ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

კარატისტი

ვახო გ. ბავშვობაში ჩია ტანისა იყო და არც მაინცდამაინც ღონიერი, ამიტომ ხშირად ჩაგრავდნენ თანატოლები. საკომპენსაციოდ ვახომ კარატეს შესწავლა დაიწყო. იმდენად მონდომებით მოეკიდა საქმეს, რომ მალე დიდ წარმატებას მიაღწია, შავი ქამარიც აიღო. ამის შემდეგ კი ყოველთვის ქომაგობდა დაჩაგრულს და ერთგვარი აზარტითაც ებმებოდა ქუჩის ჩხუბში.

ერთხელაც შენიშნა, რომ ვიღაც ახმახს ავტობუსის უკანა კართან სტუდენტი გოგონასთვის ხელი ჩაევლო და ჩასასვლელისაკენ მიათრევდა.

- ხელი გამიშვი, არ ჩამოვალ!… - არ მიჰყვებოდა გოგონა.

ვახო მაშინვე "მოძალადისკენ" გაქანდა და კარატეს ილეთების კასკადი დააყენა. ცხვირგატეხილმა ახმახმა აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო, ისე გამოისროლა ავტობუსის უკანა კარიდან.

- მიყვარს სამართლიანობა! - წამოიძახა ვახომ და ამაყად მიმოიხედა.

- სამართლიანი ის იქნებოდა, შვილო, ამ გოგოს გამო კონდუქტორი არ გეცემაო(?!) - მიუგო იქვე მჯდომმა ქალმა.

ეკა ჩუბინიძე, თბილისი

KvirisPalitra.Geაფერა

გასული წლის მიწურულს შავი "მერსედესი" რამდენიმე მგზავრით სანაპიროზე, ელიავას ბაზრის მახლობლად ბენზინგასამართ სადგურს მიადგა. მძღოლმა ავზის გარდა ორიოდე კანისტრაც აავსო და ფულის გადასახდელად სალაროს მიაშურა. საკმაო ხანს უშედეგოდ აფათურა ხელები ჯიბეებში, შემდეგ მოლარეს მიუბრუნდა:

- თუ ძმა ხარ, საფულე სახლში დამჩენია!.. აქვე ვცხოვრობ, წერეთელზე, მანქანაში მოყვრები მისხედან, დაგიტოვებ და ორიოდე წუთში ფულს მოვიტანო.

- რა გაეწყობა, - დაეთანხმა ისიც.

- ჰო, მართლა, -  შემობრუნდა "მერსედესის" მძღოლი, - ჩემს მეუღლეს დაბადების დღე აქვს. ეგ დათუნია, მაგიდაზე რომ გიზის და იარლიყზე 45 ლარი აწერია, უნდა დამითმო, სამაგიეროდ 50 ლარს მოგართმევ, დავპირდი საჩუქარს და ხელცარიელს ნუ მიმიყვან!

ბენზინგამმართველს გაუხარდა კიდეც, რადგან მეუღლემ ტელეფონით უკვე დაუწუნა საჩუქარი. - ვეფხვის წელი მოდის და დათუნია რად მინდაო.

მძღოლმა სამი კუნთმაგარი ვაჟკაცი მანქანიდან გადმოსხა და საჩუქრით "დამძიმებული" ადგილს მოსწყდა.

გავიდა 10 წუთი.. ერთი საათი..…ორი... მძევლებს მოშივდათ და სიგარეტიც მოუნდათ, ჯიბეგაფხეკილებმა ბენზინგამმართველს მიაშურეს, ვიდრე ჩვენი "ხაზეინი" დაბრუნდება, ერთი სიგარეტი მაინც გვიყიდეო.

- ეგ კაცი "ხაზეინია" თქვენი თუ სიძე? - გაუკვირდა ბენზინგამმართველს. - რის სიძე, ჩვენ საჩხერელი დღიური მუშები ვართ, ელიავას ბაზრობასთან აგვკრიფა, კედელი მაქვს დასანგრევიო...

გერონტი მესხი, თბილისი