"მე მოდელირებულ "ქრონიკას" ეთერში არ გავუშვებდი" - კვირის პალიტრა

"მე მოდელირებულ "ქრონიკას" ეთერში არ გავუშვებდი"

როგორც იცით, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების საპარიკმახეროებში არის გამაფრთხილებელი წარწერა: "თუ გსურთ უსაფრთხოდ გაპარსვა, დალაქს ნუ დაუწყებთ საუბარს ფეხბურთსა და პოლიტიკაზე".

საქართველოში ალბათ ყველგან შეიძლება ამის მიწერა. დღეს სწორედ ამ ორი სფეროს შესახებ გვინდოდა გვესაუბრა და სწორედ ამიტომ ინტერვუი ჟურნალისტს, ტელევიზიების კარგ მცოდნეს და არგენტინის გულშემატკივარს, ბატონ ბიძინა ბარათაშვილს ვთხოვეთ.

- ბატონო ბიძინა, საქართველომ ერთი თვით ახალი ცხოვრება დაიწყო...

- არა მხოლოდ საქართველომ, მთელმა მსოფლიომ. ეს ჩემპიონატი ძალიან საინტერესო იქნება, რადგან ბევრი კარგი გუნდია.

- თქვენ ვის გულშემატკივრობთ?

- მე, პირველ რიგში, არგენტინას და მთლიანად სამხრეთამერიკულ გუნდებს, გარდა ბრაზილიისა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილია და არგენტინა მუდმივი "მტრებია", არ გამიჭირდება ვაღიარო ბრაზილიის სიძლიერე.

- მგონი ქართველები შევიცვალეთ, არც ოპოზიციას გასჭირვებია "ნაციონალების" სიძლიერის აღიარება.

- პოლიტიკა ნაკლებად მაინტერესებს, რაც შეეხება ფეხბურთს, ბრაზილიის მიერ შეტანილი წვლილი მსოფლიო ფეხბურთში უდიდესია და ამის არდანახვა როგორ შეიძლება?

- ჩვენს ნაკრებს როდის ვიხილავთ მუნდიალზე?

- როცა ფიფა გადაწყვეტს ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებას. ამ შემთხვევაში, როგორც მასპინძლები, შესარჩევი ციკლის გარეშე მოვხვდებით. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ისე კი, როგორც ყველა, მეც უკმაყოფილო ვარ ჩვენი ნაკრებით, მაგრამ ნამდვილად არ მაქვს ილუზია, რომ ქეცბაია ჯადოქარია და ჯოხის ერთი აქნევით გააჩენს ახალ ფეხბურთელებს. ამას სჭირდება დრო და მიზანმიმართული საფეხბურთო პოლიტიკა, ასევე ბიზნესმენების დაინტერესება ფეხბურთით.

- ბატონო ბიძინა, "იმედს" და საერთოდ ტელევიზიას რომ ვერ ავცდებით, ხვდებით ალბათ, ამიტომ მოდი, პირდაპირ შეგეკითხებით, რა ხდება "იმედში" თქვენი წამოსვლის შემდეგ? ახალი პროექტები დაიწყო.

- აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, რომ დღეს "იმედში" ხდება ორიენტირება კომერციულ პროექტებზე, ასეთ მიდგომას აქვს გამართლება, რადგან ტელევიზიისთვის მთავარი ფულია, რაც შეეხება ჩემს დროს, ჩვენ გვქონდა იმის ფუფუნება, რომ გვქონოდა საზოგადოებრივი არხის გარკვეული ფუნქციები, რადგან ბიუჯეტის იმ დანაკლისს, რაც კომერციულ გადაცემებს უნდა შეევსო, პატარკაციშვილის ფონდი ავსებდა.

- გასართობ და შემეცნებით გადაცემებთან დაკავშირებით კი ბატონო, მართებულია "იმედის" პოლიტიკა, მაგრამ მინდა შეგახსენოთ ხალხში გავრცელებული აზრი: "იმედმა" "რუსთავი 2"-ს აჯობა, - ხელისუფლებასთან ურთიერთობას გულისხმობენ.

