ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

მოწყობაც ამას ჰქვია

ცნობილი ექიმი-გინეკოლოგის, ბატონ ნოდარ ძნელაძის ნაამბობიდან: - 60-იან წლებში მომიწია მოსკოვში ჩასვლამ. მაშინ საბჭოეთის დედაქალაქის სასტუმროებში მოწყობა, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში, დიდი პრობლემა იყო.

მეც ვიარე, ვიარე, ვერსად ვერაფერი მოვახერხე, ბოლოს ვიღაცამ მიმანიშნა აგერ, აქვე ახლოს საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროს საუწყებო სასტუმროა, იქნებ იქ შეძლოთ დროებით მოწყობაო. მოვძებნე სასტუმრო. ვხედავ, ფოიეში ხალვათობაა. მივადექი მორიგე ადმინისტრატორს, საკმაოდ სიმპათიურ, ქერა ქალბატონს. - თავაზიანი მისალმების შემდეგ თავისუფალი ნომერი მოვითხოვე.

მეკითხება, - ორგანოში მუშაობთ?

- დიახ, - ვპასუხობ მოკლედ.

ადმინისტრატორი მაწვდის ანკეტის ბლანკს, რომელსაც ვავსებ და უკან ვუბრუნებ. მან ყურადღებით ჩაათვალიერა ბლანკი და ადრე დასმული კითხვა ისევ გამიმეორა, რაზეც იგივე პასუხი მიიღო.

კვლავ კითხვა - კი მაგრამ, რომელ ორგანოში მუშაობთ?

მეც ვპასუხობ:

- ქალთა!.. გინეკოლოგი გახლავართ...

მომხიბვლელმა ადმინისტრატორმა ჯერ პირი დააღო, მერე გულიანად გადაიკისკისა..

ასე და ამგვარად, თბლისში რომ ჩამოვედი, სატრაბახო მქონდა. მოსკოვში, სასტუმროში ისე დავბინავდი, "მოსაწყობი" ფული არ გადამიხდია-მეთქი.

იოსებ ნაცვლიშვილი, თბილისი

უცნაური შეკვეთა

სტუდენტობის დროს, ოთხმოციან წლებში, სტიპენდიების აღების დღეს, ოთხი მეგობარი ტრადიციულად "ზემელზე" მდებარე რესტორან "კინოს სახლში" მივდიოდით (იმდროინდელი სტიპენდია - 40 მანეთი გვაძლევდა ამის საშუალებას). ერთ-ერთ ასეთ საღამოს, გვიან მოგვიწია რესტორანში მისვლამ და ხალხის სიმრავლის გამო, გაჭირვებით მოვახერხეთ მაგიდასთან დასხდომა.

შუა ქეიფში სუფრაზე კატა ამოხტა, მიიხედ-მოიხედა, ტატოს წინ მდგარ ჭიქაზე მოისაქმა და სანამ აზრზე მოვიდოდით, გაქრა. მომხდარით გაკვირვებულებმა ერთმანეთს გადავხედეთ. კატის საქციელით შეურაცხყოფილი ტატო უცებ აილეწა, - ვახ, ამათი დედაო! - დაიძახა და ადმინისტრატორისკენ გაქანდა, დასაწყნარებლად უკან მივყევით.

მცირე ხნის "საუბრის" შემდეგ, ადმინისტრატორმა მუსიკოსებისკენ მიგვითითა: - მე რა შუაში ვარ, ეგ კატა მაგათიაო. ახლა მუსიკოსებთან მივარდა გააფრთებული ტატო.

- ბიჭო, შენმა კატამ ჩემს ჭიქაში ჩააფსა, იცი?!

- კი, ძმაო, რაზეა ლაპარაკი!.. - შეშინებულმა დამკვრელებმა ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს და უცებ დააგუგუნეს: "შენმა კატამ ჩემს ჭიქაში ჩააფსაააა..."

იქ ამბავი ატყდა, ალბათ წარმოიდგენთ.

პაატა ბაკურაძე, თბილისი