14.345 ლარით - კვირის პალიტრა

14.345 ლარით

- ძვირფასო, ჩემმა წლიურმა დანაზოგმა 14.345 ლარი შეადგინა, - ვახარე სიცხისგან სპრინტერივით გაოფლილ მეუღლეს ჩემი დანაზოგის ამბავი და იქედნურად გადავხედე.

- მე შენ მიყვარხარ, - 15 წლის შემდეგ ისევ მითხრა ჩემმა მეუღლემ და სიხარულისგან ორჯერ შეიკუნტრუშა.

- აბა სად წავიდეთ დასასვენებლად? - ვკითხე მე გულაჩუყებულ ცოლს.

- ზღვაზე, რა თქმა უნდა, - დაუფიქრებლად მიპასუხა მან და ჩემოდნის ძებნას შეუდგა. აგვისტოს ცხელი დღე იდგა, მანქანაში გამხიარულებული ოჯახი მეჯდა და ზღვისკენ სიმღერ-სიმღერით მივიწევდით. ჯიბეში 14.345 ლარი მედო. ფული მთლიანად იმიტომ წამოვიღე, რომ მეშინოდა, სახლი არ გაექურდათ, თორემ აბა, ამდენი ფული რად მინდოდა, მაიამიში კი არ მივდიოდი. ზღვისპირეთში შუადღისას ჩავედი და ბინის ძებნას შევუდექი.

- მე მაქვს ბინა, - დამეძგერა უცებ შუახნის ქალი და სახლისკენ მიმითითა.

- ბინა კი გაქვთ, მაგრამ რა ღირს? - ვკითხე მე.

- ესე იგი, ორი კვირით გინდათ ხო? - მათემატიკურად ჩაფიქრდა ქალი, მერე რკალივით ამოტრიალებული თვალები გაასწორა და მითხრა:

- 4.000 ლარი.

გამეცინა.

- ქალბატონო, მე ბინის ყიდვა კი არ მინდა, დაქირავება მინდა.

გაეცინა.

- ჰოდა, ზუსტად დაქირავების ფასი გითხარი.

რაღა უნდა მექნა, გადავუხადე 4.000 ლარი და ბინაში შევედი.

- ჰო, მართლა, დაბანის ფულს დამიმატებთ მერე, არც ღირს სალაპარაკოდ, სულ რაღაც 500 ლარი იქნება დასამატებელი, - გამიღიმა მან და იმხელა გასაღები მომცა, საღამოობით კარებიდან ვაძრობდი და ჭუჭრუტანას ფანჯრად ვხმარობდი.

ლამაზი იყო ზღვისპირეთი, ახალი სასტუმროები, პალმები, ქუჩები... მთელი საღამო ზღვაზე გავატარეთ, გვიან ღამით კი ბულვარში გავისეირნეთ.

- მამი, შენს გაზრდას, შედი მაღაზიაში და სიგარეტი მიყიდე, - ვუთხარი ჩემს 10 წლის ბიჭს დ 5-ლარიანი გავუწოდე - კარგი სიგარეტი მიყიდე, მაგალითად, კენტი, ხურდა შენ დაიტოვე.

შვილი სწრაფად გაიქცა მაღაზიაში, იქიდან კი დაღვრემილი მოვიდა. აღმოჩნდა, რომ ხურდა კი არა, სიგარეტი ჩემს გატანებულ ფულზე სამჯერ ძვირი ღირდა. რა უნდა მექნა, მივეცი ბავშვს 15 ლარი და სიგარეტი ვიყიდე.

სამი დღის შემდეგ ჩემი ბიუჯეტი შეადგენდა 6.940 ლარს.

- მამა, ნაყინს ხომ მიყიდი? დღეს შაბათია უკვე, - შემახსენა შვილმა მიცემული პირობა და გრანტის მომლოდინე არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერივით შემომხედა.

შვილის ნაღვლიან თვალებს ვერ გავუძელი და სასწრაფოდ ასი ლარი ვიშიშვლე, გახარებული ბავშვი "მამა მაგარიას" ძახილით შევარდა მაღაზიაში და ნაყინი 25 წამში შეჭამა.

- ძვირფასო, -  მომიახლოვდა მეუღლე, რომელიც საცურაო კოსტიუმის სიძვირის გამო, უკვე მეოთხე დღე იყო კაბით ბანაობდა - საცურაო კოსტიუმის ზედა ნაწილი მაინც მიყიდე, გთხოვ.

ვერც მეუღლის თვალებს გავუძელი და "დაშლილებში" ქალის საცურაო კოსტიუმის ზედა ნაწილი შევუძინე. ცოლმა ისევ გამიმეორა, რომ ძალიან ვუყვარდი.

