"სამშობლო ხევსურისა" - კვირის პალიტრა

"სამშობლო ხევსურისა"

უცხოეთში წასვლა მაშინ გადავწყვიტე, როცა ორი ჯანმრთელი, ათლეტური აღნაგობის გაზის ინკასატორი მომადგა და გადაუხდელობის გამო, ხელის რამდენიმე სხარტი მოძრაობით ჩემს მრიცხველს მილი უხეშად მოაშორა. ამას ორი გართულება მოჰყვა: ა) ცოლმა იკივლა ბ) სიდედრმა არაფრის გამკეთებელი მიწოდა.

ყოველივე ამით აღელვებულმა ჩემმა ტვინმა მომხდარი სწრაფად გადახარშა და უცნაური დასკვნა დადო - სასწრაფო წესით უცხოეთში უნდა წავსულიყავი ფულის საშოვნელად. ინკასატორების წასვლისთანავე სწრაფად გავაცანი ოჯახს ჩემი სამოქმედო გეგმა და ელჩთან წასასვლელად მოვემზადე. სიდედრის ტვინმაც ეტყობა, სწრაფად გადახარშა ყველაფერი და სიყვარულით გამიღიმა. მეც ცოლის მოწოდებული პასპორტი ჩავიდე ჯიბეში და ელჩთან წავედი.

- რატომ მიდიხარ უცხოეთში? - გაუკვირდა ელჩს და ოდნავ ბრაზიანად შემომხედა.

- მიჭირს, ბატონო, - მოვისაწყლე თავი.

- გიჭირს? - გადაიხარხარა ელჩმა, რა გიჭირს, აგერ მაქვს მონაცემები, საქართველო ეკონომიკით მე-11 ადგილზეა, კორუფციასთან ბრძოლით პირველზე, კეთდება გზები, რემონტდება სკოლები და იქმნება უამრვი სამუშაო ადგილი.

აქ პირველად დავეჭვდი, იქნებ მაქვს შემოსავალი და ვერ ვხვდები, – გავიფიქრე მომენტალურად, მაგრამ ადრინდელი გადაწყვეტილება აღარ შევცვალე და ელჩს ვკითხე, თუ რა საბუთები იყო საჭირო უცხოეთში წასასვლელად. ელჩმა ყველაფერი ჩამომიწერა, მათ შორის იყო ცნობა გამგეობიდან. Gგადავწყვიტე, საბუთების შეგროვება სწორედ ამ ცნობით დამეწყო.

- უცხოეთში ხომ არ მიდიხარ? - შემეკითხა გამგებელი და სკამი შემომთავაზა.

- კი ბატონო, - გამიკვირდა გამგებლის ექსტრასენსობა.

- იცით, რა კარგია მანდ? - ოცნებებში გადავარდა გამგებელი. - მე გამიშვეს ერთხელ საქმეზე და იცი, რა ვიგულავე? მაგარი შენობები ვნახე, ზოგი დანგრეული იყო ოღონდ და ალბათ გააკეთებდნენ.

- რა იყო დანგრეული? - დავინტერესდი.

- რავი აბა, რომში ბევრი დანგრეული შენობა იყო, ყველა მერია ჩვენსავით კარგად კი ვერ მუშაობს.

- აა, - გამიხარდა მე და აქ მეორედ დავეჭვდი, მომეჩვენა, რომ ბევრი შემოსავალი მქონდა, ხოლო ქალაქს საუკეთესო მერი ჰყავდა.

- ბატონო, ცნობა მინდა, იქ რომ წავიდე სამუშაოდ, - შევაპარე გამგებელს და ნეტარი სახით შევხედე.

- სამუშაოდ გინდა წასვლა? - შეეცვალა უეცრად სახე ჩემ წინ მჯდომს, - ეს ცოტა რთულია, ბანკში უნდა გედოს 100. 000 დოლარი, მერე კიდე, რომ მიდიხარ, სამშობლოს ვის უტოვებ, განა ეს არის პატრიოტიზმი? წამოდი ჩემთან, რა განახო!

