გენერალური რეპეტიცია - კვირის პალიტრა

გენერალური რეპეტიცია

- იცით? საქართველო დევგმირების ქვეყანაა, გაგიგიათ, ვინ იყო თამარ მეფე? ჩვენ ვართ თავისუფალი ერი, დიდგორის მომგები ერი, გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას! - დაიყვირა სუფრაზე ჩემ გვერდით მჯდომმა კაცმა და მის გვერდით მჯდომი კაცი შეაფხიზლა.

ამ კაცით მოვიხიბლე, დიდი ნახევარლიტრიანი ყანწი ერთლიტრიანით შევცვალე და არანაკლებ ლამაზი სიტყვებით ვაჟკაცურად დავლიე ცოტნეს, პაატას, სამასი არაგველისა და ქაქუცას სადღეგრძელო.

- და მაშინ, როცა სამშობლოს უჭირს, ჩვენ მოვალენი ვართ, ნაბიჯ-ნაბიჯ წავწიოთ ის წინ. აგური იქნება, ბლოკი თუ რკინაბეტონი ჩვენ უნდა დავდოთ სამშობლოს ბალავარზე და მერე, როცა ივერია გაბრწყინდება, მის სხივებსა და ათინათებზე  ჟრიამული ავტეხოთ, - ეს სიტყვები ქალბატონმა წარმოთქვა და სამართლიანი ტაშის კორიანტელშიც გაეხვია.

- მე მიყვარს ჩემი მართლმადიდებლობა, - ფეხზე წამოხტა უეცრად ერთი კაცი, დედას ვფიცავარ, სახეს გავუხევ, ვინმემ მაგაზე რამე არ თქვას, თორემ.

- მე მაქვს, რისი თქმაც მინდა, იმის უფლება, - იკივლა უეცრად სუსტმა გოგომ და თვალები ჯერ მარცხნივ ააბრიალა, მერე მარჯვნივ.

- კარგი, ნუ ჩხუბობთ, - საქმეში ჩაერია ინგლისელი მამაკაცი, - თორემ თქვენზე ცუდ დასკვნას დავწერ.

ყველანი გავჩუმდით, მაგრამ უეცრად შემოვარდა რამდენიმე კაცი და ისეთი სიტყვები გვითხრა, მარტო პირველი არხი, "რუსთავი 2" და "იმედი" თუ გაუშვებდა. ჩვენც არ დავაკელით და მალე ისეთი ჩხუბი ატყდა, ვისი ჩანგალი ვის ჰალსტუხში იყო, ვერ გაიგებდით.

- მორჩა, კარგი იყო, - შემოვარდა მალე ჩვენი რეჟისორიც  და ყველანი სუფრასთან დაგვსვა - დღევანდელი რეპეტიციით კმაყოფილი ვარ, წაბრძანდით ახლა თქვენს ამომრჩევლებთან და ზუსტად ასე მოიქეცით, აბა, ჰე, ხვალ დილით ისევ გვექნება რეპეტიცია.