ცხოვრებისეული კურიოზი - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზი

მდიდარი მეღვინე

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა იმერეთის ერთ-ერთ სოფელში. ღვინის დაყენების უბადლო მცოდნე კოლიამ, რომელიც ასევე წუწურაქობით იყო სოფელში ცნობილი, ერთ დღეს, მოულოდნელად, მეზობლები დაპატიჟა, ახალი ღვინო დამიჭაშნიკეთო. ყველას გაუკვირდა. შესანიშნავი პურმარილი გაეშალა მასპინძელს. შუა ქეიფში შეზარხოშებული გივი ხუმრობის ხასიათზე დადგა:

- კოლია, 40 წლის წინ ცოლი რომ შეირთე, იმის შემდეგ შენი ღვინო არ გამისინჯავს, დღეს რა დაგემართა, ნათელას გაშვებას ხომ არ უპირებ?

- მომინდა, ბიჭებო, თქვენთან ქეიფი, თანაც წელს დიდი მოსავალი მაქვს, - უპასუხა გაღიმებულმა კოლიამ.

- რამდენი დაწურე წელს? - სერიოზულად ჰკითხა მეორე მეზობელმა.

- როგორ გითხრათ, ჩემი საწნახელი ხომ იცით, როცა შიგნით ვიდექი საჭყლეტად, ყურძნის წვენი წელამდე მწვდებოდა.

წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა. საწყალი სტუმრები ერთმანეთს ასწრებდნენ ჭიშკრისკენ.

მიხეილ ობოლაძე, ქუთაისი