საქართველოს ახალი კონსტიტუცია - კვირის პალიტრა

საქართველოს ახალი კონსტიტუცია

საქართველოში კონსტიტუცია ქოთანს ჰგავს, ვისაც სადაც უნდა, იქ ამაგრებს ყურებს, ეს კიდევ არაფერი, იმ ყურებდამაგრებულ კონსტიტუციასაც არავინ არაფრად აგდებს

და ვისაც სადაც და როგორაც გაუხარდება, ისე არღვევს. ჩვენ გადავწყვიტეთ დავწეროთ ისეთი კონსტიტუცია, რომელსაც არავინ დაარღვევს და ჩვენც, საზოგადოების "ინტრიგან" ნაწილს, არ მოგვეცემა იმის უფლება, რომ ძლიერნი ამა ქვეყნისა კონსტიტუციის დარღვევაში დავადანაშაულოთ.

1. საქართველოს პრეზიდენტი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 36 წელი, არის მაღალი, დადის სწრაფად, ლაპარაკის დროს ისვამს ცხვირზე ხელს, ხშირად ხმარობს შემდეგ სიტყვებს: "ვერ მოგართვით", "ნურას უკაცრავად".

2. ბიზნესმენი, რომლის წლიური შემოსავალი აღემატება 50 ათას ლარს, ვალდებულია გადაიხადოს როგორც  დღგ (დამატებითი ღირებულების გადასახადი), ასევე ნმგ (ნაციონალური მოძრაობის გადასახადი).

3. იმის გამო, რომ მოსასმენი აპარატურა ძვირი ჯდება, ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვალდებულია სატელეფონო საუბრების შინაარსი წინასწარ აცნობოს შსს-ს.

4. სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვების მიზნით ოპოზიციას უფლება არ აქვს არჩევნებზე წარადგინოს სამ კანდიდატზე ნაკლები.

5. არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი. ერთ პიროვნებას აქვს ერთი ხმის მიცემის უფლება (შენიშვნა: ხელისუფლების მხარდამჭერს უფლება აქვს ერთ არჩევნებზე ხმა მისცეს რამდენჯერმე).

6. ყველა ქალი, რომელსაც აქვს ლამაზი ფეხები და ლამაზი მკერდი, თანამდებობის პირთან ერთკვირიანი ტრენინგის შემდეგ, ავტომატურად ინიშნება სახელმწიფო უწყებების თანაშემწის, დეპარტამენტის უფროსის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობებზე.

7. ყველა ჩინოვნიკს აქვს უფლება, თავად აირჩიოს ჯიპის ფერი, ძრავის მოცულობა და საჭის მდებარეობა.

8. ტელევიზია თავისუფალია (სერიალებში, ამინდის პროგნოზში და სპორტში).

9. ადამიანთა ჯგუფს აქვს შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება (თავიანთ წარმოსახვაში).

10. მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს ადამიანი, რომელსაც აქვს ნაციონალებში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება და პანიკურად ეშინია ზურაბ ადეიშვილის.

11. საქართველოს მთავრობაზე ან კარგს ვლაპარაკობთ, ან არაფერს.