თბილისო, მზის და ვარდების მხარეო... - კვირის პალიტრა

თბილისო, მზის და ვარდების მხარეო...

წვიმიანი დღე იყო. ნორჩი სიო საამოდ ელამუნებოდა სადარბაზოს წინ ეულად მდგარ ნეკერჩხლის ფოთლებზე მიკრულ ერთჯერად პოლიეთილენის პარკებს. მავთულზე

შვეულად შემომჯდარი ყვავი თავისი სახელის პირველ მარცვალს გაჰყვიროდა. საცხოვრებელი სახლების კედლებზე ნუსხახუცურ სტილში ინგლისური ასოებით მომღერალ "თუფაქის" სადიდებელი დითირამბები ეწერა.

"ფეისბუქის" მომხმარებელივით მომრავლებული "ჯიპები" გალაკტიონის ლურჯა ცხენებივით დაქროდნენ და არაფრად აგდებდნენ ამაოდ მანათობელ სისხლისფერ შუქნიშანს. წვიმის წვეთებისგან შეგროვებულ H2O-ს ოსტატურად აევლო გვერდი უდაბნოს კაქტუსივით გამომშრალ კანალიზაციის მილისთვის და რუდუნებით მირაკრაკებდა ბიუჯეტის შემწირავ ასფალტზე. მოდუდუნე მტკვარი შეყვარებული წყვილივით გადახვეულ ლუდისა და "კოკა-კოლის" ბოთლებს ანარნარებდა.

მეზოზოური ხანის პირველქმნილი გამოქვაბულების სტილში გადაწყვეტილი მიწისქვეშა გადასასვლელებიდან ამოსული "სურნელი" დიფუზიის მკაცრი და შეუვალი კანონის მიხედვით შეძლებისდაგვარად გაფრქვეულიყო ჰაერში და კანტიკუნტად მიმავალ ინდივიდებს თითებს ცხვირზე აჭერინებდა. მე კი ამ დროს სახლში, ზედა მეზობლის წყალობით წყლით გაგრილებული, ტუტანხამონის მუმიასავით ტახტზე ვიყავი გართხმული და ტელევიზორიდან უკვდავი ჰანგების ფონზე ჩამესმოდა მთრთოლვარე ხმა: "ცოდვა არ არის, ასეთი ქალაქიდან ხალხი გარბოდეს?"