იდეების გენერატორი 2 - კვირის პალიტრა

იდეების გენერატორი 2

მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე, მე, როგორც ქართული ეკონომიკის აღმშენებელმა, ბურჯმა და სიდიადემ უაღრესად დახვეწილი, ერთი შეხედვით ადვილი და შესაბამისად გენიალური იდეა ვშვი.

გადავწყვიტე, ბიუჯეტი ერთი მარტივი ოპერაციით გამეზარდა 7-ჯერ. იდეის არსი მდგომარეობდა შემდეგში: საქართველოს მთელი ბიუჯეტი ბრაზილიის ჩემპიონობაზე უნდა დაგვედო, რომელსაც კოეფიციენტი ზუსტად 7 ჰქონდა.

ეს იდეა ზემდგომ ორგანოებს მოვახსენე, რომლებიც ერთ ოთახში შეკრებილიყვნენ და მხოლოდ იმასღა ფიქრობდნენ, რომელი მაღაზია დაელუქათ და დაეჯარიმებინათ, რომ ბიუჯეტი შეევსოთ. ჩემმა იდეამ, რომ იტყვიან, სულზე მიუსწრო და ისე გაუხარდათ, როგორც ებრაელებს ზღვის შუაზე გაყოფა. სულ უფროსმა ლიონელ მესივით ოსტატურად  აუარა გვერდი მის მოადგილეს და გადამეხვია.

2 სათის შემდეგ ტელევიზორში უკვე აცხადებდნენ ბიუჯეტის გაზრდის ამ იდეალურ შესაძლებლობას. პრეზიდენტი იძახდა, ხომ ვამბობდი, პენსია 100 დოლარი იქნება-მეთქი, არც პრემიერ-მინისტრი და ფინანსთა მინისტრი ჩამორჩებოდნენ მას და ინვესტიციები სულ აღარ გვინდა, ავშენდითო, – სიხარულით გაჰყვიროდნენ.

ქალაქის მერიც გამოჩნდა და იდეა კიდევ უფრო გააძლიერა, -  მოდი, თბილისის ბიუჯეტიც მაგაზე დავდოთო, რასაც მქუხარე ტაში და ოვაცია მოჰყვა. მოკლედ, ზეობის ზენიტში ვიყავი, მაგრამ განა ეს ცხოვრება დიდხანს გაახარებს ვინმეს? ჩემს იდეასაც გამოუჩნდნენ მტრები და მოშურნენი. თვითონ პრეზიდენტის გუნდი გაიყო ორად, როცა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ რა ბრაზილია, რის ბრაზილია, არგენტინაზე უნდა დავდოთო, თუ არ დამიჯერებთ, ოპოზიციაში გადავალო.

მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა, ისევ პრეზიდენტმა იმარჯვა და გიგა დააწყნარა, ჰა შენ ნახევარი ბიუჯეტი და არგენტინაზე დადეო, მაგრამ კონფლიქტი ამით არ ამოწურულა, ადგილობრივი არჩევნებით საეჭვოდ დადუმებულმა ოპოზიციამ, კერძოდ "ალიანსმა" განაცხადა, ჩემპიონი ესპანეთია და იმაზე დადეთ, თორემ ქუჩის აქცია არ აგცდებათო.

მთავრობა გამოუვალ სიტუაციაში იყო, თუმცა "ალიანსშიც" იჩინა უთანხმოებამ თავი, რესპუბლიკელები ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონობას ფიქრობდნენ, ხოლო "ახალი მემარჯვენეები" - ინგლისის. ამ შეფერხებით ადვილად ისარგებლეს "ნაციონალებმა" და ბიუჯეტის ნაწილი ბრაზილიის ჩემპიონობაზე დადეს.

-  ფორცა იტალია, ფორცა იტალია! - მოვარდა უცებ უამრავი ხალხით რუსთაველზე "გრეჩიხა" და მთავრობას 24-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა. თუ სააკაშვილი 24 საათში არ დადებდა იტალიის მოგებაზე, მაშინ რევოლუციითა და ჭექა-ქუხილით იმუქრებოდა.

ქვეყანა აირია, ნათელაშვილმა ვუვუზელებით გააყრუა ქუჩა და როგორც ყოველთვის, უცნაური განცხადება გააკეთა:

- ბოიკოტი ამ მსოფლიო ჩემპიონატს! ბოიკოტი ფავორიტ გუნდებს! მე ვითხოვ, რომ ალჟირის კუთხურების მეტობა დაიდოს, ეს არის ყველაზე დემოკრატიული ფსონი.

- მერე რა, რომ რუსეთი არ თამაშობს, მაინც მასზე უნდა დავდოთ - სპეციალური პრესკონფერენცია მოაწყო რუსეთიდან ახლახან დაბრუნებულმა ნოღაიდელმა. მას ძიძიგურიც აჰყვა და დაამატა, რომ რუსეთზე ფსონის დადების შემთხვევაში შედეგი გვექნებოდა უზარმაზარი.

- მე ვფიქრობ, რომ ისტორიულად ძლიერია ურუგვაი, - დაიძახა გუბაზმა - 1930 წელს როცა მსოფლიოს ნაციზმისა და ფაშიზმის საფრთხე ემუქრებოდა, ურუგვაიმ მოახერხა მსოფლიო ჩემპიონობა, ამავე დროს შეგახსენებთ, რომ ბრაზილიას აართვა თასი 1954 წელს. ასე რომ, ფორლან წინ და ვითხოვ ურუგვაიზე დაიდოს ბიუჯეტი.

იყვნენ კიდევ წვრილ-წვრილი პარტიები, რომლებიც  შესაბამისად სლოვაკეთის, საბერძნეთისა და სერბეთის ჩემპიონობაზე ითხოვდნენ ფულის დადებას, თუმცა მათ იმდენად ცოტა მომხრეები ჰყავდათ, რომ მთავრობა არაფრად აგდებდა.

კი ბატონო, დავდოთ ბრაზილიაზე, - განაცხადეს "ქრისტიან-დემოკრატებმაც" - ოღონდ მარტო პირველ ტაიმში დავდოთ ბრაზილიის მოგებაზე, სულ ნუ გავრისკავთ.

მოკლედ, ქვეყანა ისევ დაიყო, ურუგვაისტებად, ბრაზილიისტებად, იტალიისტებად, ინგლისისტებად, რუსეთისტებად. ჩემი იდეა, რომელიც ქვეყანას განვითარებას უქადდა, როგორც ყველა იდეა საქართველოში, ჩავარდა და პრეზიდენტის ბრძანებით ბიუჯეტი დაიყო იმდენ ნაწილად, რომ ყველა პარტიას შესძლებოდა თავისი ფსონის დადება.

ერთი რამ იყო საინტერესო მხოლოდ, რომელიც ძალიან მიკვირდა, საქართველოზე ფსონს არავინ დებდა, არც მსოფლიო ჩემპიონატზე, არც ისე.