მატეს ამბები - კვირის პალიტრა

მატეს ამბები

წერილი

გამარჯობა, "კვირის პალიტრა"! მე მათე ვარ, ბევრი რამ მაქვს თქვენთვის მოსაყოლი, მაგრამ დროც ბევრი მაქვს და თანდათან მოგიყვებით. მოგეხსენებათ, არჩევნები კარს მოგვადგა და მეც ამ თემით დავიწყებ: ბოლო დროს ისეთი წვიმაა, ცოტაც და კანდიდატები ახალ დაპირებას გამოაცხობენ: "თბილისი წვიმის გარეშე!"

მოსახლეობისაგან განსხვავებით, ჩვენს პოლიტიკოსებს წვიმა არ აშინებთ და საარჩევნო კამპანიას მთელი შემართებით განაგრძობენ.

რამდენიმე კანდიდატსა და მათ სლოგანებზე მინდა გითხრათ: უგულავა მომწონს ძალიან, რას ერჩით მაგ კაცს? 5 სტიქიიდან სამზე ააშენა ხიდი, ხმელეთზე, წყალზე, ჰაერში, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრიაო, გაიძახის. ჰოდა, ზაჰესიდან ფონიჭალამდე კაი 300 ხიდი დაეტევა, ხალხსაც მეტი რა გვინდა, ხიდი და სანახაობა.

ძალიან მოხერხებული ყოფილა ეს მთავრობა, 30 მაისს რომ დანიშნა არჩევნები, თორემ აბა, წარმოიდგინეთ, გახურებული მსოფლიო ჩემპიონატისთვის რომ დაემთხვიათ, მოსულიყო ერთი ჩვენთვის კარგად ნაცნობი კანდიდატი და ეთქვა: მოვდივართ ლუდით, გპირდებით ლუდს! მაშინ ვნახავდი, ვინც მოიგებდა.

ერთ დილით ჩემს სახლთან უამრავი ადამიანი შევნიშნე, შუაში ლამაზი, ხალიანი ბიჭი დამდგარიყო, ცერათითი გლადიატორების მაყურებელი იმპერატორივით აღემართა და იძახდა, - ჩვენ შევცვლით! დავიჯერე მისი და სასწრაფოდ სიდედრი ჩამოვიყვანე, იქნებ შემიცვალოს ამ დალოცვილმა-მეთქი, მაგრამ სიდედრის შეცვლა არჩევნებით შეუძლებელიაო. დაღონებული ავედი სახლში და ტელევიზორის ყურება დავიწყე. კარებზე ზარი გაისმა, გავედი და თუ სადმე ჟურნალისტი მინახავს, ყველა იყო მოსული. ისეთი იაფი კომუნალური გადასახადები ჩამომითვალეს, რომ ცრემლები მომერია, მერე ერთმა მეორეს გადაულაპარაკა, ზევით ასვლა მეზარება, ინგა, და მიდი, შენ ილაპარაკეო, ინგამაც იმხელა ხმაზე დაიწყო, დარწმუნებული ვარ, სამი კორპუსის მობინადრეები გაიგონებდნენ. ძიძიგურიც იყო იმავე საღამოს მოსული, ნოღაიდელთან ერთად, მაგრამ არავინ ეჩხუბა და დაღონებული წავიდა.

სხვა რა მოგიყვე, ჩემო "პალიტრავ", მიშა ამერიკაში წავიდა და მგონი, მთლად დავავიწყდით, სუფრიდან სუფრაზე გადადის მაკკეინთან და კლინტონთან ერთად. ერთი რჩევა მექნება, ბატონო პრეზიდენტო, რომ დათვრებით, ყვირილი ატეხეთ: "არ დამიწყოთ ახლა ზედმეტი ლაპარაკი, აქედან ყველანი მივდივართ ჩემთან!" ჰოდა, თუ დაგეთანხმნენ, ხომ კარგი, გამოფხიზლებულები ერთ-ორ ძლიერ შეშფოთებას არ დაგვამადლიან და 2013 წლამდე კი გვეყოფა.

Aაბა, გემშვიდობებით ახლა მე და იმ კვირაში ისევ შეგეხმიანებით ცხელ-ცხელი ამბებით. ძალიან მიყვარხართ ყველანი და ნოდარ დუმბაძისებურად მინდა დაგემშვიდობოთ: - იცოდეთ, ქვა თუ ნახოთ სადმე თბილი, ისიც გიგი უგულავა იქნება!...