მერაბიშვილზე ხუმრობებს დღედაღამ ვწერდით - კვირის პალიტრა

მერაბიშვილზე ხუმრობებს დღედაღამ ვწერდით

სიმართლე გითხრათ, თავიდან რომელიმე პოლიტიკოსთან ვაპირებდით ინტერვიუს, მაგრამ მათგან - ბათუმში ვარ, ანტალიაში ვარ, ბოდრუმში ვარ ან არუბაში ვარ - გვესმოდა და ასე ნელ-ნელა შეუმჩნევლად პოლიტიკოსებიდან იუმორისტებზე გადავედით, ისევე როგორც პოლიტიკა გადავიდა ამ ბოლო დროს იუმორზე.

შესაბამისად, ჩვენი რესპონდენტი "რუსთავი-2"-ის იუმორისტული გადაცემების ხელმძღვანელი ალეკო მალხაზიშვილი იქნება, ბატონი მალხაზიშვილი რომ კარგი იუმორისტია, ამას ისიც ამტკიცებს, რომ ამ 40 გრადუს სიცხეში მარტო ისაა თბილისში. რაც შეეხება მის ამ რუბრიკაში მოხვედრას, ეს მასაც გაუკვირდა და შეკითხვები თავიდან მოხერხებული ჟურნალისტივით აქეთ დაგვისვა.

- კი მაგრამ, თქვენი რუბრიკის სტუმრები ხომ პოლიტიკოსები არიან?

- დიახ.

- მერე ჩემთან რატომ მოხვედით? რამე გაიგეთ?

- რა უნდა გაგვეგო?

- იქნებ პოლიტიკაში მივდივარ? ან იქნებ თანამდებობაზე მნიშნავენ?

- არა, ასეთი ჯერ არ გაგვიგია, მაგრამ ისე კარგი ფეხი გვაქვს. ნინა ჩავწერეთ, დეპარტამენტის თავმჯდომარე გახდა, შონზოსგან ავიღეთ ინტერვიუ, საკრებულოს წევრია უკვე...

- მართლა? ძალიან კარგი. მაშინ, თუ უკვე თანამდებობაზე ვარ, დავიწყოთ ინტერვიუ.

- კარგი, დავიწყოთ... შენ მართალი ხარ, პოლიტიკოსები სტუმრობენ ხშირად ჩვენს რუბრიკას, მაგრამ იუმორი და პოლიტიკა არ უნდა იდგეს ერთმანეთისგან შორს.

- აღიარეთ, რომ ვერავინ დაიჭირეთ ქალაქში ამ სიცხეში და იმიტომ მომადექით... ისე კი იუმორი პოლიტიკის გარეშე წარმოუდგენელია.

- ყველამ კარგად იცის, რაც ხდება ქართულ შოუბიზნესში, ფეხბურთში, ეკონომიკაში. ქართულ იუმორში როგორაა საქმე?

- ანუ, რომ ვითარდება ეს დარგი და წინ მიდის, ამაზე მეკითხები? ისე კი, თუ დაუკვირდებით, ყველაფერ ამაზე იუმორისტები ბევრს ვხუმრობთ და თუკი ვინმე დღეს ცდილობს რაიმე გამოასწოროს შოუბიზნესში, ფეხბურთსა და ეკონომიკაში, ეს ჩვენი, იუმორისტების მცირედი დამსახურებაცაა...

- "ვანოს შოუში" ხშირად იწვევთ პოლიტიკოსებს. ჩვენ გვყავს "საყვარელი" პოლიტიკოსი, თქვენ?

- ყველა პოლიტიკოსი "საყვარელია", მეგობრებო... ასე რომ, გამორჩევა გამიძნელდება.

- კარგი, მაშინ ეს გვითხარი, ჩვენ გვყავს გაბრაზებული პოლიტიკოსი, რომელთანაც ინტერვიუ ვერა და ვერ ჩავწერეთ, თქვენ?

- ო, ეგეთი ჩვენც გვყავს, თქვენი ვინ არის?

- აბა, თუ გამოიცნობ...

- რა გამოცნობა უნდა, ვინც ჩვენი ის თქვენიც... შალვა?

- კი, შალვაა შალვა...

