ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

ბადრი და საათი

კომუნისტების დროს ქართული ფოლკლორის გუნდები ხშირად დადიოდნენ უცხოეთში. ერთ-ერთი ასეთი გუნდი, სადაც ბადრი მ. მღეროდა, ჩეხოსლოვაკიაში გაემგზავრა. გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, ბადრიმ მაჯის საათი შეაკეთებინა ქუთაისში ცნობილ ბუხუტია მესაათესთან.

საათი პრაღაში ჩასვლისთანავე გაუფუჭდა. რა უნდა ექნა ბადრის და დაიწყო თავის საათზე ხუმრობა. მივიდოდა გამვლელ ჩეხთან და ქართულად ეუბნებოდა: - გამეგზავნე ქუთაისში, მიიტანე ეს საათი ბუხუტიასთან და უთხარი, საათი გამიკეთე, თორემ, რომ ჩამოვალ, დედას გიტირებ-თქო. ჩეხები გაოცებით შესცქეროდნენ.

ზოგი თავის საათს ანახებდა, არ მინდა, მაქვსო. ზოგი დროს ეუბნებოდა, ჩვენ კი სიცილით ვიგუდებოდით. ბადრის ხუმრობა მაშინ შეწყდა, როცა მორიგ ჩეხთან მივიდა და ქართულად უთხრა: მომისმინე, ძმაო, უნდა გამეგზავნო ქუთაისში, წაიღე ეს საათი და ბუხუტია მესაათეს უთხარი...

- ბუხუტიეს დედაც და შენი დედაცო!.. - ქართულადვე შეუკურთხა "ჩეხმა".

როგორც შემდეგ გაირკვა, ისიც ჩვენსავით გასტროლზე ჩამოსული ქართველი ყოფილა.

მიხეილ ობოლაძე, ქუთაისი

KvirisPalitra.Geმოარშიყე ფსიქოლოგი

ეს ამბავი თბილისის ერთ-ერთ კაფეში მომხდარა რამდენიმე წლის წინ.

ერთი ბიჭი იჯდა და ყავას სვამდა, იქვე მაგიდასთან სასიამოვნო გარეგნობის გოგო შენიშნა, რა თქმა უნდა, მოეწონა, ბევრი იფიქრა, მისულიყო თუ არა გასაცნობად, ბოლოს მისვლა გადაწყვიტა, მივიდა და ეკითხება:

- უკაცრავად, შეიძლება თქვენს მაგიდაზე დავჯდე?

გოგომ კი ყველას გასაგონად მაღალ ხმაზე კითხვითვე უპასუხა:

- რაა? რას კადრულობთ? ვინ გგონივართ? მე პატიოსანი გოგო ვარ და არა ვიღაც მეძავი!

ბიჭი რა თქმა უნდა, უკან შემობრუნდა და შეურაცხყოფილი დაუბრუნდა საკუთარ მაგიდას. რამდენიმე წუთის შემდეგ გოგო თავად მივიდა ამ ბიჭის მაგიდასთან, ზედ მაგიდაზე ლამაზად ჩამოჯდა და ირონიულად უთხრა:

- არ გეწყინოთ, ასე რომ მოგექეცით, მე ფსიქოლოგი ვარ და ვსწავლობ ადამიანების რეაქციას არაადეკვატურ სიტუაციაში.

ქალს წინადადება ბოლომდე არც კი ჰქონდა დამთავრებული, რომ კაფეში გაისმა ბიჭის ხმამაღალი ხმა:

- რაა.? რა ამბავია 200 დოლარი, არ მინდა, მადლობთ.

დათო, თბილისი