ცხოვრებისეული კურიოზი - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზი

KvirisPalitra.Geლოგიკური პასუხი

ქუთაისელი ომარი და  მისი კარის მეზობელი რომანი ენაკვიმატობით ქუთაისში კი არა, მთელ იმერეთში გამოირჩეოდნენ. მეზობლები და ამავე დროს კარგი მეგობრები საღამოობით ხშირად ერთად სვამდნენ, მღეროდნენ, ხუმრობდნენ, მოკლედ, მათთან ყოფნას არაფერი სჯობდა.

მეზობლები სპეციალურადაც კი დადიოდნენ მათთან, რომ ამ ორი მახვილგონიერი კაცისთვის მოესმინათ. ერთხელაც კარგად შექეიფიანებულმა ომარმა აიჩემა, გინდა თუ არა, გიორგი სააკაძის შთამომავალი ვარ, თუ არ გჯერა, შემომხედე და მიხვდებიო. რომანს ცოტა არ იყოს, ეწყინა და გულმოსულმა ომარს ამაყად ჰკითხა:

- კარგი, დავუშვათ ხარ გიორგი სააკაძის შთამომავალი, მე ვინ ვარ მაშინ?

- შენ ხარ გიორგი სააკაძის შთამომავლის კარის მეზობელი, - არ დაიბნა ომარი და თავისი პასუხით კმაყოფილმა, გულიანად გადაიხარხარა.

ზაიგული ჩაკვეტაძე, ქუთაისი

KvirisPalitra.Geსისხლის გადასხმა ციხეში

ოპერატიული მორიგე ვარ, ღამის საათებია, წინასწარი დაკავების საკნიდან კვნესა შემომესმა. მივედი და ვხედავ, ერთ-ერთ პატიმარს ვენები გადაუჭრია. სამორიგეო ნაწილის მანქანით სასწრაფოდ გადავიყვანეთ საავადმყოფოში. სისხლის გადასხმა იყო საჭირო, გაირკვა, რომ მისი ჯგუფის სისხლი მხოლოდ მე აღმომაჩნდა. მეც უყოყმანოდ გავიღე 400 გრამი სისხლი. გონზე მოსულმა პატიმარმა ეს რომ გაიგო, სასოწარკვეთილი ხმით დაიძახა: -  ვაა, ახლა ორივე ვენა უნდა გადავიჭრა!

დონი ფანჩულიძე