასო მკითხველო, ჩემს რეიტინგებს ცოცხალი ხალხი ადგენს მხოლოდ. მოკლედ, თქვენთან სათქმელის მეტი რა მაქვს, მაგრამ მეჩქარება ახლა სტამბაში და სხვა დროს იყოს.