გლობალური დათბობა შინ და გარეთ - კვირის პალიტრა

გლობალური დათბობა შინ და გარეთ

ამ ბოლო დროს, ზაფხულის სიცხის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში უცხოელ სტუმართა ნაკადი არ წყდება. ჯერ იყო და, იმხელა ამერიკის სახელმწიფო მდივანი გვეწვია, მერე იყო და, იმხელა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამობრძანდა, იყო ლუქსემბურგის დელეგაციაც,რომელმაც დახმარება აღგვითქვა კონფლიქტების მოგვარებაში, მაგრამ აბა, ლუქსემბურგი რა მოსატანია, იმხელა ქვეყნებთან? მოკლედ, გარეთ დათბა.

ოპოზიცია, როგორც ყოველთვის, დაიშალა და ახალი სამოქმედო გეგმების შემუშავებაზეა გადასული. ასე რომ, შინაც დათბა. დამეთანხმებით, ასეთ ვითარებაში რთულია ჩვენი რუბრიკისთვის რესპონდენტის შერჩევა (დამთბარი პოლიტიკოსები ხომ უინტერესოდ საუბრობენ).

თუმცა მაინც მოვძებნეთ საინტერესოდ მოსაუბრე პოლიტიკოსი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძის მმართველობისას საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე იყო და რევოლუციის დროს ვარდები არ ეჭირა ხელში, მაინც მოხვდა მთავრობაში და არცთუ დაბალ თანამდებობაზე. ჩვენი რუბრიკის სტუმარია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილი

- ბატონო გია, ძალიან დათბა, რამ გამოიწვია თქვენი აზრით ეს?

- საერთოდ, მე არ მწამს ქართველის ქართველზე გამარჯვებისა და ეს უახლოესმა 20-წლიანმა ისტორიამ ნათლად დაგვანახა. გარდა ამისა, ბოლო არჩევნები, მართლაც რომ კეთილსინდისიერად ჩატარდა და ესეც არის Mიმის მიზეზი, რომ დათბა.

- მართლაც დათბა. მაგალითად სარკოზიმ მიიღო ჩვენი პრეზიდენტი, კუშნერი საქართველოში ჩამოვიდა, მანამდე ჰილარი კლინტონი გვსტუმრობდა...

- არჩევნებმა მსოფლიოს დაანახა, რომ ქართველი საზოგადოება განვითარდა. მსოფლიო საზოგადოებრიობა საკმაოდ მწვავე რამეზე გამოგვყვა, მაგალითად, როგორიც არის სიტყვა "ოკუპაცია" და რომლის უკანაც ძალიან ბევრი რამ იმალება. ამ ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა. ამერიკაში პრეზიდენტი შეიცვალა. ვითარების შესწავლას კი დრო სჭირდება. არ მინდა, საგარეო პოლიტიკაში შევიჭრა, მას თავისი პატრონი ჰყავს, მაგრამ რაღაცნაირად იგრძნობა, რომ რუსეთის ტონიც შეცვლილია.

- ტონის შეცვლას ტანკის გაყვანა სჯობია, გია ბატონო...

- ეს არც ისე ადვილია.

- თუმცა ჰილარის ჩამოსვლამდე ქართველი საზოგადოება ამერიკის მიმართ იმედგაცრუებული იყო...

- საქართველოს ისტორიაში ვერ ნახავთ პარტნიორს, რომელსაც ჩვენთვის არ ეღალატოს. თქვენ ვერ მეტყვით ვერც ერთ შემთხვევას, როცა ჩვენთვის ამერიკას ზურგი შეუქცევია..

- ომის დროს?

- ომის დროსაც და ომის შემდეგ პერიოდშიც. არ შეიძლება, რომ გაგიღიმებენ - გაგიხარდეს და არ გაგიღიმებენ - გაბრაზდე. პოლიტიკასა და დიპლომატიურ ურთიერთობაში ასე არ ხდება. 1945 წელს ფედერაციულ გერმანიას, რომელიც განადგურებული იყო როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად, მისცეს 1,4 მილიარდი დოლარი, ჩვენ კი 4 ამდენი. ასე რომ, თუ ვიღაცას რაღაც ეწყინა ამერიკისგან, ცივი წყალი დალიოს.

- გერმანია იმ ფინანსურმა დახმარებამ 10 წელიწადში ფეხზე დააყენა, ჩვენ არაფერი გვეტყობა...

- 90-იან წლებში 10 მილიონს მივიღებდით დახმარებას და მთელი ხელისუფლება ცეკვავდა სიხარულით. დღეს საუბარია სულ სხვა ხარისხის დახმარებაზე. წადით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. ისეთ ადგილას შეგხვდებათ ახალი გზები, სიზმრადაც რომ ვერ ნახავდა ქართველი კაცი.

