მკითხველი აცინებს მკითხველს - კვირის პალიტრა

მკითხველი აცინებს მკითხველს

მოგეხსენებათ, ადამიანის ფანტაზია ულევია. მეც ჩემი მოკრძალებული ფანტაზიით გამოვირჩევი, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ამაში ჩვენი პოლიტიკოსები მეხმარებიან. "კვირის პალიტრაში" ხშირად ვკითხულობ ანალოგიურ "ფანტაზიებს" და ამიტომაც გამიჩნდა სურვილი, თქვენთვის მომეწერა.

მოგეხსენებათ, ქართულ ფილმებში უამრავი ისეთი გენიალური ფრაზაა, რომლებიც ხალხს დღემდე ახსოვს და ცხოვრებაშიც ხშირად იყენებს. აქედან გამომდინარე, მე რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე მცირე ცვლილებით ქართული ფილმების პერსონაჟების სიტყვებით ავალაპარაკე, მგონი რაღაც გამომივიდა:

ლ თემურ ქეცბაია (კ/ფ "დათა თუთაშხია") - რას გავხართ, თქვე უპატრონოებო?! რა ჯიშისა და ჯილაგის ხართ?! რას დაგამსგავსათ მოსასპობმა კუპერმა და მამაძაღლმა ტოპმიულერმა?!

გიგი უგულავა (კ/ფ "ყვარყვარე თუთაბერი") - იყო ბნელი და უკუნი, მოვედით და გახდა ნათელი, მაგრამ გასანათებელი კიდევ ბევრია.

ლეიბორისტები (კ/ფ "ნატვრის ხე") - ალიხე ... მალიხე... სალიხე... ღმერთო, გახადე პრეზიდენტად ნათელაშვილი!

გოგი თოფაძე (კ/ფ "უძინართა მზე") - თქვენ გინდათ ჩემი ფულები?!...

ზურაბ ნოღაიდელი (კ/ფ "ქეთო და კოტე") - ეს იყო პეტერბურგში... და ჩვენ ვაჩუქეთ ერთმანეთს პირველი კოცნა.

მიხეილ სააკაშვილი (კ/ფ "მევლუდი") - ჰოიდა, ნანა, ოჰოი, ნანა, ხულო-შუახევ- ქედიდანა, დედო დვრინით დამემღერა, აჭარელი გავხდი განა.!

ინგა გრიგოლია (კ/ფ "მაია წყნეთელი") - ... დეპუტატობა რად მინდა, ჩემი ძველი ცხოვრება დამიბრუნეთ!

ვანო მერაბიშვილი (კ/ფ "შერეკილები") - ჩაიდინეთ რა დანაშაული, ოპოზიციონერებო, წაგიყვანთ ჩემთან, ცივ ნიავს არ მოგაკარებთ!

გოგიტა ჩაჩუა, რუსთავი