სააკაშვილს ხელისუფლებაში ყოფნა 2030 წლამდე უნდა!.. - კვირის პალიტრა

სააკაშვილს ხელისუფლებაში ყოფნა 2030 წლამდე უნდა!..

"რევოლუცია ჭამს თავის შვილებს" - ეს ცნობილი გამონათქვამი საქართველოში 2003 წლიდან უფრო აქტუალური გახდა. ჩვენივე თვალით ვხედავდით, თუ როგორი ფორმებით "მიირთმევდა" რევოლუცია თავის შვილებს,

მერე ეს შვილები როგორ გადადიოდნენ ოპოზიციაში და როგორ გვპირდებოდნენ რევოლუციის მონაპოვარი ხელისუფლების დამხობას. თუმცა ისიც დავინახეთ, რომ "შეჭმული" შეჭმულად დარჩა და რევოლუციას ყელში არც არავინ გასჩხერია. დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი შემოქმედია. ოღონდ ეგაა, რომ რევოლუციამ ჯერ მისი ტელევიზია "შეჭამა", მერე კი მასაც მიადგა. ბატონი ეროსი კიწმარიშვილი ახალი ქართული ტელესივრცის ერთ-ერთი ფუძემდებელია. წელს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორობის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და დამარცხდა. მასთან ინტერვიუ, რა თქმა უნდა, ტელევიზიით დავიწყეთ.

- ბატონო ეროსი, ამბობენ, ახალ ტელევიზიას ქმნისო, რა ერქმევა, "რუსთავი 3"?

- ვინ გითხრათ ეს ამბავი?

- რა ვიცი... გავიგეთ. მეტს რას ვაკეთებთ ჩვენ?

- არასწორად გაგიგიათ. მე ახალი ტელევიზიის შექმნა კი არ მინდა, მინდა საერთოდ ტელესივრცის მდგომარეობის შეცვლა საქართველოში.

- ის ანეკდოტი გაგვახსენდა, ოქროს თევზი რომ ეტყვის მეთევზეს, რუკა მოიტანეო... შეძლებთ მერე მაგას?

- შეუძლებელი არაფერია, თუ მოვინდომებთ. ადამიანი მთვარეზე გაფრინდა, მარსზე სამოგზაუროდ დადის და საქართველოს ტელესივრცის გამოსწორებას რა უნდა?

- ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ მთვარეზე გაფრენა უფრო ადვილი გვგონია ჩვენ, ვიდრე პირველი არხის გამოკეთება.

- მე პირველ არხთან დაკავშირებით ჩემი პროგრამა მაქვს. პირველ რიგში, უნდა გაიყიდოს ეს შენობა თავის მიწიანად და ტელევიზია გადავიდეს სადმე, შეიძლება უფრო პატარა, მაგრამ კომფორტულ შენობაში, თუნდაც ქალაქგარეთ.

- ეგ ადვილია. მერე რას ვშვრებით?

- მერე ვცვლით მუშაობის სტილს. იქ ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელი სტილით მუშაობენ, ანუ მენეჯმენტი არის საბჭოთა. წარმოიდგინეთ, იქ რა მდგომარეობაა! არის რაღაც გაურკვეველი დერეფნები, ჩაკეტილი სივრცე, ოთახში სხედან Aადამიანები, მაგრამ არ იციან, რა ფუნქცია აქვთ...

იცი, ამათ რა ჰგონიათ? - ქართველი ხალხი არის დროში ჩარჩენილი, თვითონ კი არიან ბევრად წინ წასულნი და ახლა უნდათ, რომ შექმნან ახალი ჯიშის ქართველი.

- და ისიც ხომ არ იცით, როგორი იქნება ეს ახალი ქართველი?

- რა თქმა უნდა, ვიცი! ხელისუფლების მორჩილი უნდა იყოს, ანუ ეს იქნება ისეთი ტიპისა, ბოლშევიკები რომ იყვნენ: "მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, თუ პარტია მეტყვის ამას".

- ბატონო ეროსი, თქვენი და გივის ცნობილ დაპირისპირებაზეც გვინდა გკითხოთ. გივის და მთავრობას სხვები უფრო მეტს ლანძღავენ, მაგრამ კალამი არავისთვის უსვრია, თქვენ რა უთხარით ასეთი?