გამგებელმა აივანზე გამიყვანა და 2 ახალდარგული ნერგი დამანახა.

- აი, ხედავ მთელი გამგეობა ვმუშაობთ იმისათვის, რომ მომავალმა თაობამ იცხოვროს კარგად, შენ კი ბრძოლაში გვტოვებ, აფერუმ, შენს ქართველობას!

მე სასოებით გადავხედე ნერგების წინ მდგარ ჯიპს, ნომრით "გამ 777" და იქაურობა დავტოვე.

ქუჩაში მიმავალს ჟურნალისტი შემომეყარა, რომელიც ტელევიზიისათვის ქუჩის გამოკითხვას ატარებდა.

- გამარჯობა, ქვეყანა ბედნიერია, ტრანსპორტი არის, დენი არის, გაზი არის, სამუშაოები არის, მთავრობა კარგია, ოპოზიცია ცუდია, პრესა თავისუფალია, დემოკრატია ყვავის, ხომ კარგია? - მკითხა მან.

- კი, კარგია, -  ვუპასუხე მე  და გზა განვაგრძე, უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობდი და ჩემი შემოსავლით ერთის კი არა, სამი ოჯახის რჩენა შემეძლო.

- გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას! -  ავტეხე ყვირილი ამ აღმოჩენით გახარებულმა, გაუმარჯოს პრეზიდენტს და მთავრობას! კიდევ მინდოდა ყვირილი, მაგრამ უეცრად, ერთმა კაცმა ხელი მტაცა და მითხრა:

- ოო, შენ კაი კაცი ჩანხარ, ახლა აქ პრეზიდენტი უნდა მოვიდეს და ქარხანა უნდა გახსნას. მოდი, მის უკან დადექი, შენი რა მიდისო.

მე სიხარულით დავეთანხმე, პირველად ცხოვრებაში, შანსი მომეცა ქვეყანას და პრეზიდენტს გამოვდგომოდი. ჩემი თანხმობით გახარებულმა უცნობმა ტომრიდან კასკა  და სამუშაო ფორმა ამოიღო და ამ საქმეში გაწაფულმა თვალის დახამხამებაში ჩამაცვა.

პრეზიდენტიც მალე მოვიდა  და იმნაირი დადებითი აურა შექმნა ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს შემოსავლებზე, წამლების სიიაფეზე, რა თქმა უნდა, დენსა და გაზზე, ბედნიერებაზე, სიკეთესა თუ მეობაზე, რომ უკვე მრცხვენოდა, ამ ქვეყნიდან უცხოეთში წასვლას რომ ვაპირებდი, ის კი არადა დამცინავი ღიმილით შევხედე ქუჩაში მიმავალ უცხოელ ტურისტს, ვინ იცის, იქ როგორ ცხოვრობენ საწყლები-მეთქი, გავიფიქრე და პრეზიდენტს სიყვარულით კიდევ ერთხელ შევხედე, რომელიც იმ მომენტში ჩემს ქალაქს ბარსელონაზე მაღლა აყენებდა.

მალე ყველაფერი დამთავრდა, მეც სახლში წავედი, ცოლს და სიდედრს ზუსტი, მათემატიკურად დაანგარიშებული სვლებით ავუხსენი, რომ ძალიან კარგად ვცხოვრობდით და შემოსავალიც კარგი გვქონდა, მაგალითად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (ეს სიტყვა მაგრად მიყვარს) მონაცემებს ვიყენებდი, ყველამ დაიჯერა და სიხარულით მეცხრე ცაზე იყვნენ, მხოლოდ ჩემი პატარა, 13 წლის ბიჭი გვიყურებდა ეჭვიანად, მას ხომ მაცივარი ახალი გამოღებული ჰქონდა.