არ ვდგავარ ქვეყნის სამსახურში?! - კვირის პალიტრა

არ ვდგავარ ქვეყნის სამსახურში?!

არ მეგონა, ჩემი ხასიათი ქვეყანას თუ გამოადგებოდა. რა ხასიათი მაქვს? განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ, ლანძღვა-გინებას ისე მშვიდად ვხვდები, როგორც საქართველოს ნაკრების კარი - გოლებს. ჰოდა, ეტყობა, ეს ჩემი სიმშვიდე ვიღაცას დასჭირდა და ერთ მშვენიერ დღეს "ზემოთ" დამიბარეს და მაცნობეს, რომ ხვალიდან ერთ-ერთ სამინისტროში ვიწყებდი მუშაობას.

მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის არაფერი გამეგება, მაინც დავთანხმდი, ბოლოს და ბოლოს ხელფასია მაღალი. პირველივე დღეს ვკითხე უფროსს, თუ რა უნდა მეკეთებინა. მანაც სიყვარულით შემომხედა და მითხრა, რომ შემიძლია დიდი საქმე გავუკეთო ქვეყანას, შემიძლია ვიხსნა მთელი სამინისტრო და ბოლოს ვიხსნა თავად უფროსი, რომელმაც იზრუნა ჩემს დასაქმებაზე. გული ამიჩუყდა ამ სიტყვების გამგონეს. უფროსს დიდი მადლობა გადავუხადე, ჩემს კაბინეტში დავბრუნდი და ვოცნებობდი იმ დღის დადგომაზე, როცა უფროსის სიტყვები ახდებოდა. ეს დღეც მალე დადგა. ერთ დილით, სამსახურში მისულს, თანამშრომლები აფორიაქებულები დამხვდნენ. დღეს პრეზიდენტი გვეწვევაო, მაცნობეს.

ძალიან გამიხარდა, რადგან პრეზიდენტი ახლოს არასოდეს მენახა. მერე უფროსმა დამიბარა, ისევ შემომხედა სიყვარულით და მახარა, რომ დღეს მომეცემოდა შესაძლებლობა, მეხსნა უფროსი, მთელი სამსახური და სამშობლო. მართალია, ამას შეიძლება ფატალური შედეგი მოჰყოლოდა, მაგრამ უფროსს, მოადგილეს, კადრების განყოფილების გამგეს და მთელ სამინისტროს ჩემი სახელი არასოდეს დაავიწყდებოდა. ისევ ამიჩუყდა გული და მთრთოლვარე ხმით წარმოვთქვი:

- მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას! - აქ თავი ვერ შევიკავე და ცრემლები წამომცვივდა. უფროსმაც ცრემლებითვე მიპასუხა, აბა შენ იციო, ჩამჩურჩულა და მხარზე ხელი მომითათუნა. პირველი პროფესიული დღე მქონდა და ცოტას ვნერვიულობდი, თუმცა ნერვიულობამ მაშინვე გამიარა, როცა პრეზიდენტის ესკორტი შევნიშნე. ესკორტს ტელევიზიების ლოგოიანი მანქანები მოჰყვა. რამდენიმე საათი უფროსი, პრეზიდენტი და სხვა ჩინოსნები დახურულ კარს მიღმა საუბრობდნენ.

ბოლოს ეზოში გამოვიდნენ. უფროსმა პრეზიდენტს ჩემზე ანიშნა, პრეზიდენტმა გამიღიმა, შენ ხარო? მკითხა. დიახ, ბატონო-მეთქი. აბა, შენ იციო, გამამხნევა და ტელევიზიებს მოუხმო. თავს ბედნიერ ადამიანად ვთვლიდი, რადგან მოღიმარი პრეზიდენტის გვერდით ვიდექი. თუმცა როცა ტელევიზიების ოპერატორებმა კამერები ჩართეს, იგი მოიღუშა, ჩემკენ შემობრუნდა და დაიწყო:

შეხედეთ ამ კაცს, ეს არის რაიმეს გამკეთებელი?! ასეთი ადამიანები არიან ჩვენი აყვავებული ქვეყნისთვის ძირის გამომთხრელები! რა უნდა ასეთ კაცს სამინისტროს წამყვან თანამშრომლად?! რომ არა ეს, სამინისტრო გამართულად იმუშავებდა და ქვეყანაც წინ წავიდოდა! მე, როგორც ასეთ დროს მჩვეოდა, თავი დავხარე და ლანძღვა-გინება მშვიდად ავიტანე.

- ახლავე გაათავისუფლეთ! - ბრძანა პრეზიდენტმა. ჩემმა უფროსმა მკაცრად შემომხედა, თვალი ჩამიკრა და შესრულებული იქნება თქვენი ბრძანებაო, მიმართა პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, გამათავისუფლეს, თუმცა სულაც არ მინერვიულია, რადგან მალევე დამიკავშირდნენ და ამიხსნეს, რომ ორ კვირაში სამ სამინისტროში უნდა მომესწრო მუშაობა, პრეზიდენტი ჩქარობსო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი.

პირველ სამინისტროში მინისტრის მოადგილედ დამნიშნეს, მესამე დღეს მოვიდა პრეზიდენტი, მეგობრულად ხელი ჩამომართვა, ოპერატორებს ანიშნა და დაიწყო: აი, ეს არის ჩინოსანი, რომელიც წურბელასავით აზის ქვეყნის ბიუჯეტს, არაფრის მკეთებელი არ არის და კაბინეტს აცდენს, რომ არა ასეთი მოადგილე, მინისტრი გაცილებით შრომისუნარიანი იქნებოდა, სამინისტროც გამართულად იმუშავებდა და ქვეყნის ეკონომიკაც დღეს მსოფლიოში მეთერთმეტე კი არა, მეათე ადგილზე იქნებოდაო.

მე ისევ თავი დავხარე და ლანძღვა ჩვეულებრივ მშვიდად მივიღე. მომდევნო სამინისტროებშიც იგივე განმეორდა, ზოგან დეპარტამენტის უფროსი ვიყავი  და ჩემი უპასუხისმგებლო მუშაობით მტრის წისქვილზე ვასხამდი წყალს, ზოგან სამმართველო მებარა, რომელსაც ინვესტორები უნდა მოეძია. მე კი პირიქით, უკვე ჩამოსულებს ვაიძულებდი, ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ (ომი არაფერ შუაში არ არის). მოკლედ, ძალიან შევეჩვიე ჩემს სამუშაოს, კარგადაც მიხდიან, მინისტრებიც ინარჩუნებენ სკამებს და პრეზიდენტის რეიტინგიც მატულობს. როგორ ფიქრობთ, არ ვდგავარ ქვეყნის სამსახურში?