ბუჭუნას მამა და რესტორანი - კვირის პალიტრა

ბუჭუნას მამა და რესტორანი

ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა საქართველოში ბევრი ებრაელი ცხოვრობდა. მოგეხსენებათ, მათთან ურთიერთობა სასიამოვნო იყო. ჩვენს რაიონში ცხოვრობდა კოლორიტი

ებრაელი, მომღერალი და კარგი პიროვნება ბუჭუნა მოშიაშვილი. იგი დღეს ისრაელში ცხოვრობს და საქმიანობს. ბუჭუნა გამოირჩეოდა თავისი იუმორით.

ერთ დღეს რაიონის ცენტრში, სადაც სამეგობრო ვიკრიბებოდით ხოლმე, ბუჭუნა დაღონებული მოვიდა. როცა ჰკითხეს, რა ხდებოდა, მამას ობეხეესი დაეცაო, (მამამისი რაიკავშირში მუშაობდა) გვიპასუხა. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევწუხდით და ვანუგეშეთ. მალე სხვა თემაზე გადავიდა და რესტორანში ქეიფის იდეაც გაჩნდა.

ბუჭუნამაც, ჩემი მანქანით წავიდეთო.  - ბიჭო, მამაშენს იჭერენ და შენ საქეიფოდ მიდიხარო? მიახალა ჩვენმა მეგობარმა. ბუჭუნამაც პასუხი არ დააყოვნა: - ვაი, შენ სულ არ გყავს მამა და ყოველდღე რესტორანში აგდიხარო.

ანზორ დვალიშვილი, ვანი