ჭეშმარიტი პარტია - კვირის პალიტრა

ჭეშმარიტი პარტია

- დადგება დრო - მომმართა ერთხელ ჩემთან მოსულმა კაცმა - როცა ლომი და ცხვარი ერთად მოძოვენ ბალახს, თქვენ ზღაპრულ ქვეყანაში იცხოვრებთ, ბევრი დრო არ არის ამისათვის საჭირო, სულ რაღაც 5 წელიწადი. ჩვენთან აღარ იქნებიან ღარიბები, აღარ იქნება ავადმყოფობები და თუ იქნება, ჩვენი მეოხებით განიკურნება.

მალე გექნებათ რძის მდინარეები და ქიშმიშის გორები, სადაც ქნარზე ნაზად იგალობებენ სირინოზები, გვერდით კი იადონები და ბულბულები იჭიკჭიკებენ, თქვენ მიაღწევთ მაქსიმუმს თქვენი ძალების კონცენტრაციით, და ფული იმდენი მოგეცემათ, რომ ბედნიერებისგან ფრთები ამოგივათ და გორის ციხიდანაც კი გადახტებით, საქართველო იქნება ერთიანი მსოფლიოს ღირსეული ნაწილი და ჩვენ გვექნება ყველაზე ლამაზი ქალაქები, დუბაიზე და ბარსელონაზე ლამაზი ქალაქები.

შენ კი იქნები წარმატებული ადამიანი და გექნება 5 სამუშაო ადგილი. ცოლი თუ გყავს, - იმას 4, შვილებს კი სამ-სამი, ასე რომ, ბევრს ნუ მალაპარაკებ, გამომართვი ეს ბუკლეტი, დანარჩენი აქ წერია.

მე ბუკლეტი გამოვართვი. "გასაკეთებელი კიდევ ბევრია" - ეწერა ზედ.