ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

სამოქალაქო თავდაცვა

ოთხმოციან წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრაზე ლექციების კურსს სამოქალაქო  თავდაცვაში გვიკითხავდა გადამდგარი გენერალ-მაიორი პავლე აბრამიძე. ბატონი პავლე დახვეწილი იუმორით გამოირჩეოდა.

ერთ-ერთ ლექციაზე გვიხსნიდა, რომ ბირთვული იარაღის აფეთქების შემთხვევაში, აუცილებელი მოთხოვნების შესრულებასთან ერთად, საჭირო იყო ოყნით კუჭ-ნაწლავის გამორეცხვა, რათა ორგანიზმიდან გამოდევნილიყო რადიაციის კვალი.

- კი მაგრამ, პატივცემულო, ატომური ბომბის აფეთქების დროს ოყნა სად ვიპოვოთ? - ირონიულად იკითხა ჩემმა ჯგუფელმა დათო ხუნწარიამ.

- ხუნწარია! - სათვალის ზემოდან გახედა ონავარ სტუდენტს გენერალმა, - მაგ დროს ოყნას კი იპოვი, შვილო, საკუთარ საჯდომს თუ მიაგენი.…

ადვილად წარმოიდგენთ, აუდიტორიაში რა მოხდებოდა.

პაატა ბაკურაძე, თბილისი

KvirisPalitra.Geბლანჟეიანი თბილისელი

ეს ამბავი ქუთაისში  მოხდა 90-იან წლებში, როცა კანონიერი ქურდები და კრიმინალები ქვეყანაში განსაკუთრებით ბობოქრობდნენ. ერთ-ერთ ოჯახში თინეიჯერმა გოგომ დაბადების დღის გადახდა გადაწყვიტა. უამრავი სტუმარი დაპატიჟა, მათ შორის მოიწვია მეგობრები თბილისიდანაც.

ქეიფი კარგი გამოვიდა, სტუმრები ერთმანეთს მალე გაუშინაურდნენ. ცეკვას სიმღერა ენაცვლებოდა, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდებოდა, რომ არა ერთი თბილისელი სტუმრის ბლანჟე, რომელმაც ქუთაისელი ბიჭები რატომღაც გააღიზიანა და სტუმარს აუშარდნენ კიდეც.

ბლანჟეიანმა თავის მხრივ არაფერი დაუთმო ადგილობრივებს და მალე შუაგულ მისაღებში ისეთი ცემა-ტყეპა გაიმართა, რომ მასპინძლები შიშისგან მეზობლებთან გადავიდნენ. სიტუაცია მხოლოდ მაშინ განიმუხტა, როცა ერთმა ქუთაისელმა დაიძახა, ქურდთან ავიდეთო (ქურდი ერთ-ერთი ქუთაისელის ნათესავი იყო და იმედი ჰქონდათ, რომ ამ საქმეში მათ მხარეს დაიჭერდა).

რამდენიმე წუთის შემდეგ სტუმრიან-მასპინძლიანად ყველანი ქურდთან წავიდნენ. იქ მისულთ კარი თავად კანონიერმა ქურდმა გაუღო, რომელიც მოსკოვიდან რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო. ქუთაისელმა ბიჭებმა შეხედეს მას და ელდა ეცათ.…

ქურდს  მოდურად გაპარსული ბლანჟე ამშვენებდა.

დათო ჩაჩავა, ქუთაისი