მცირე წინასწარმეტყველებები - კვირის პალიტრა

მცირე წინასწარმეტყველებები

იმის გამო, რომ წინასწარმეტყველება მომგებიანი ბიზნესი გახდა, ჩვენც გაგვიჩნდა სურვილი გვეწინასწარმეტყველა. დავიწყეთ და მშვენივრად გამოგვივიდა.

ახლა დღეში უკვე 20 წინასწარმეტყველებას ვწერთ, გვინდა გამოვუშვათ საკუთარი გაზეთი, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, "კვირის პალიტრის" საშუალებით მოგაწოდებთ მცირე და მნიშვნელოვან წინასწარმეტყველებებს საქართველოსა და მსოფლიოზე. მაშ ასე, 2100 წლამდე:

2011 წელს მოხდება დიდი ოპოზიციური გაერთიანება.

2012 წელს ამერიკის პრეზიდენტი გახდება ჯონ მაკკეინი და დაიშლება დიდი ოპოზიციური გაერთიანება.

2013 წელს კონსტიტუცია შეიცვლება და ქვეყნის პრეზიდენტად ერთი და იმავე პირის უკვე მესამედ არჩევა შეგვეძლება.

2014 წელს ამერიკის კინოაკადემია დააწესებს ოსკარის ახალ ნომინაციას - "ყველაზე საწყალი ფილმი".

2015 წელს ,,ოსკარს" აიღებს "ოცნების ქალაქი".

2016 წლის სექტემბერში რუსეთის თავზე შავი ღრუბლები მოიმატებს. შესაბამისად, ოქტომბერში მთელი რუსეთი დაიფარება თოვლით.

2017 წელს ბუდაპეშტის სამიტზე მივიღებთ ნსმგ-ს (ნატოში სულ მალე გაწევრების) პროგრამას.

2018 წელს კონსტიტუციაში შევა ცვლილება, რის მიხედვითაც უკვე მეოთხედ შეგვეძლება ერთი და იმავე პირის პრეზიდენტად არჩევა...

2019 წელს შევალთ ნატოში.

2020 წელს დაიშლება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი.

2021 წელს ბრაზილიაში მოხდება უდიდესი წყალდიდობა და მიწისძვრა, რის შედეგადაც საქართველოში ჩამოსახლდება 5000 ბრაზილიელი.

2022 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშებს საქართველოს ეროვნული ნაკრები.

2023 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შევა ცვლილება...

2024 წელს ვიქტორია რუფოს 3400-ე საიუბილეო სერიალში გადაიღებენ.

2025 წელს მსოფლიოს ყელში ამოუვა "ნოკიას" საფირმო ზარი.

2026 წელს ჯოან როულინგი განაცხადებს, რომ წიგნი "ჰარი პოტერი და მეჭეჭიანი სოკო" მისი ბოლო წიგნია.

2027 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შევა ცვლილება...

2028 წელს პარლამენტის წევრები: გიგი წერეთელი და მიხეილ მაჭავარიანი გახსნიან სკოლას სახელწოდებით - "დეპუტატის ლამპარი".

2029 წელს "კომედი შოუს" კოლექტივი გადაწყვეტს ახალი გადაცემის შექმნას.

სამწუხაროდ, 2028 წლის შემდეგ ვეღარ ვხედავ თანამიმდევრობით წლებს, ამიტომ ძირითად მოვლენებს გაგაცნობთ, მაშ ასე:

2032 წელს კონსტიტუციაში ისევ შევა ცვლილება... მეექვსედ შევძლებთ იმავე პირის პრეზიდენტად არჩევას.

2045 წელს გადაცემა "პატრული" დაიწყება ასე: "მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დაბალი სიჩქარით (20 კმ/წმ) ვმოძრაობდი, შევეჯახე ბორდიურს, გადავვარდი წყალში და ნავიგატორული სისტემის წყალობით მეორე ნაპირზე ადვილად გავედი, მადლობა პატრულს."

2050 წელს დედამიწას დაერქმევა ჩინეთი.

2055 წელს მარსიდან ჩამოვა ვაჟთა ვოკალური ანსამბლი და იმღერებს "ჩაკრულოს".

2057 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შევა ცვლილება...

2060 წელს გაერო მიხვდება, რომ ტყუილად არსებობს და დაიშლება.

2065 წელს მთვარიდან ჩამოვა კომბოსტოსთავიანი არსება, რომელიც განაცხადებს, რომ ეძებს მამას, გვარად არმსტრონგს.

2080 წელს იქნება ახალი ტიპის კაფეები, სადაც კვება ბლუთუზით მოხდება.

2100 წელს... ამ სტატიის მკითხველო, რაში გაინტერესებს რა მოხდება?