უმარილო მწვადი - კვირის პალიტრა

უმარილო მწვადი

კომუნისტების დროს, საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულის მერძეული პირუტყვი საიალაღოდ ცივგომბორის საზაფხულო საძოვარზე დაგვყავდა. სანამ

გადავრეკავდით, საჭირო იყო სადგომების რემონტი, წინასწარი შემზადება, უნდა აგვეტანა მარილი და სხვა.

ერთ დღეს მე და კოლმეურნეობის მძღოლმა იოსებ მარტიაშვილმა მანქანები დავტვირთეთ 1,5 ტონა მარილით, წინა დღით დავიჭირეთ თადარიგი, წავიღეთ 10-ლიტრიანი ღვინო, ცივად მოხარშული დედალი, გავიარეთ საგარეჯოს ბაზარში, ვიყიდეთ სამწვადე. ვიფიქრეთ, ცივ წყაროსთან თითო ჭიქა ღვინოს დავლევდით.

მივედით, გავშალეთ სუფრა, ავაშიშხინეთ მწვადი, მაგრამ რად გინდა, სუფრაზე მარილი არ გვაქვს და ვერც აბგაში ვიპოვეთ. რა უნდა გვექნა, შევექეცით უგემურად. ამასობაში საგარეჯოელი ევგენი ქვლივიძე შემოგვიერთდა, რომელსაც ჩვენზე ადრე წაეყვანა ცხვარი იალაღზე, მარილი გამოლევია და ცხენით მიდიოდა საყიდლად ქალაქში. ღვინო მივაწოდეთ, მანაც დაგვლოცა - თქვენ გენაცვალეთ, ბიჭებო, იქნებ ცოტა მარილი მომცეთ ცხვრებისთვის, ნუ წამიყვანთ საგარეჯოშიო.

მე და იოსებმა ერთმანეთს გადავხედეთ, მაშინღა გაგვახსენდა, რომ მანქანაზე 1,5 ტონა მარილი გვედო, ჩვენ კი უმარილოდ შევექცეოდით მწვადს.

შოთა პარენაშვილი, პატარძეული