- თუმცა უკვე დამკვიდრდა ქართველ საზოგადოებაში ასეთი ტერმინი - "ასფალტი ვჭამოთ?"

- მე მაგ ფრაზას ერთი გენიალური ფრაზით ვუპასუხებ, - "ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში, მაგრამ არ დამიკვნესია". ყველაფერზე კვნესა და წუწუნი არ შეიძლება.

- ბატონო გია, ერთ ფოტოზე სააკაშვილთან ერთად ხართ, ნანახი მაქვს თქვენი სურათი შევარდნაძესთან ერთად, როგორ ფიქრობთ, შემდეგი სურათი ალასანიასთან მოგიწევთ თუ უგულავასთან?

- არ ვიცი. ეგ ხალხის გადასაწყვეტია. 2013 წლამდე ჯერ დროა. ისე კი მიშაზე მინდა გითხრათ, რომ ასეთი ენერგიის პატრონი და ასეთი პატრიოტი კაცი მე არ მინახავს. როგორც კი გავიცანი, და ეს დიდი ხნის წინ მოხდა, მაშინვე მივხვდი, რომ ბევრს მიაღწევდა.

- კარგი ინტუიცია გქონიათ...

- თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინაც კი მე მას, როგორც პრეზიდენტს, ისე ვექცეოდი...

წარმოიდგინეთ, როგორ ვიყავით - როგორც ჩიტი, რომელსაც მართალია, გალიის კარი გაუღეს, მაგრამ გარეთ ვერ გამოდის, ისეა მობუზული.

- ახლა როგორაა საქმე? გამოვფრინდით გალიიდან?

- გალიიდან კი, მაგრამ ახლა იმ სახლიდან უნდა გავიდეთ, სადაც ეს გალია იდგა. დაგვავიწყდა როგორი ცხოვრება იყო? მე რომ თელავში ჩავედი გუბერნატორად, სასამართლოში არც ერთი საქმე არ იყო შესული განსახილველად. ყველაფერს ერთი იქაური ავტორიტეტი განაგებდა, ოღონდ კანონიერი ქურდი არ იყო. ამ ავტორიტეტს იმდენი საქმე დაუგროვდა, რომ მარტო ვერ მოერია და თბილისიდან "თანაშემწე" ჩამოიყვანა, რომელიც უფრო წვრილმან საქმეებს არჩევდა...

- ახლა ადამიანის უფლების დაცვაზე მუშაობთ. ის ფაქტი, რომ სამსახურის დასაწყებად აუცილებლად "ნაციონალური მოძრაობის" წევრობაა საჭირო, არის თუ არა ადამიანის უფლების დარღვევა?

- არ ვიცი და ვერც გეტყვით, იმიტომ რომ, არ მაინტერესებს. თავად მე არ ვარ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი. თანამშრომლები ამ პრინციპით არ მიმიღია.

- ბოლოს გვინდა, გკითხოთ, ყველაზე უცნაური განცხადება, რომლითაც მოუმართავთ, რა იყო?

- ერთი კახელი ქალბატონი მოვიდა ძალზე შეწუხებული. როცა ვკითხე მიზეზი, დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო. ქალი არ ჩერდება, ყველა დეტალს ჰყვება: თუ როგორ ზრდიდა ბოჩოლას, ამ ბოჩოლას ზრდის პროცესში შემოჰყავდა პერსონაჟები: დეიდაშვილი, მეზობელი და ასე შემდეგ... ბოლოს, როგორც იქნა დაასრულა: - ჰოდა, მამპარეს ეს ბოჩოლა!

მე აღვშფოთდი, ეგრევე დავურეკე მისი რაიონის პოლიციის უფროსს, კარგად შევაცაცხანე და როცა ყურმილი დავკიდე, ქალი მეუბნება: - უი, ბოჩოლასთვის კი არ მავსულვარ, ბიჭო... და დაიწყო თუ როგორ უპოვა დაკარგული ბოჩოლა მეზობელმა, როგორ აჩუქა ამავე მეზობელმა კვიცი, როგორი გაჭირვებით გაზარდა ეს კვიცი და როგორ მოპარეს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დეტალურად და სხვადასხვა პერსონაჟების შემოყვანით.

- ადამიანის უფლების დარღვევა იყო მანდ?

- ადამიანის არ ვიცი, მაგრამ ბოჩოლას და კვიცის უფლებების დარღვევა ნამდვილად იყო ასეთი პატრონის ხელში.