ხალხის სურვილი და ამერიკის სურვილი ერთმანეთს უნდა დაემთხვეს - კვირის პალიტრა

ხალხის სურვილი და ამერიკის სურვილი ერთმანეთს უნდა დაემთხვეს

გაგანია სიცხეა თბილისში, გაგანია ფეხბურთია მსოფლიოში, გაგანია კრიზისშია ოპოზიცია, გაგანია სიხარული აქვთ "ნაციონალებს" და ამ გაგანია პერიოდში, გაგანია მშენებლის მეუღლეს, ყოფილ პოლიტიკოსსა და ამჟამად მთლიანად ბიზნესით დაკავებულ ბატონ ვახტანგ რჩეულიშვილს ვესტუმრეთ.

ბატონი ვახტანგი მხნედ გამოიყურებოდა, ის კი არადა, როგორც გაგვიმხილა, დისერტაციის დაცვასაც აპირებს. თემაც ისეთივე უცნაური შეურჩევია, როგორიც სოციალისტური პარტია იყო, - "იმპერიების დადებითი როლი მსოფლიოსათვის". პოლიტიკას რაც შეეხება, დღესდღეობით თავის ადგილს ამ სფეროში ვერ ხედავს. - ყველაფერი წესრიგშია ამ მხრივ, გვყავს ემოციური პრეზიდენტი და გაწონასწორებული პატრიარქი, ისინი ერთმანეთს აბალანსებენ, - ამბობს ის და პირველ შეკითხვას მისთვის ჩვეული მსუბუქი ირონით პასუხობს.

- ბატონო ვახტანგ, ჯიუტად არ ჩანხართ პოლიტიკაში. რატომ?

- მაგ კითხვაზე მაქვს შესანიშნავი პასუხი: არ მცალია პოლიტიკისთვის.

- პოლიტიკურად ქვეყანაში არაფერი რომ არ ხდება, ვისი ბრალია, ოპოზიციის?

- ოპოზიციისა და მარადონას. საერთოდ, ოპოზიციონერობა არის საუკეთესო  საშუალება ორთქლის გამოსაშვებად. ადამიანებს უამრავი პრობლემა აქვთ, ქართველები ვართ და ამ პრობლემებს საკუთარ თავს ხომ არ დავაბრალებთ? აქედან გამომდინარე, ვინ არის ცუდი? რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგე.

- გამოდის, აქ ოპოზიცია უშვებს ორთქლს, საგარეო პოლიტიკაში მთლიანად ქვეყანა, თუმცა ამერიკამ პირველად ახსენა სიტყვა "ოკუპაცია". ეს კარგია თუ ცუდი?

- რა თქმა უნდა, კარგია, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ობამას "გადატვირთვის" პოლიტიკით ყველა კმაყოფილია ამერიკაში, ძალიან ცდება, იქაური მოსახლეობის უმრავლესობას არ სჯერა რუსეთის გამოკეთების, მათ იციან, რომ რუსეთს შეუძლია ერთ წამში გააცამტვეროს ყველა მიღწეული შეთანხმება. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ყველაფერი დაემხოს თავზე ბატონ ობამას, იმ გზაზე, რომელსაც ადგას რუსეთთან ურთიერთობაში.

ასე რომ, უნდა თუ არა ობამას, მოუწევს ჩვენს პრობლემებზე რუსეთთან ლაპარაკი. მერწმუნეთ, ხვალ რომ რუსეთს ჩაგვაბაროს ბარაქმა, ეს იქნება მისი ხელისუფლების დასასრული, ამას კი ის არასოდეს გააკეთებს.

- გამოდის, არჩევანი არ გვაქვს - ან ამერიკა, ან არაფერი.

- რა არის, იცით? ჩვენ უნდა მოვნახოთ ჩვენი ადგილი იმპერიაში. თავის დროზე, როცა რუსეთის იმპერიას შევუერთდით, ეს იყო ერთადერთი გამოსავალი. არჩევანი მცირე ერებს არა აქვთ. დღესაც კი ასეა, ამერიკა უკვე გადავიდა გლობალურ სტადიაში.

- ანუ, ამერიკაც იმპერიაა?

- რა თქმა უნდა, რევოლუცია აქ ამერიკის ელჩმა მოაწყო. ერთ ამბავს გავიხსენებ ელჩთან დაკავშირებულს. ერთხელ ჩემმა რძალმა, ნუცამ საქართველოში ჩამოიყვანა ცნობილი მსახიობი ნიკ ნოლტი. რა თქმა უნდა, ჩემთან სახლში მოვიწვიეთ, ამერიკის ელჩიც დავპატიჟე, მთელი პოლიტიკური სპექტრი ელჩის დანახვისთანავე მოწიწებული გახდა. ნიკ ნოლტი ცოტა ნასვამი იყო, ეს რომ დაინახა, მოვიდა და მეუბნება, როგორ გეშინიათ ამ ჩემი ქვეყნის ელჩის, გინდათ, ახლა შარვალს ჩავიხდი და უკანალს დავანახებო. გავგიჟდი კინაღამ, ნუცას მივმართე, არიქა, მიშველე, არ დაგვღუპოს, გაიყვანე აქედან-მეთქი.

KvirisPalitra.Ge- ასე კარგად რომ იყავით ამერიკის ელჩთან, რატომ ვერ მოიპოვეთ მისი მხარდაჭერა?

- მე რომ დავუპირისპირდი შევარდნაძეს, მაშინ ის ამერიკისთვის იყო უალტერნატივო. რაც უნდა თავი გერტყა კედლისათვის, ვერაფერს იზამდი. ასეა დღესაც, მიშა არის უალტერნატივო, მისი ორი ვადით პრეზიდენტობამდე მაინც. მე სააკაშვილმა, იცით, რატომ მაჯობა? შევარდნაძეს დაუპირისპირდა მაშინ, როცა უკვე ამერიკა მხარს აღარ უჭერდა. ეს ოპოზიცია კი მაშინ დაუპირისპირდა სააკაშვილს, როცა ამერიკა უჭერდა მხარს.

- ესე იგი, დროში შეცდა ოპოზიცია.

- შენ რომ ამერიკა იყო, ადამიანს, რომელიც ატარებს შენს პოლიტიკას, აქვს ვადა - 5 წლით ყოფნა ხელისუფლებაში, თავს რატომ აიტკივებ და რატომ შეცვლი? ამიტომაც იყო ოპოზიციის გამოსვლები თავიდანვე განწირული, ამ გამოსვლებმა მხოლოდ ეკონომიკური ზიანი მოგვაყენა. რეალურად, სააკაშვილისთვის ბრძოლის გამოცხადება ამ მეთოდებით, სისულელეა, უნდა ხარჯო ფული, ენერგია და არაფერი გამოვა.

- კარგი, ესენი ასცდნენ დროს, იმ პოლიტიკოსებზე რას იტყვით, ვინც ჩრდილოეთში დადის?

- ისინი საერთოდ უადგილოები არიან, იმდენად ასცდნენ დროს, რომ აღარც ღირს ლაპარაკი.

- გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ხალხს რა როლი აქვს ამ ყველაფერში?

- ხალხი რა შუაშია?

- სიტყვაზე, ხალხს უნდა გუბაზი, ამ შემთხვევაში რა ხდება?

- თუ ხალხის სურვილი დაემთხვა ამერიკის სურვილს, მაშინ გუბაზი აუცილებლად მოვა.