რა უნდა იცოდეს საქართველოში ჩამოსულმა უცხოელმა (მცირე ექსკურსი) - კვირის პალიტრა

რა უნდა იცოდეს საქართველოში ჩამოსულმა უცხოელმა (მცირე ექსკურსი)

დღითი დღე იზრდება ჩვენს ქვეყანაში ჩამომსვლელ უცხოელ სტუმართა რიცხვი. ინტერნეტსაიტებზე თუ კატალოგებში საქართველო ისეა წარმოჩენილი, გასაკვირი არ

არის ტურისტების რაოდენობის მატება. მაგრამ იმ საიტებზე თუ კატალოგებში აუცილებელია ისეთი რაღაცებიც ჩავწეროთ, რაც უცხოელმა უნდა გაითვალისწინოს, რადგან ეს ჩვენი სამშობლოა და "კანონებიც" ჩვენებური გვაქვს.

მაშ ასე, ჩვენს ქვეყანაში პირველად ჩამოსულმა უცხოელმა უნდა იცოდეს, რომ:

მიწისქვეშა გადასასვლელებს ჩვენთან აქვს სამი ფუნქცია: გამოიყენება მიწისქვეშა გადასასვლელად, სავაჭრო ცენტრად და გამოუვალ სიტუაციაში - ტუალეტად.

თუ ბაზარში გსურთ ზუსტად 5 კგ პროდუქტის ყიდვა, გამყიდველს უნდა მოსთხოვოთ 6 კგ.

მაღაზიაში თუ გამყიდველი იბღვირება და უხეშობს, უნდა გაუგოთ, რადგან მას უმაღლესი განათლება აქვს მიღებული და სხვა რომ ვერაფერი იპოვა, თავის სარჩენად, დღეში 5 ლარისთვის დგას დახლთან.

რესტორნებთან ბევრ "ჯიპს" და უმაღლესი კლასის მანქანას თუ შენიშნავთ, შეგიძლიათ იამაყოთ, ეს ხომ თქვენი გრანტებისა და დახმარებების შედეგია.

თუ ისე მოგეწონათ ჩვენი ქვეყანა, რომ გადაწყვიტეთ ბიზნესის დაწყება, სანამ ჩამოხვალთ, ყოველი შემთხვევისთვის სტრასბურგში შეიარეთ და ერთ-ორ მოსამართლეს დაუმეგობრდით, რა იცით, რაში გამოგადგებათ.

დედაქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისას თუ დიდ დარბაზში მოხვდით და 150 მდუმარე კაცი იხილეთ, ყრუ - მუნჯთა სახლი არ გეგონოთ, ჩვენი პარლამენტის სხდომათა დარბაზია.

უნდა გაცნობოთ, რომ საქართველო პოეტების ქვეყანაა, ამიტომაც ნუ გაგიკვირდებათ წარწერები ავტობუსის სკამებზე, სადარბაზოებში და ასე შემდეგ.

გვყავდა ერთ დროს მსოფლიო დონის ფეხბურთელი ბორის პაიჭაძე და სტადიონიც სწორედ მისი ხსოვნის პატივსაცემად გვაქვს.

ქართულ არხებზე საინფორმაციო გადაცემებს შორის განსხვავება თუ ვერ იპოვეთ, კარგად დააკვირდით ლოგოებს: "იმედის" ლოგო ეკრანს ზემოთაა, ხოლო "რუსთავი 2"-ის ეკრანს ქვევით.