- ერთხელ თქვა, "რუსთავი 2"-ის იუმორისტებს იუმორში ჯიბეში ჩავისვამო, ძალიან გვინდა, ჩაგვისვას, მაგრამ არ მოდის. სერიოზულად რომ ვთქვა, ვერ გავიგე, რატომ არ მოდის. იუმორისტული გადაცემა საუკეთესო საშუალებაა, გამოაჩინო ადამიანი დადებითად, ანუ როცა ხუმრობს, პოლიტიკოსი იქნება ეს თუ სხვა ვინმე, ძალიან დადებით ემოციებს იწვევს მაყურებელში. უი, დამავიწყდა, კიდევ არის ერთი, ოღონდ არაპოლიტიკოსი, რომელიც ვერ მოვიყვანეთ.

- ეგ ჩვენც ვერ დავითანხმეთ ინტერვიუზე.

- ვისზე ვამბობ, აბა, თუ გამოიცნობთ?

- დავით აქუბარდია.

- ეგ არის. მოკლედ, "ერთ ბედ ქვეშა ვართ", რა... აქუბარდიას სხვა მიზეზი მოჰყავს, დაახლოებით ასეთი: "არა ვარ მე ის კაცი"...

- მოდი, იმ "ვანოს შოუზე" ვისაუბროთ. მართლა სპონტანურად ხუმრობდა მერაბიშვილი თუ წინასწარ ჰქონდა დაწერილი?

- ეს ყველაზე მაგარი გადაცემა იყო. ხუმრობები, რა თქმა უნდა, ჩვენ დავწერეთ, მაგრამ ინტერპრეტაციაც ძალიან ბევრი იყო.

- არ გაგიჭირდათ ხუმრობების დაწერა ვანოსთვის?

- გაგვიჭირდებოდა და ჩვენი აჯობებდა... გვინდოდა კარგი გადაცემა გამოსულიყო და დღედაღამ ვმუშაობდით, კვირასაც კი...

- ვანო გყავდათ სტუმრად, უფრო "ზემოთ" ხომ არ აპირებთ წასვლას? პრინციპში, "ზემოთ" ერთი კაციღაა...

- ჩვენ ხომ დიდი ხანი ვხუმრობდით "ის ვანო" და "ეს ვანო". ჰოდა, იმ კონკრეტულ გადაცემას ძალიან მოუხდა "იმ ვანოს" მასპინძლობა, რაც შეეხება პრეზიდენტს, კარგი იქნებოდა, მაგრამ... ისე კი დამეთანხეთ, რომ სააკაშვილს მართლაც გამორჩეული და რომ იტყვიან, "ტონკი" იუმორი აქვს.

- გეთანხმებით. ალეკო, ამბობენ და ამაზე თქვენც ხშირად ხუმრობთ, რომ თქვენ ცენზურა გყავთ. ხომ ვერ გაგვიმხელ ვინაობას?

- რატომაც არა, დასამალი რა გვაქვს? ჩვენ რომ დავწერთ ხუმრობებს, მერე ის ითარგმნება ინგლისურად, იგზავნება თეთრ სახლში, იქ ასწორებენ და გზავნიან უკან, მერე ითარგმნება ქართულად და ამიტომაცაა ხანდახან ყველა რომ ვერ იგებს ხუმრობებს.

- კარგი, მოდი, ახალ პროექტზეც ვთქვათ, "დაამარცხე ვარსკვლავი" საინტერესო პროექტია, აი, მანდ რომ მოიწვიოთ პოლიტიკოსები?

- როგორ მოვიწვიოთ, როგორც ვარსკვლავი თუ როგორც უცნობი?

- ზოგი როგორ და ზოგი როგორ? მაგალითად, ვანო მერაბიშვილი მოიწვიეთ როგორც ვარსკვლავი.

- კარგი აზრია, და როგორც უცნობი, მოვიწვევთ "უცნობს".

- ბოლოს რაიმე ახალი ხუმრობა გვითხარი.

- კახელი ზის სოფლის ცენტრში, ჩამოივლის მეზობელი და დაუძახებს:

- გამარჯობა, მიხო!

- გაუმარჯოს! - ჩამოივლის მეორე.

- გამარჯობა, მიხო!

- გაუმარჯოს! - ჩამოივლის მესამე.

- გამარჯობა, მიხო!. მიხო გაბრაზდება და დაიყვირებს:

- ან არ გეზარებათ, ან არ დაიღალეთ, მე თქვენი!!!