- მე გივი თარგამაძესთან რა დაპირისპირება უნდა მქონდეს, ან რა საქმე მაქვს საერთოდ მასთან. მისი გაბრაზების მიზეზი კი ის გახლდათ, რომ სიმართლე ვთქვი. იგი ყოველ წუთს გადიოდა და რეკომენდაციებს იღებდა, თუ როგორ  უნდა ემოქმედა, ალბათ ზევიდან უთხრეს, პასტა ესროლეო, თორემ თვითონ დამოუკიდებლად ვერაფერს იზამს.

- ოპოზიციაზე რაღას იტყვით? შეძლებენ რაიმეს?

- ოპოზიციამ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ დიალოგი არ დაიწყო ბევრად ადრე, თუნდაც, 9 აპრილამდე... უნდა მოეთხოვათ ვადამდელი არჩევნები.

- და მოიგებდნენ?

- თუ ვერ მოიგებდნენ, საკონსტიტუციო უმრავლესობა ხომ აღარ ეყოლებოდა მიშას. ახლა კი ჰყავს და კონსტიტუციის შეცვლის საშიშროებაც არსებობს.

- ანუ, პრემიერ-მინისტრად...?

- ადვილი შესაძლებელია, ამათ ხომ 2030 წლამდე უნდათ ხელისუფლებაში დარჩენა...

- რას ამბობთ?

- ნუ გეშინიათ, 2013 წლამდე შეიძლება მართლაც დარჩნენ, მაგრამ თუ კონსტიტუციას შეცვლიან, იმ შემთხვევაში, 2013 წლამდეც ვეღარ დარჩებიან.

- დავიჯეროთ, ვანომ ის შენობა 4 წლით აიშენა?

- კარგი რა, ხალხო, რა გახადეთ ეს ვანო უძლეველი რაინდი. მე ვანო მერაბიშვილი მახსოვს იქიდან, როცა მისი ოცნება იყო მხოლოდ ის, რომ ახალციხის ცენტრში ჰქონოდა დიდი სავაჭრო ცენტრი. ეს იყო სულ რაღაც 6 წლის წინ. მას შემდეგ რა შეცვლიდა?

- კარგი ოცნება ჰქონია, მაგრამ რად გინდა, ვერ აისრულა. სავაჭრო ცენტრი უნდოდა და შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნეს...

- აბა... ბედი არ გინდა? თუმცა ჯერ ადრეა, ასე თუ გააგრძელებს ეს ხელისუფლება, მალე აისრულებს ვანო თავის ოცნებას.

- "რუსთავი 2"-ზეც ვთქვათ. ერთ შედარებას მოვიყვანთ, - "რუსთავი 2" თქვენთვის იგივე გამოდის, რაც მამისთვის ქალიშვილი: გაზრდის წვალებით, მოვა მერე ვიღაც და... წაართმევს.

- შვილი შეიძლება ცუდი ან კარგი გამოგივიდეს და შეიძლება მოიძულო კიდეც. ჩემთვის "რუსთავი 2" მეტია. ერთ რამეს გავიხსენებ: 2000 წელს აწ განსვენებულ ბადრი პატარკაციშვილს უნდოდა ჩემგან ეყიდა "რუსთავი 2". მე მოსკოვში ჩავედი ჩემს მეგობართან, რომელიც გახლდათ ერთ-ერთი ტელევიზიის დამფუძნებელი (შემდეგ ეს ტელევიზია გაყიდა), მან მითხრა: - ეროსი, როცა ტელევიზია გავყიდე, მთელი წელი ისეთი შეგრძნება მქონდა, მეგონა, ჩემი ცხოვრება და ჩემი სული გავყიდეო. ჩამოვედი და ბადრის უარი ვუთხარი. Aაი, ეს არის ჩემთვის "რუსთავი 2".

- აპირებთ მისთვის ბრძოლას?

- რა თქმა უნდა, ვაპირებ. შეიძლება მთლიანად ვერ დავიბრუნო, მაგრამ იმ 30%-ს, რომელიც მეკუთვნის, აუცილებლად დავიბრუნებ.

- ანუ, თუ ეს მოხდა, 30% სიმართლეს ვიხილავთ "რუსთავი 2"-ზე?

- დასაწყისისთვის 30% ცოტა არ არის.