ცხოვრებისეული კურიოზი - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზი

მოსასმენი აპარატი

აფხაზეთის ომის მონაწილეს, ტყვეობაში ნაგვემ-ნაწამებს, დაქვეითებული სმენა მაქვს. რამდენიმე დღის წინ მეუღლემ მითხრა, რომ თბილისში, მერიის პროგრამით ყველა სმენადაქვეითებულს უფასოდ დაურიგებდნენ სასმენ აპარატს და ჩვენც მერიის ცხელ ხაზზე დავრეკეთ სრული ინფორმაციის მისაღებად.

- მერიის ცხელი ხაზია?

- დიახ, გისმენთ!

- მოსასმენი აპარატურის შეძენა გვინდა, რა საბუთებია საჭირო?

- ქალბატონო, მოსასმენ აპარატთან დაკავშირებით დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში, - გაბრაზებული მოგვაძახა ოპერატორმა და ყურმილი დადო.

საუბრიდან 2 საათში შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაუპატიჟებელი სტუმრები გვეწვივნენ, მთელი რიგი ახსნა-განმარტება დაგვჭირდა, რომ დაგვერწმუნებინა ისინი, რომ მე სმენადაქვეითებული მოხუცი ვსაჭიროებდი სასმენ აპარატს და არა მოსასმენ აპარატურას.

ასე რომ, ფრთხილად, ყველაფერი ისმინება!

ენგული იობაძე

KvirisPalitra.Ge"ჯენტლმენობა" სვანურად

სვანეთში ერთი კაცი ცხოვრობდა, მაიზერი, რომელიც მეზობლებში პათოლოგიური სიმთვრალით და სიმთვრალეში ჩხუბით გამოირჩეოდა. ერთხელაც მთვრალი მაიზერი სოფლის გზაზე მოდიოდა, ის-ის იყო, სახლს მიუახლოვდა, რომ შემთხვევით მევალე მზია  შეხვდა და ვალის დაბრუნება მოსთხოვა, კამათი ჩხუბში გადაიზარდა, გაბრაზებული მაიზერი სახლში გაიქცა, თოფი გამოიტანა და მევალეს ფეხებში დაახალა. Mმაიზერი დაიჭირეს. სასამართლო პროცესზე გაკვირვებულმა მოსამართლემ მაიზერს ჰკითხა:

- არ გრცხვენია, მაიზერ, ქალს თოფი როგორ ესროლე?

მაიზერმა არანაკლებ გაკვირვებულმა შეხედა მოსამართლეს და უპასუხა:

- აბა, ქალს ხელს ხო არ დავარტყამდი?

მიხეილ ობოლაძე, ქუთაისი