ცხოვრებისეული კურიოზი - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზი

ოქროსმაძიებელი სვანი

სვანებზე უამრავი ანეკდოტი გამიგია, მაგრამ მეგონა, მათ უმრავლესობას ხალხი იგონებდა. ეს ადრე, ახლა კი, როცა ეს შემთხვევა მოხდა, სხვაგვარად ვფიქრობ.

მოკლედ, ყოფილი "ბავშვთა სამყაროს" შენობაში რომ ოქროს ბირჟაა, იქ ვმუშაობ. ამას წინათ მოდის საკმაოდ დიდი აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცი და სვანური კილოთი მეკითხება:

- ყველაზე დიდი ოქროს ყელსაბამი გაქვთ?

- კი ბატონო, - ვუთხარი მე და დახლიდან 100-გრამიანი ოქროს ჯაჭვი გავუწოდე.

- ეს არ წყდება? - მეკითხება.

- არა, ბატონო, ძალიან მყარია.

- მეც ვერ გავწყვეტ? - თვალი თვალში გამიყარა.

- შეუძლებელია, - ვუპასუხე დარწმუნებულმა. კლიენტმა ერთი ხელის გაკვრით გაწყვიტა. გაკვირვებისგან ენა ჩამივარდა, ვერაფერი ვუთხარი, ანდა რა უნდა მეთქვა, ვიფიქრე, ამხელა ჯაჭვი გაწყვიტა და მე რას მიზამს-მეთქი.

თუმცა აქ არ დამთავრებულა ყველაფერი. სამაჯური მინდაო, მოითხოვა. მეც საუკეთესო მივაწოდე, ფული ულაპარაკოდ გადაიხადა და ისეთი მოთხოვნა წამოაყენა, მთელმა ბირჟამ ჩემს დახლთან მოიყარა თავი: - ეს შესაკრავები არ მინდა, სამაჯური პირდაპირ ხელზე  შემომადუღეთო. ვერავინ შეძლო გადარწმუნება. - თუ არა და აქაურობას დავლეწავო, იმუქრებოდა და მივხვდით, რომ გამკეთებელი იყო. ოქრომჭედელთან მივიყვანეთ.

ხელზე თაბაშირები დავადეთ და შედუღების პროცესიც დაიწყო. რამდენიმე ადგილას ხელიც დაეწვა, მაგრამ არაფერიაო, გვანიშნა. როცა ყველაფერი დამთავრდა, გავბედე და ვკითხე: - ბოდიში, მაგრამ რატომ გააკეთეთ ეს? პასუხმა კი "ბავშვთა სამყაროს" შენობა სიცილისგან შეაზანზარა: - ჩხუბის დროს შესაკრავებში გაიხსნა სამაჯური და დავკარგე, არ მინდა, კიდევ დავკარგოო.

სოსო მაზმიშვილი, თბილისი