აურაგაწმენდილი - კვირის პალიტრა

აურაგაწმენდილი

იდგა ქორონიკონს აქეთ 2010 წელი, როცა სრულიად გაურკვეველი მიზეზით შარდის ბუშტმა შემომიტია. ასევე სრულიად შემთხვევით, შემოტევის დროს კომპიუტერთან ვიჯექი. უეცრად ჩემი ყურადღება დესკტოპზე შემოვარდნილმა პატარა ბანერმა მიიპყრო: "განკურნება სახლიდან გაუსვლელად" - ეწერა.

გამიხარდა, რადგან ისეთი სიცხე იყო, სახლიდან გასვლა მეზარებოდა. ტკივილი კი არ ცხრებოდა. ამაზე კარგი რა უნდა იყოს, გამიელვა თავში და ბანერი ბოლომდე წავიკითხე.

წაკითხულის მიხედვით ჩემი განკურნება ძალიან მარტივი გახლდათ. მთავარი იყო გადამეხადა 30 დოლარი, რის შემდეგაც ჩემს მონიტორზე ამოვარდებოდა სურათი, რომლის ყურების შედეგად განვიკურნებოდი. ფული სასწრაფოდ გადავიხადე, სურათიც მალევე ამოვარდა, რომელსაც ბიოველები, მაგნიტური ველები და კიდევ უამრავი ველები ჰქონდა. თვალები შეძლებისდაგვარად გადმოვკარკლე. 2 საათი ვუყურე სურათს.

ჯერ ცრემლები წამომივიდა, მერე გავწითლდი, ბოლოს სუნთქვა გამიხშირდა და ის-ის იყო, გული უნდა წამსვლოდა, რომ მოულოდნელად ოთახში ყოველივე ამის მალულად მაყურებელი მამაჩემი შემოვარდა და ამ კაცებს რას მისჩერებიხარ, შენი დედაო, - შემაგინა.

მინდა მოგახსენოთ, რომ პირველ მარცხს არ შევეგუე და როგორც კი მამაჩემმა ჩემი გინება წარმატებით დაამთავრა, მაშინვე სურათის ადრესატს დავურეკე:

- ბატონო ჩემო, არ მიშველა თქვენი სურათის ყურებამ.

- შეუძლებელია, - მომესმა ყურმილიდან ხმა.

- გეუბნებით, არ მიშველა, გავჯიუტდი მეც.

- იცით, - მცირე ფიქრის შემდეგ მითხრა მან - მონიტორი 19-იანი გაქვთ?

- არა, 17-იანი - გაოცებულმა ვუპასუხე.

- მაგაშია საქმე, - გაუხარდა მას. - ჩემი სურათი მხოლოდ 19-იან მონიტორებზე მოქმედებს, ჩემთან მოგიწევთ მოსვლა.

გულზე მომეშვა. აი, თურმე რატომ არ განვიკურნე, - გავიფიქრე და სწრაფად გავეშურე ჩემთვის ჯერჯერობით უცნობ ექიმთან.

მოსაცდელთან ხალხი დამხვდა. კუთხეში ერთი ახმახი კაცი იჯდა და თვალებგანაბული - "მე კარგად ვარ, მე კარგად ვარ", - იძახოდა. უეცრად მე მომიბრუნდა და მკაცრად დამიღრიალა:

- ხომ კარგად ვარ, ჯიგარო?!

- კი, ბატონო, - შემეშინდა მე.

-  არ იტყოდი და... - კმაყოფილებით მითხრა ახმახმა და ისევ განაგრძო "კარგად ვარ, კარგად ვარ" - ძახილი.

როგორც იქნა, ჩემი რიგიც მოვიდა. კარი ქალბატონმა გამიღო და ოთახში შემიძღვა. სკამზე ძალიან სუსტი, ბეჭდებად, სამაჯურებად და ჯაჭვებად აცმული კაცი დამხვდა, რომელსაც თვალები ბუდისტი ბერივით მიელულა და იძახდა:

- მე მამა ვარ! მე მამა ვარ!

მე ვერ მოვითმინე და შევძახე: მეც მამა ვარ, ექიმო, ორი შვილი მყავს.

