მე ევროპელი ვარ - კვირის პალიტრა

მე ევროპელი ვარ

- ჩამოხვედი ხო ევროპიდან? - შევძახე ტელეფონში ჩემს სიყრმის მეგობარს და სიხარულის ყიჟინა აღმომხდა.

- ჰო, ჩამოვედი, მყ დეარ, - მითხრა მან.

- როგორი "დეა"? - ვერ გავიგე მე.

- არაფერი, - გაეცინა მას, - დღეს ჩემს ჩამოსვლას აღვნიშნავთ რესტორანში და მოდი, ok?

- მოვალ, ვუთხარი მე და ყურმილი დავკიდე.

ზაფხულის ცხელი საღამო იყო, ბეღურებს სიცხისგან ბუმბული აბურძგნოდათ, ქუჩის ძაღლებს პირი მაქსიმალურად გაეღოთ და წითელი  ენები გადმოეგდოთ, მე კი ჩემი ერთადერთი კლასიკური კოსტიუმი მეცვა და რესტორანში მივიჩქაროდი.

ჩემი ასეთი ჩაცმულობის დანახვაზე ხალხი დამცინავად მიყურებდა, ის კი არა და ერთმა სურათი გადამიღო facebook-ზე უნდა დავაგდოო. რა იცოდნენ იმ უბედურებმა, რომ მე საპატიო სტუმართან მივდიოდი რესტორანში, სადაც მაღალი საზოგადოების უამრავი წარმომადგენელი იტრიალებდა და ჯინსით ვერაფრით მივიდოდი.

რესტორანს რომ მივუახლოვდი, იქიდან შორტებში გამოწყობილი ორი ქალიშვილი გამოვიდა.

- ვაიმე, ოჰ, my god! - დაიძახა ჩემს დანახვაზე შედარებით მოკლეშორტიანმა და მანაც ფოტოაპარატი მოიმარჯვა. რაც შეეხება შედარებით გრძელშორტიანს, იგი გვერდით ამომიდგა და გაიღიმა. სურათის გადაღების შემდეგ მოკლეშორტიანმა მადლობა გადამიხადა და მითხრა, რომ თუ ჩემი სურვილიც იქნებოდა, ლიკასთანაც გადამეღო სურათი.

როგორც იქნა, რესტორანში შევედი, ჩემს დანახვაზე საზოგადოებამ მორიდებული, მაგრამ გამაღიზიანებელი ჩურჩული დაიწყო.

- oh, my friend, რას ჰგავხარ? - დაიძახა ჩემმა მეგობარმა ჩემს დანახვაზე და გადამეხვია.

შევათვალიერე, ზემოდან უამრავწარწერიანი მაისური ეცვა, რომელიც რაღაცით ნოე ჟორდანიას გაზეთ "კვალს" მაგონებდა:

- რავა ხარ ძმაო, ჯემალ, ხომ ხარ მგელივით? - ვკითხე მეგობარს და ვიგრძენი, რომ სხეული ამითრთოლდა.

- მე ჯეიკი მქვია, - მკაცრად შემისწორა მეგობარმა და სუფრასთან დამსვა. თვითონ გვერდით მომიჯდა და კლაფუტი გადაიღეო, მითხრა. მე არ ვიცოდი კლაფუტი რა იყო და ყველი გადავიღე.

- რას შვრები, მუშაობ სადმე? - შემეკითხა მეგობარი და ასო ,,ს"”რატომღაც ენის წვერით გამოთქვა.

- სადაა სამუშაო? - ამოვიკვნესე მე.

- oh my, goodness! - დაიკვნესა ჩემმა მეგობარმა ჯემალმა, ჯეიკად წოდებულმა. - სამუშაოს მეტი რაა, შედი jobs.ge-ზე.

- რა სამუშაოებია იქ? - იმედი მომეცა მე.

- აი, ახლახან ვნახე ბარტენდერის ვაკანსია. რა ვიცი, მიდი, იქნებ ბარტენდერად დაგნიშნონ, ხომ იცი, ბარტენდერობა ადვილია ძალიან.

მე არ ვიცოდი, რა იყო ბარტენდერი და ისევ შევჭამე ყველი.

რესტორანში კი ქეიფი კულმინაციას უახლოვდებოდა. ცოტა მეც შევთვერი და კოსტიუმი გავიძვრე. მოულოდნელად ვიღაც სათვალიანი ქალი მომიახლოვდა, კარგად შემათვალიერა და ყოველგვარი შესავლის გარეშე, მომენტალურად მომაყენა მსუბუქი შეურაცხყოფა:

- თქვენ გოიმის სახე გაქვთ, მეგობარო, - მითხრა მან, - მე ფსიქოლოგი ვარ. ფსიქოლოგიურად, ფროიდისეულად რომ ვთქვათ, თქვენი ლიბიდო გაიძულებთ თქვენ... როგორ ვთქვა, you heve a complex.

აქ უკვე მესამედ შევჭამე ყველი, უხერხული მდგომარეობიდან კი მეგობარმა გამომიყვანა:

- ეეჰ, ამას პატრონი არ ჰყავდა, თორემ იცი, რა ევროპულცხოვრებისეული მონაცემები ჰქონდა?

კონიაკი უკვე ძალიან მომეკიდა, დარბაზში ცეკვა იყო გაჩაღებული. არ ვცეკვავდით მხოლოდ მე და ერთი კაცი, რომელსაც ფეხი სტკიოდა. მოცეკვავეებიდან ხანდახან ვიღაც მომიახლოვდებოდა, დამინახავდა, გაიცინებდა და ისევ საცეკვაოდ მიიწევდა. ვგრძნობდი, რომ ძალიან სასაცილო ვიყავი. უეცრად გონება გამინათდა.

გამახსენდა, სოფელში ჩემმა მეზობელმა ჯუმბერამ ტანზე როგორ გაიხადა და ტრუსის ამარა იცეკვა მაგიდაზე. ეტყობა, იმან იცოდა ევროპა,  - გამიელვა თავში და შარვლის გახდა დავიწყე. ჯერ შარვალი გავიძვრე, მერე ზევით ყველაფერი გავიხადე და ამის შემხედვარე პირდაფჩენილ მოკლეშორტიან გოგოს ხელი მოვკიდე.

- I am in georgia - დავიძახე მე, გოგო ხელში ავიტაცე და მაგიდაზე ავხტი.

- waw!- დაიძახეს მოცეკვავეებმა და ისინიც ამოხტნენ მაგიდაზე, მე კი ინდიელი ბელადივით პირდაპირ ყველის თეფშზე შემდგარი ვიძლეოდი ბრძანებას.

- უფრო მაგრად, მაგრად! აბა, წავიდა რიძგინიიიიი... - ესეც ჯუმბერასგან მახსოვდა, იმ დიდი ევროპელისგან.

ცეკვა არ წყდებოდა, მხოლოდ  სათვალიანი ფსიქოლოგი, მე რომ შეურაცხყოფა მომაყენა, მიყურებდა ერთხანს გაკვირვებით, მერე გამიღიმა, oh, my god-ო თქვა და ყველის ჭამას შეუდგა.