ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი - კვირის პალიტრა

ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი

- ჩემო ტკბილო ოპოზიციავ, - დაიწყო მიმართვა პრეზიდენტმა, - სამშობლო გასაჭირშია, დღეს კინკლაობის დრო არ არის, მოდი, ვაპატიოთ ერთმანეთს ყველაფერი და სიმართლე ვუთხრათ ხალხს. ჩემით დავიწყებ, ჩემო კარგებო, განსაკუთრებით მინდა, ეს გაიგოს გოგა ხაინდრავამ. მაშ ასე, ბატონებო, მე არჩევნები გავაყალბე და საქართველოს პრეზიდენტი არა ვარ, მეორე ტური უნდა შედგეს.

- რას ამბობ? -  წამოუხტა მიშას გაჩეჩილაძე, -  მე ვარ თბილისის პრეზიდენტი, თორემ რეგიონებში შენ მომიგე.

- არა და არა, - გამოესარჩლა მიშას საარჩევნო კომისიის გადამდგარი თავმჯდომარე თარხნიშვილი, - მე მოვუმატე მიშას ხმები, "კარუსელები" გავაკეთე, გასწავლით მერე როგორ კეთდება.

- ხალხო, - სიტყვა მოითხოვა ხაინდრავამ და ბრაზიანად მიმოიხედა - კარგი, გადადგეს მიშა, მაგრამ ვინ მოვიყვანოთ, "გრეჩიხას" არ ჯობია?

- კი მჯობია, - სიტყვა ჩაურთო  "გრეჩიხამ".

- მაპატიეთ, ხალხო, - შემოვარდა უეცრად დარბაზში გიგა ბოკერია - ფაქტობრივად მე ვმართავ ქვეყანას,  წავალ და საერთოდ არ ჩავერევი პოლიტიკაში.

- არა, გიგა, - წამოხტა ფეხზე გუბაზი, - არ შეიძლება შენი წასვლა, სამშობლო უფრო მეტია ისტორიულად, ვიდრე პიროვნება, შენ სჭირდები ქვეყანას, არ წახვიდე!

- დედა მომიკვდეს, მეტს აღარ მოგისმენთ, - საწყლად წამოიძახა მერაბიშვილმა, - არც პოლიცია ჩაატარებს არჩევნებს.

მოულოდნელად დარბაზში ხალხი შემოვარდა და დაიყვირა:

- ბიჭებო, ჩვენთვის რა აზრი აქვს, რომელი იქნებით, ერთიმეორეზე უკეთესები ხართ, თქვენ იკითხეთ, თორემ, ჩვენ ყველანაირი მთავრობის ხელში კარგად ვიქნებით.

- მაშ ასე, უნდა გადავდგე, ირაკლი, მართე ქვეყანა! - კვლავ აყვირდა პრეზიდენტი.

- არა, არა, - ღირსი არა ვარ, დარჩი, მიშა, იუარა ირაკლიმ.

- შენ ახლა ბევრს ნუ ლაპარაკობ!

- არა-მეთქი!

- ვანო, მოათრიე ძალით!

- ხელი გამიშვით! გუბაზ, მომეხმარე!

- ხელი გაუშვით, დამპლებო, სისხლისმსმელებო! - დაიყვირა გუბაზმა  და ხალხს შესძახა: -  აბა, ხალხო, დავტოვოთ ხელისუფლებაში ეს სისხლისმსმელები(?!).

ხალხი აიფოფრა და ყვირილი დაიწყო:

- დარჩით, დარჩით!

სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. უცხოელებმა მიშას დარჩენა ურჩიეს, მაგრამ პრეზიდენტი გაჯიუტდა და ახალი არჩევნები დანიშნა იმ იმედით, რომ გააყალბებდა.