ბიძინა ივანიშვილი მთავრობაში ბრუნდება?! - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილი მთავრობაში ბრუნდება?!

ბოლო ხანს ჩვენში ბევრი მითქმა-მოთქმაა მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ.

სახელისუფლო კულუარებიდან, "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მთავრობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ჩვენი წყაროს თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი გახდა "ქართული ოცნების" ე.წ. ძველი ფრთის თხოვნა-მოთხოვნა, რომლის წარმომადგენლები ბოლო ხანს აშკარად შეწუხებული არიან ე.წ. ახლების ფრთის აქტიურობით, განსაკუთრებით კი წინა ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებთან ნამეტანი დაახლოებით.

ძველებს ივანიშვილისთვის მოუთხოვიათ ან დაბრუნდით და წესრიგი დაამყარეთ, ან ჩვენ წავალთ პარტიიდანო.

როგორც ამბობენ, სავარაუდოდ, მინისტრთა კაბინეტს დაუბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელსაც სასტიკად აეკრძალება ცოლის ნათესავებთან რაიმე ტიპის ურთიერთობა.

დიდი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დაბრუნების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტში ადგილს შეინარჩუნებს გიორგი კვირიკაშვილი, ოღონდ, სავარაუდოდ, აეკრძალება საჯაროდ გინება.

შესაძლოა მთავრობაში დააბრუნონ ალექსანდრე ჭიკაიძეც, რომელსაც თალიბანის დაკავება დაევალება.

ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მოსთხოვენ თმის ისე შეჭრას, რომ ყვავ-ყორნების ბუდეს არ უგავდეს... წინააღმდეგ შემთხვევაში გადაყენებით დაემუქრებიან.

ენძელა მაჭავარიანს მოსთხოვენ გაზაფხულის დროულად მოყვანას, გუგული მაღრაძეს კი 10 ლარად 4 ბოთლი ზეთის ყიდვას.

რას მოსთხოვენ პრეზიდენტს?

პრეზიდენტ მარგველაშვილს ჩვეულებისამებრ მოსთხოვენ რეზიდენციიდან გადასვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეახსენებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოვდა და თან დაეჯღანებიან...

მოკლედ, უახლოეს მომავალში "სერიოზული" და სახალისო ცვლილებები გველის, ბოლოს და ბოლოს დღეს ხომ პირველი აპრილია... გაიღიმეთ :)