საქართველოში მეფისტოფელს თუ არ მიჰყიდე სული, ფულს ვერ იშოვი - კვირის პალიტრა

საქართველოში მეფისტოფელს თუ არ მიჰყიდე სული, ფულს ვერ იშოვი

დღეს ყველგან არჩევნებია, ტელევიზიაში, გაზეთში, რადიოში თუ ჟურნალში, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, პოლიტიკას ავცდენოდით და რომანტიკული ინტერვუი ჩაგვეწერა, გვესაუბრა პოეზიაზე, მუსიკაზე, იმპრესიონიზმსა თუ ექსპრესიონიზმზე, სიყვარულზე. ამისთვის ინტერვუი პოეტ რატი ამაღლობელს ვთხოვეთ.

თავიდან ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. პოეზიით დავიწყეთ, მაგრამ მალე ნელ-ნელა ისე გადავერთეთ პოლიტიკაში, როგორც უკრაინა რუსულ ორბიტაზე. შესაბამისად, ჩვენი ინტერვუი პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შორს მიმავალ ხედვას უფრო დაემგვანა, ვიდრე რატი ამაღლობელის საუბარს.

- რატი, პოეზია უფრო წინ მიდის თუ ქვეყანა?

- ერთმანეთს მისდევენ. კარგი დღე არც ერთს ადგას და არც მეორეს.

- რატომ უნდა აისახოს პოეზიაზე, რატი ბატონო, ლექსის წერას ნატოში შესვლა რად უნდა?

- მე ვიგულისხმე ის პოლიტიკური მდგომარეობა, რაც დღეს გვაქვს. ჟურნალისტიკაში რა, კარგად გაქვთ საქმე? ტელეჟურნალისტი, რომელმაც უნდა შექმნას კარგი გადაცემა, პოდიუმზე გამოდის. ამ დროს კი ჟიურიში ზის ის პოლიტიკოსი, რომელიც, წესით, ჟურნალისტმა უნდა გააკრიტიკოს.

- ნეტა სხვა "ცოდვებს" არ სჩადიოდნენ ტელეჟურნალისტები და პოდიუმს გავუძლებთ...

- აქ ლაპარაკია პირად პროფესიულ პასუხისმგებლობაზე. აი, ეს არის დღეს ძირითადი პრობლემა. პირადი პროფესია უფრო მეტი უნდა იყოს ყველასთვის, ვიდრე მაგალითად, პოდიუმზე გამოსვლა. თითქმის ასეთი მდგომარეობაა ლიტერატურაშიც.

- პოლიტიკაში პოეზია ოდითგანვე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. გავიხსენოთ მეფეები, - ვახტანგი, თეიმურაზი - შესანიშნავ ლექსებს წერდნენ. დღეს როგორ არის ამ მხრივ საქმე?

- ბავშვობაში რომ წერდა ლექსებს პრეზიდენტი, ზუსტად ვიცი, მაგრამ დღესაც  წერს თუ არა, ვერ გეტყვით. მაგას ალბათ დრო გვიჩვენებს.

- თუმცა ლექსები რომ უყვარს, ფაქტია, განსაკუთრებით, 2003 წლის შემდგომი საქართველოს წარმატებებზე დაწერილი.

- ვიცი, რომელ ლექსსაც გულისხმობთ. რას ვიზამთ, გემოვნებაზე არ დაობენ... თუმცა გაგიკვირდებათ და, პოლიტიკური პოეზია ამერიკის შეერთებულ შტატებში უფროა, ვიდრე ჩვენთან.

- არ მითხრათ, ახლა ობამაზე წერენ ლექსებსო...

- ეგ არ ვიცი. შესაძლებელია ვიღაც ფანატიკოსმა კი მიუძღვნას ობამასაც ლექსი, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი, რომ ლექსებს წერენ ერაყში გამარჯვებაზე, ავღანეთის ოპერაციის აუცილებლობაზე, ირანისა და ისრაელის საკითხზე, არჩევნებსა და სოციალურ თემებზე.

- ჩვენზე და რუსეთზე?