- არა, მე ზებუნებრივი ძალით დაჯილდოებული მამა ვარ, - წარბშეუხრელად მომიგო სუსტმა ექიმმა და ფურცელი მაჩვენა, სადაც ვიღაც ჩემს ექიმზე უფრო თვალებგადმოკარკლული კაცი ამტკიცებდა, რომ ჩემი ექიმი მართლაც მამა იყო.

- რა გჭირთ? - შემეკითხა ექიმი, როცა მის მამობაში დამარწმუნა.

- შარდის ბუშტი მტკივა, - ვუპასუხე მე.

ექიმმა კარგა ხანს მიყურა და ბოლოს მითხრა, რომ აურა მქონდა გასაწმენდი.

- ტაკ, 200 დოლარი და გაგიწმენდ აურას, - ამიხსნა მან.

მე მაშინვე ჯიბეზე გავისვი ხელი, ექიმს 200 დოლარი ჩავუკუჭე და მანაც ხელების ზევით და ქვევით სწრაფი მოძრაობით აურა 10 წუთში ისე გამიწმინდა, რომ სულ ლაპლაპი გაუდიოდა. მეც გამიხარდა, რომ აურა გამილაპლაპდა, მაგრამ შარდის ბუშტი ისევ მტკიოდა და ეს ამბავი ექიმს მორცხვად გავუმხილე.

- მოიცა ცოტა ხანს, კიდევ ერთი-ორჯერ გაგიწმენდ აურას და მორჩები, - გამიღიმა ექიმმა. - ახლა კი ორ წუთში ერთხელ იძახე "მე შარდის ბუშტი არ მტკივა, არა და არა, მეტიც, მე შეიძლება არც კი მაქვს შარდის ბუშტი".

7 დღე ამ სიტყვებს ვიძახდი. თან რა მენაღვლებოდა, აურა ხომ გაწმენდილი მქონდა. ამით გაამაყებული ზემოდან დავცქეროდი აურაგაუწმენდავებს, მაგრამ მამაჩემი (მაგარი გასაწმენდი აქვს აურა) ვერაფრით დავარწმუნე ჩემს სიმართლეში. ის კი არა და, ჩემი გინება გააორმაგა და სახლიდან გაგდებითაც დამემუქრა. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ექიმს ისევ მივადექი.

- ჩემი აურაგაწმენდილი ვინაა? - გამეხუმრა და ღიმილი მაჩუქა.

- ექიმო, ისევ მტკივა ბუშტი, - შევკადრე მას.

- შარდის ბუშტი კი არა, ჩემთან პარტიები დადიან და ისე ვუწმენდ აურას, არჩევნებს იგებენ, - დაიტრაბახა ექიმმა. შენს შარდის ბუშტს მალე მოვუგრეხ კისერს!

- ა, კაცი, - გავიფიქრე, ოპოზიციონერები კიდევ ცესკოს აბრალებენ წაგებას. თურმე რაში ყოფილა საქმე, ამას გაუწმენდია აურა და იმიტომ მოიგეს "ნაციონალებმა".

ამ აღმოჩენით გახარებულმა ექიმს კიდევ 200 დოლარი ჩავუკუჭე და მანაც აურა ისე გამიწმინდა, რომ ენას აუსმევდი.

სამი კვირა ვიწმენდდი აურას, სამ კვირაში ექიმმა მთლიანად გამიწმინდა აურაც და ჯიბეც. სამი კვირა ვიმეორებდი "კარგად ვარ, არ მტკივა შარდის ბუშტი", მაგრამ ტკივილი უფრო მიძლიერდებოდა. ბოლოს ისე გამიძლიერდა, რომ მამაჩემმა სხვა ექიმთან ოპერაცია გამიკეთა.

ახლა კარგად ვარ, არაფერი მტკივა, არც შარდის ბუშტი მაწუხებს და არც ჭუჭყიანი აურა. ერთი რამ არ მასვენებს მხოლოდ, ჩემი ექიმი აურას აღარ წმენდს, პროფესია შეიცვალა და ახლა ახლობლის სულებთან კომუნიკაციის საშუალებას გვაძლევს. ასეა, ნიჭიერი რომ იქნება კაცი. ახლა უნდა წავიდე და ბაბუაჩემს ველაპარაკო.