ალექსის ხელფასი - კვირის პალიტრა

ალექსის ხელფასი

ზესტაფონელმა ალექსი დ-მ იმ დღეს ხელფასი აიღო, ძმაკაცებთან ცოტა წაიქეიფა და რკინიგზის სადგურისკენ ბარბაცით გაუყვა გზას (ქუთაისში მიდიოდა ნათესავთან).

მატარებლის მოსვლამდე ორი საათი იყო და დარბაზში ჩამწკრივებულ სკამებზე არხეინად წამოწვა. მალე ჩაეძინა კიდეც. ცოტა ხნის შემდეგ ალექსის ახალგაზრდა ქალი დაადგა თავზე და მისმა წუწუნმა გარშემომყოფთა ყურადღება მიიპყრო.

- აბა, რა უნდა ვქნა ამის ხელში, ასეთი ქმრის ყოლას, მერჩივნა, სულ არ გავთხოვილიყავი. აიღებს ხელფასს, დათვრება და რაც ფული აქვს ჯიბეში, სულ კარგავს. კიდევ კარგი, შემთხვევით აქეთ მოვხვდი, თორემ დღესაც იმავეს იზამდა ეს უკუღმა დასამარხავი, უყურეთ ერთი, რომ არ იღვიძებს!.. - მოთქვამდა ქალი და თან ჯიბიდან ფულს აცლიდა. მალე ქალი დარბაზიდან გავიდა, მგზავრებმა თვალი გააყოლეს. ერთმა მოხუცმა მამაკაცმა დანანებით წამოიძახა, - მართლა ცოდვაა ასეთი კაცის ცოლიო.

მალე მატარებლის შემოსვლა გამოცხადდა. ხალხი შეჩოჩქოლდა. ალექსი წამოდგა და ხელი ჯიბისკენ წაიღო. ჯიბე, რა თქმა უნდა, ცარიელი დახვდა, გამწარებულმა მიმოიხედა და ის-ის იყო, რაღაც უნდა ეთქვა, რომ შუახნის ქალმა "დაამშვიდა":

- ნუ ნერვიულობთ, აქ თქვენი ცოლი იყო და ფული იმან ამოგაცალათ, რომ არ დაგკარგვოდათო.

- სადა მყავს ცოლი, სად? - წამოიძახა ალექსიმ და დარბაზიდან გავარდა გადარეული.

დარეჯან მჭედლიძე, ზესტაფონი