"ბე­ბო, შენს ქმარს გუ­ლი გო­უს­კ­დე­ბო­და, აბა, რა იქ­ნე­ბო­და" - კვირის პალიტრა

"ბე­ბო, შენს ქმარს გუ­ლი გო­უს­კ­დე­ბო­და, აბა, რა იქ­ნე­ბო­და"

ლევან მეგრელიშვილი 16 წელია, ჩოხატაურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმად მუშაობს და გასახსენებელი და მოსაყოლიც ბევრი აქვს. პარალელურად, ორ სხვადასხვა კლინიკაში თერაპევტად მუშაობს და გურულებსაც ძალიან უყვართ ექიმი ლევანი. ის ამბობს, რომ გურულ პაციენტებთან ურთიერთობა იოლი არ არის და აუცილებელია, ექიმს იუმორის გრძნობაც ჰქონდეს.

"ბებო, შენს ქმარს გული გოუსკდებოდა, აბა, რა იქნებოდა"

- ისევ ასაკოვან ქალთან ვიყავი გამოძახებაზე, რომელსაც მეუღლე ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და ამ ამბავს ძალიან განიცდიდა. გავსინჯეთ პაციენტი. ექთანი ლია კოროშინაძე მახლდა და ვუთხარი, - ლია, გაამზადე ინიექცია და გავუკეთოთ ნემსი კუნთში-მეთქი. ამასობაში მეც იქვე ჩამოვჯექი და მონაცემებს ვავსებდი. ძალიან შეყოვნდა ნემსის გაკეთება, შევტრიალდი და გაოცებული ვეკითხები ლიას, - რატომ არ აკეთებ ამდენ ხანს-მეთქი? იქვე იდგა მეზობლის ახალგაზრდა ქალი, რომელიც თურმე ხდიდა ბებოს საცვალს, რომ საჯდომი გაეთავისუფლებინა ექთანისთვის და უცებ ამ ქალის ხმა გავიგონე, მოხუცს უთხრა:

- ბებო, შენს ქმარს გული გოუსკდებოდა, აბა, რა იქნებოდა, ამდენ ხანს ჩახდას რომ დეიწყებდი და ვერ დაამთავრებდიო. თურმე ამდენი ხანი ხდიდა მეზობელი და ვერ გახადა, იმდენი ეცვა და ისეთი გრძელტოტიანი ფოხანები, რომ ბოლომდე ვერ ჩავიდა. ბევრი ვიცინეთ ამაზე, საბოლოოდ ბებოს ნემსიც გავუკეთეთ და წამოვედით. რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ მივედით იმავე მისამართზე, ისევ იქ იყო ეს ახალგაზრდა მეზობელი. გავსინჯე მოხუცი, მივეცი რჩევები და მთხოვა:

- ნამეტანი ახველებს ამ გოგოს და ფილტვებზე იქნებ მოუსმინოო.

სიცივე იყო ძალიან და გოგოს თხლად ეცვა, გულმკერდი მოშიშვლებული ჰქონდა:

- ნამეტანი მოგიშიშვლებია ეს გულმკერდი, - ვეუბნები და თან ვუსმენ ფილტვებს.

უცებ, ეს მოხუცი მოუბრუნდა მეზობელს და ეუბნება:

- ეე, ბებია, იმიზა მაცვია მე გრძელტოტიანი ფოხანები, რომ არ გავცივდე და შენ რომ არ გაცვია, ამიტომ ხარ გაციებულიო.

ასე გადაუხადა "სამაგიერო" მოხუცმა ბებომ.

იხილეთ სრულად