ლოთობის საწინააღმდეგო წამალი - კვირის პალიტრა

ლოთობის საწინააღმდეგო წამალი

ჩემი მეგობარი რაჟდენა დალევის დიდი მოტრფიალე იყო. არც ცოლის და სიდედრის წყევლა-მუქარა ჭრიდა, თითქმის ყოველდღე მთვრალი მოდიოდა შინ. ერთხელაც

რაჟდენას ცოლს ვიღაცამ ასწავლა, ღვინოში ძაღლის სისხლი გაურიეთ და ერთ ჭიქას რომ დალევს, მეორე აღარ მოუნდებაო.

ერთი კვერცხიჭამია ძაღლი ჰყავდათ და როცა რაჟდენა სახლში არ იყო, დედა-შვილმა საწყალი ყურშა დაკლა და მისი სისხლი შავ ღვინოში გაურია. საღამოს შინ დაბრუნებულ რაჟდენას ჭიშკართან 5 წლის შვილი აცრემლებული დახვდა, რომელმაც სრულად მოუთხრო ყურშას ამბავი. მიხვდა ყველაფერს რაჟდენა და ვითომც არაფერი იცოდა, ისე შევიდა სამზარეულოში, სადაც წინასწარ გამზადებული სუფრა დახვდა. მიუჯდა რაჟდენა სუფრას და სიდედრმაც შავი ღვინით სავსე გრაფინი წინ დაუდგა.

- არა, შაქროვნა, დღეს ვერ დავლევ, - იუარა სიძემ.

- რას ამბობ, შვილო, ეს ღვინო ჩემმა ბიძაშვილმა სოფლიდან გამომიგზავნა და უნდა გასინჯო, - შეევედრა სიდედრი.

- კარგი, რახან მთხოვ... - დაყაბულდა სიძე და სადღეგრძელოს გარეშე გადაკრა ერთი ჭიქა. ერთს მორე მოჰყვა, მეორეს მესამე, მეოთხე. დედა-შვილი რაჟდენას გაკვირვებული მისჩერებოდა. სწორედ აქ მოხდა ის, რის გამოც ცოლი და სიდედრი საავადმყოფოში მოხვდნენ.

მეხუთე ჭიქის შემდეგ რაჟდენამ მოულოდნელად ღრენა დაიწყო, ღრენას გაბმული ყეფა მოაყოლა, შემდეგ ოთხ ფეხზე დადგა და სიდედრისკენ საკბენად გაიწია. ცოლი იქვე მდგარ დივანზე მიესვენა გულწასული, ხოლო სიდედრი კივილით გავარდა გარეთ, თუმცა ჭიშკრამდე ვეღარ მიაღწია, მასაც გული შეუღონდა..

გაიოზ ცხვარაძე, თბილისი