- პირადად მე პოლიტიკურად ტელევიზიას არასოდეს ვუყურებ, არც მაშინ, როცა მე ვიყავი ხელმძღვანელი და არც ახლა, როცა სხვები არიან.

- თქვენ მაშინაც იყავით, როცა სამთავრობო გახდა, თუმცა მთლიანად სამთავრობოაო ვერ ამბობდნენ...

- ესეც შეიძლება იმ გუნდის დამსახურებად ჩავთვალოთ, ვინც დღეს ხელმძღვანელობს "იმედს". ესეც მათი გადასაწყვეტია.

- მოდელირებულ "ქრონიკას" თქვენ გაუშვებდით ეთერში?

- მე მოდელირებულ "ქრონიკას" ეთერში არ გავუშვებდი, არავითარ შემთხვევაში.

- ალბათ იცოდნენ ზემოთ, რომ თქვენ წინააღმდეგი იქნებოდით და ამიტომაც გაგათავისუფლეს.

- არა, ჩემი გათავისუფლება უფრო ადრე მოხდა. 2009 წლის 1-ლი სექტემბრიდან მე აღარ ვმონაწილეობდი არხის ყოველდღიურ ცხოვრებაში. როცა ხვდები, რომ ზედმეტი ხარ, უნდა წამოხვიდე.

- კი მაგრამ, ბატონო ბიძინა, "რუსთავი 2" ხომ თავიდანვე მაგათი იყო, რატომ იქ არ გაუშვეს მოდელირებული "კურიერი"?

- ეტყობა "რუსთავი 2"-ში უფრო მეტი პროფესიონალი მუშაობს და მიხვდნენ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება.

- კარგი, მოდელირებულ "ქრონიკას" გასაგებია, რომ არ გაუშვებდით, არც "ღამე შორენასთან"?

- კიდევ ერთხელ გიმეორებთ, მიდგომა გვქონდა სხვა, მაგალითად, ჩვენ არ გვსურდა რეალითი შოუები, მხოლოდ ერთხელ გავუშვით და ისიც დამკვეთის სურვილით. საერთოდ, თუ გსურს, კარგი რეალითი შოუს გაკეთება, უნდა აჩვენო სექსი, ჩხუბი, ვიღაცის ლოგინში ჩაწვენა და ასე შემდეგ, სხვანაირად არ გამოვა. ჩვენ მაშინ არ გვინდოდა ამის გაკეთება, დღეს უნდათ და აკეთებენ.

- ყოფილი "იმედელების" პოლიტიკაში წასვლაა მოდაში, თქვენც ხომ არ აპირებთ?

- მე აპოლიტიკური ადამიანი ვარ და ღმერთმა დამიფაროს ოდესმე მომინდეს პოლიტიკაში წასვლა, სამსახური არ მაქვს და აგერ მშვიდად, მეგობრებთან ერთად ვუყურებ ფეხბურთს სპორტკაფეში.

- გასაგებია, მაგრამ უმუშევრად თქვენი ყოფნა კარგი არ არის, არჩევნებში გამარჯვებული პარტია კი დაგვპირდა დასაქმებას, მაგრამ...

- ნამდვილად არ ვაპირებ დიდხანს უმუშევრობას, მაქვს რაღაც მოლაპარაკებები, მაგრამ ახლა მთლიანად ფეხბურთზე ვარ ორიენტირებული და ამისთვის არ მცალია.

- ანუ "იმედს" ჩამოშორდით?

- როგორ გითხრათ, "იმედის" შექმნაში რაღაც წვლილი მეც მიმიძღვის და აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვუგულშემატკივრებ და რამე ცუდი რომ მოხდეს, ნამდვილად არ გამიხარდება.

- ცუდი რა უნდა მოხდეს, მგონი აწი "იმედში" ნიღბებით აღარავინ შევარდება...

- ეგ ღმერთმა ნუ ქნას.