გაცოცხლებული "პუსკია" - კვირის პალიტრა

გაცოცხლებული "პუსკია"

ხაშურელ ზურაბ ლურსმანაშვილს სამსახურში მისვლისას ბუღალტერი მანია ჭაღაშვილი ძალზე დაღვრემილი დახვდა. მოწყენის მიზეზს რომ შეეკითხა, მანიამ უპასუხა,

რომ დილით საყვარელი ძაღლი "პუსკია" მოუკვდა და დამარხა. ზურაბმა მანიას უთხრა, ძაღლი საჩქაროდ ამოეთხარა და ოთახში თბილად შეენახა, ხოლო თავისი მეგობარი ვეტექიმი, რომელსაც არაერთხელ გაუცოცხლებია შინაური ცხოველი, მის ძაღლსაც გააცოცხლებდა. მანია უფროსს გაეთავისუფლა და საჩქაროდ შინ გავარდა.

ზურაბს ეს შემთხვევა უკვე დავიწყებული ჰქონდა, როდესაც რამდენიმე დღის შემდეგ მასთან კაბინეტში შევიდა შეწუხებული მანია და ეუბნება: - თუ მოგყავს, მოიყვანე ნაცნობი ვეტექიმი, რომ გამიცოცხლოს ძაღლი, რადგან მისმა სუნმა მეზობლები დანასისხლად გადამკიდაო.

სიცილისგან გულწასული ორმეტრიანი ზურაბ ლურსმანაშვილის მოსულიერებას მთელი სამსახურის ქალთა შემადგენლობის დიდი მცდელობა დასჭირდა.

თემურ გიკაშვილი, თბილისი