- არა, ეგეთი არ წამიკითხავს. ჩვენზე და რუსეთზე ლექსებსაც აღარ წერენ. მოკლედ, პოლიტიკური პოეზია ჩვენთან, შეიძლება ითქვას, ყველაზე ნაკლებადაა გავრცელებული.

- სამაგიეროდ, პოლიტიკური მუსიკა ყვავის, მაგალითად, პატრულის ჰიმნი, "მიშა მაგარია", ახლახან ალასანიას "ალიანსზეც" დაწერეს სიმღერა...

- ეს არის კონიუნქტურული მუსიკა და არა პოლიტიკური. სტალინზე, ლენინსა და ბერიაზეც წერდნენ სიმღერებსა და ლექსებს.

- სამაგიეროდ, ვინც ასეთ სიმღერებსა და ლექსებს წერს, მინისტრად ნიშნავენ. ისე, პოეტი კაცი ხარ და არ გინდა კაბინეტი და ჯიპი?

- მასეთ ლექსებს, სამწუხაროდ, ვერ ვწერ, თორემ ცუდი არ იქნებოდა...

- რატი, არაერთხელ გაგიკეთებია ისეთი განცხადება, რომ ვერავინ გაიგო, რომელ მხარეს დგახარ.

- აქ როგორაა, იცით? თუ ვინმესკენ არ ხარ, ამას არ გაპატიებენ... არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი და ვამაყობ ამით. ვთვლი, რომ ხელოვანმა თავისი საქმე უნდა აკეთოს.

- დასავლეთში ხელოვანები თავიანთ საქმეს აკეთებენ და ამით კარგ ფულსაც შოულობენ...

- აქ ეს გამორიცხულია. საქართველოში მეფისტოფელს თუ არ მიჰყიდე სული, ფულს ვერ იშოვი.

- დავიჯერო, შენ ფული არ გინდა?

- რას მთავაზობთ, მივეყიდო მეფისტოფელს?

- მოდი, დემოკრატიაზე ვისაუბროთ. როგორ ფიქრობ, მართლა ვართ დემოკრატიის შუქურა?

- თუ თქვენი რუბრიკის მიმართულებას გავითვალისწინებთ, მაშინ ვართ დემოკრატიის შუქურა. ისე კი, რა დემოკრატიაზეა ლაპარაკი, როცა ხალხს ხელისუფლების ნდობა არა აქვს და პირიქით, თუმცა ესეც საზოგადოების ბრალია და მეც ამ შემთხვევაში გაცვეთილ ფრაზას გამოვიყენებ: როგორიცაა ხალხი, ისეთი მთავრობა ჰყავს.

- პოლიტიკოსები ყველაფერს ხალხს აბრალებენ. თქვენც, რატი?

- რა ვქნა აბა? საზოგადოებას საკუთარი თავის პატივისცემა არა აქვს და ესაა ძირითადი მიზეზი. როგორ ფიქრობთ, ქართველ კაცს საკუთარი თავის პატივისცემა რომ ჰქონდეს, გაუყალბებს ვინმე არჩევნებს? ან სასამართლო არ ეყოლება დამოუკიდებელი? და საერთოდ, სახელმწიფოს ვერ შექმნის? თქვენ რა გგონიათ, შვეიცარიის მთავრობას არა აქვს სურვილი მოაჯდეს ხალხს? მაგრამ იქ საზოგადოებაა ისეთი, რომ მთვრობას ამის სურვილს უკარგავს.

- ამბობენ, არჩევნები ქართული დემოკრატიის გამოცდააო...

- მერამდენე გამოცდაა, ხომ არ იცით? ან მერამდენედ უნდა ჩავიჭრათ? მგონი საშემოდგომოც ბევრჯერ გამოგვყვა. ისე კი, ეს არჩევნები ნამდვილად არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ხუმრობა ხომ არ არის, მერს ვირჩევთ პირდაპირი წესით.

- რა განსხვავებაა, ადრე უგულავას ნიშნავდნენ და ახლა უგულავას ირჩევენ.

- მაინც არის რაღაც სხვაობა. არჩეულს უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს.