"...და მტერს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები" - კვირის პალიტრა

"...და მტერს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები"

უკან ვბრუნდებოდით გამარჯვებული ქალები.

200 ლარი გვიმშვენებდა ჯიბეს

- ქუდზე ქალი! ქუდზე ქალი!  - ჩამესმა სისხამ დილით. ფეხზე წამოვვარდი და ფანჯრიდან  გადავიხედე:

- რა ხდება? - ვკითხე შეშინებულმა "ქუდზე ქალის" დამყვირებელს.

- ოპოზიცია შემოგვესია! - მიპასუხა მან და ყვირილი განაგრძო.

ოპოზიცია შემოგვესია, სამშობლო გასაჭირშია?! - გამიელვა თავში.  დიდი პოეტის ლექსი გამახსენდა: "ისე მტკიცედ იდგნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი, გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი!" სისხლი ამიჩქროლდა. არავისზე ნაკლები ქალი არა ვარ, - გავიფიქრე გულანთებულმა. მსწრაფლ ავისხი საარჩევნო სია და ნაციონალების შტაბში გავემართე. იქ უკვე შეკრებილიყვნენ ჩემსავით გულანთებული, პატრიოტი ქალები. შტაბის უფროსი "იარაღს" არიგებდა. მეც მერგო ჩემი წილი - 30-ლარიანი მონო და სამარშრუტო ტაქსი. შემდეგ უფროსმა სიტყვით მოგვმართა:

- ჩემო გმირო "ნაციონალნო"! თუ ერთად ვიქნებით, არათუ დაშლილი, გაერთიანებული ოპოზიციაც ვერაფერს დაგვაკლებს. უკან დასახევი გზა მოჭრილია, ყველა საარჩევნო უბნის კარები ჩახერგილია, ან გამარჯვებული გამოვალთ იქიდან, ან დავიღუპებით!

დრო ცოტა იყო. მტერი საარჩევნო უბნებთან დაბანაკებულიყო. სწრაფად ჩავჯექი სამარშრუტო ტაქსიში და ბრძოლის ველისკენ გავეშურე. ვხედავ, საიდუმლო ბილიკით მოემართებიან ოპოზიციონერები. სწრაფად ამოვიღე ტელეფონი და გადავრეკე სადარბაზოში. ჩემს დაძახილზე 25 "მეომარი" მოვიდა.

- ჩქარა მარშრუტკაში! - დავიყვირე მე და 150 ბიულეტენი ვიშიშვლე.

- გიგი! გიგი! გიგი! - ატეხეს ყვირილი "მეომრებმა" და ყველანი დავიძარით ბრძოლის ველისკენ.

პირველად გზად კაცი გადაგვეღობა, მარკირების სითხე უნდა დაგასხათო, ადვილად მოვიგერიეთ დამხვდური. მერე კომისიის ჩვენიანი წევრებიც მოვინახულეთ, რომლებიც მანამდე იყვნენ ჩართული ბრძოლაში. ბოლოს ჩვენი ბრძოლის დროც დადგა - ახლახან აღებული პირადობებით შევესიეთ კომისიის წევრებს. სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გაჩაღდა.

ბიულეტენი გაუვარდა ჩემს ერთ რაზმელს, სწრაფად მივარდა მეორე და ხელში აიტაცა, მასაც გააგდებინეს, მერე მესამე მივარდა და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ 9 ბიულეტენი არ ემსხვერპლა ამ ლოკალურ ბრძოლას. ბოლოს მე მივვარდი, ოპოზიციონერ კომისიის წევრს ჯიბეში კონვერტი ჩავუცურე. გატყდა მტერი. 35 ბიულეტენი ჩავაგდე პირადად მე. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. უბანზე მალე ბიულეტენები გამომელია. თავისი მომაწოდა მესამე სადარბაზოს მაყვალამ. ისიც ჩავაგდე.

უეცრად ერთმა რაზმელმა ბიულეტენები დაყარა და დამიყვირა, მე თქვენკენ არა ვარ, ოპოზიციისკენ ვარო!

ისევ გადაიხარა ბრძოლის სასწორი. შტაბის უფროსმა დამირეკა მოულოდნელად, არსებული მდგომარეობა მომახსენეო. - ვაგებთ. ჩვენ გვიღალატეს, - ტირილით მივუგე მე და მოღალატის სახელი ვუთხარი.

- ნუ გეშინია, - გაეცინა შტაბის უფროსს, მაგისი შვილი კარგ ადგილას მუშაობს და...

გული და სული მოუვიდათ "ნაციონალებს" ამის გახენებაზე. ისევ ჩვენკენ გადმოვიდა ის მოღალატე ქალბატონი.

მალემსრბოლი მოიჭრა ცენტრიდან. ვაკე გვიძალიანდებაო, მთელი ძალები ვაკისკენ უნდა გადავისროლოთო, ახალი პირადობები და მონოები დაგვირიგეს შტაბში. ნაშუადღევს გავეშურეთ ვაკისკენ, ალყაში მოვაქციეთ და 5000 პირადობის მოწმობა ვესროლეთ მტერს. მზე დაბნელდა ლამის. ისევ გამოჩნდა მშველელი. ოპოზიციას ხალხი აღარ ჰყავსო, გვაცნობა. მთელი ძალებით გადავედით შეტევაზე.

ადგილობრივი ქალები იბრძოდნენ მედგრად. 6 საათზე უკვე 20000 ბიულეტენით ვჯობნით მტერს. ვიღაც დამკვირვებელი ქირქილებდა ჩუმად, ამორძალებით იბრძვიან "ნაციონალნი" თბილისშიო. საღამოს 8 საათისთვის კვლავ ჩვენკენ გადმოიხარა ომის სასწორი. სრული გამარჯვება ჩვენს მხარეს იყო. 2 დღე ვდიეთ მტერს, სანამ საარჩევნო უბნების სამანებს არ გადაშორდნენ. მერე კი ალაფის გასაყოფად დავბრუნდით უკან.

3500000 ბიულეტენი ეყარა ჩვენს მხარეს. 100 ათასს ვერ აღწევდნენ ოპოზიციონერნი. ბრწყინვალე გამარჯვება ჩვენს ხელთ იყო. 5-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისი ისევ შემოვიერთეთ. გული მოულბა ჩვენს მეთაურს. ოპოზიციონერების გინება აკრძალა ქალაქში. ტელევიზიებიც მისცა სალაქლაქოდ.

უკან ვბრუნდებოდით გამარჯვებული ქალები. 200 ლარი გვიმშვენებდა ჯიბეს. 2012 წელს ისევ დასჭირდებით სამშობლოს, - გვითხრა მეთაურმა და გამარჯვება კიდევ ერთხელ მოგვილოცა.

2010 წლის 31 მაისი თენდებოდა.

ვარდობისთვე ილეოდა თბილისში.

ისევ ჩამესმოდა დიდი პოეტის სიტყვები:

"ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები,

მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები,

მამაკაცებს გვერდით ედგნენ,

ვით ფოლადის ფარები

და მტერს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს

ქალები!"