ცხოვრებისეული კურიოზი - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზი

მოყვრები

ახალგაზრდობაში გოგო მოვიტაცე, იგი დღეს ჩემი ცოლია (გამიმხილა ერთმა ჭიათურელმა). სიმამრმა ისეთი სიტყვებით მლანძღა, არც მე და არც მის შვილს 15 წელი მის ეზოში არ შეგვიხედავს. 15 წლის შემდეგ, ძველით ახალ წელს, შემომიჩნდა ცოლ-შვილი, წავიდეთ ჩემიანებთანო.

ბევრი ფიქრის მერე დავთანხმდი, რაც იქნება, იქნება, წავალ მოყვრებში-მეთქი. იმ დროს ჭიათურის მაღაროში ვმუშაობდი. ერთი ორასგრამიანი დინამიტი ჩავიდე გულის ჯიბეში, ძველით ახალ წელს მოგეხსენებათ, თოფებს ისვრიან და მეც ვიფიქრე, ეზოს გავამხიარულებ-მეთქი. ეზოში შესული რომ დაგვინახეს, კინაღამ გაგიჟდნენ სიხარულით..  დაკლეს ინდაურები და ქათმები, გოჭიც ზედ მიაყოლეს. ისეთი სუფრა გაიშალა, იმერეთში რომ იტყვიან, ავ თვალს არ ენახვებაო..

წესია ასეთი, ზუსტად 12 საათზე უნდა მივუსხდეთ სუფრას. ჩემი მეუღლე, ბავშვები და სიდედრი სამზარეულოში ტრიალებენ, ხოლო სიმამრი დოქებს ავსებს ღვინით.… საათს გავხედე, თორმეტს ხუთი წუთი აკლია, სოფელში ატყდა სროლა, მეც გამოვედი პატარა აივანზე, ამოვიღე საგულდაგულოდ გამზადებული დინამიტი, ცეცხლი მოვუკიდე და ეზოში მოვისროლე. იმ ჩემი ცოდვით სავსეებს სარეცხის თოკი გაებათ აივანზე და თეთრეული გაეფინათ.

დინამიტი შალითას მოხვდა, უკან მობრუნდა და ზალაში შევარდა, მივხვდი, მის გამოტანას ვერ მოვასწრებდი, ეზოში გადავხტი და გავიქეცი. ხუთი მეტრიც არ მექნებოდა გარბენილი, უკან აფეთქების ხმა რომ მოისმა, სახლი ჰაერში აიწია და დაიშალა. ნანგრევებიდან სიმამრმა ამოყო თავი:

- ამას უცდიდი 15 წელი, მე შენი დედაო და ზუსტად ისე შემაგინა, როგორც მაშინ, როცა ქალიშვილი მოვტაცე.

ალიკო ბარათაშვილი, თერჯოლის რაიონი, სოფელი ძევრი

ბუმბერაზი "ცირკაჩი"

გასული საუკუნის 60-იან წლებში თბილისში მოსკოვის სახელმწიფო ცირკის გასტროლის დროს, მოსკოველებმა ერთი ბუმბერაზი "ცირკაჩი" ჩამოიყვანეს. მაშინდელი პლეხანოვის პროსპექტზე ცხოვრობდა ერთი ძალზე ტანდაბალი მესაათე ავეტიკა. ჰოდა, იმ ავეტიკამ იყიდა ცირკის ბილეთი და შევიდა გოლიათი კაცის სანახავად, თანაც ისე დაემთხვა, რომ წინა რიგში მოუწია დაჯდომამ. როცა გოლიათმა ეს ნამცეცა კაცი დაინახა, ჰკითხა, რამდენი გადაიხადე ბილეთშიო?

- ათი შაური, - მკვირცხლად უთხრა ავეტიკამ.

გოლიათმა ამოიღო ჯიბიდან 5 მანეთი, გაუწოდა ავეტიკას და უთხრა:

- აჰა შენ 5 მანეთი, არც მე მინახავს შენისთანა დაბალი კაციო.

ისიდორე კიკნაველიძე, თბილისი