მთელ დღეებს ზღვაზე ვატარებდით, მხოლოდ ერთხელ შევედით კაფეში და ფასებისგან შეშინებულებმა "კოკა-კოლის" გარდა არაფერი შევუკვეთეთ. მხოლოდ ზღვაზე არ ვიხდიდით ფულს და ამ ამბით ისე ვიყავი გახარებული, რომ შვილებს და მეუღლეს ასე ვუძახდი:

- იცურავეთ თქვენი ჭირიმე, აქ იცურავეთ, იქაც იცურავეთ, ღრმადაც შესცურეთ, ეს მაინცაა უფასო, არ დაიკლოთ არაფერი!

ზღვისპირეთში ყოფნის მეშვიდე დღეს 3.567 ლარიღა მქონდა, სიმინდის გამყიდველებს დამახსოვრებული ვყავდი და ჩემს დანახვაზე "აბა, ცხელი სიმინდიის" აღარ იძახოდნენ, იცოდნენ, მაინც არ ვიყიდდი, მხოლოდ მზესუმზირის გამყიდველი თუ შემხედავდა ხანდახან იმედიანი თვალებით, იმასაც ლატარიის მყიდველივით ხანდახან უმართლებდა. უბედურება ის იყო რომ, თავის დაბანაზე დიასახლისმა ფიქსირებული გადასახადის ნაცვლად საცალო ფასი დაადო და უკვე 5 Dდღე იყო გასული, რაც ტანი არც ერთს არ დაგვებანა.

- მამა, მარტო ფეხს დავიბან, რა, -  ჩამოსვლიდან მეექვსე დღეს შემევედრა ჩემი უმცროსი შვილი და სილიანი ფეხი დამანახა.

- დაიბანე, შვილო, ოღონდ მარცხენა, -  წავედი მე დათმობაზე.

- Mმეც მინდა, - დაიკვნესა უფროსმა შვილმა  და დასვრილი ფეხი დამანახა.

- მოგიკვდეთ მამა, - დავიკვნესე მე და დასაბანი ფული დავურიგე შვილებს.

ასე მხიარულად ვისვენებდით, წამოსვლამდე ორი დღე იყო დარჩენილი, როცა ბულვარში მწვადის სუნით ნერწყვმორეულ მე და ჩემს ცოლ-შვილს წინ მეგობარი და სამსახურში ჩემი თანაშემწე შემოგვხვდა.

- რამ გაგახდუნათ ასე? - დაკვირვებული მზერით შეგვხედა მან და გადაგვკოცნა.

- ეეჰ, - ამოვიოხრე მე და სომალელი ბავშვივით დიდთავა შვილს მოვეფერე.

- მე საზღვარგარეთ ვარჩიე დასვენება, - განაგრძო ჩემმა მეგობარმა, - მაგარი ვისიამოვნე, ნახე ბავშვები და ცოლი როგორ გავასუქე?

მე შურით შევხედე მზისგან დამწვარ, ჩასუქებულ, სუფთად დაბანილ ადამიანებს და მეგობარს ვუთხარი:

- იქ სიძვირეა, წელს ფული არ მეყოფოდა, გაისად წავალ.

- რა სიძვირე, - გაეცინა მეგობარს - 2.000 ლარში ჩავეტიე, არაფერი არ დამკლებია.

- ნაყინი იქაც 15 ლარი ღირს? - შეეკითხა ჩემს კოლეგას ჩემი უმცროსი შვილი და ცრემლი გადმოუგორდა.

- არა, რა თხუთმეტი? - გადაიხარხარა მეგობარმა, - იქ თხუთმეტ ლარად მთელ მანქანა ნაყინს იყიდი.

ცოლს შევხედე, ისეთი გაბრაზებული სახით მიყურებდა, მივხვდი რომ მისი პირიდან "მე შენ მიყვარხარს" თქმა, თუ რამეს არ მოვიმოქმედებდი, კიდევ თხუთმეტი წლით გადაიდებოდა. მეც არ დავიბენი, ჯიბეზე მოვისვი ხელი და ფული გადავთვალე, 2.500 ლარი მქონდა დარჩენილი.

- აბა, ხალხო, - დავიყვირე უეცრად და ცოლ-შვილს ხელი გადავხვიე - წავედით საზღვარგარეთ!

ბავშვები ყვიროდნენ, მეგობარს უხაროდა, რომ კარგი ადგილი მასწავლა დასასვენებლად, ცოლმა კი ჯულიეტასეული ჰაბიტუსით შემომხედა და მითხრა:

- მე შენ მიყვარხარ!