უხორცო ხინკალი - კვირის პალიტრა

უხორცო ხინკალი

ეს ამბავი კომუნისტების დროს მოხდა. ოზურგეთში სასადილოს გამგედ მუშაობდა საკმაოდ ენაკვიმატი ნოდარ ბ-ძე. ერთხელ, ერთი კლიენტი აღშფოთებული კიცხავდა

ოფიციანტს:

- რა არის, ესაა ხინკალი?! ახლავე დაუძახეთ გამგეს! - მუშტი დაარტყა მაგიდაზე კლიენტმა. ოფიციანტს ფერი ეცვალა და სასწრაფოდ გაეშურა უფროსის კაბინეტისკენ.

- რა უნდა? - ჰკითხა ნოდარიმ.

- რა ვიცი, ბატონო, ხინკალი არ მოეწონა, ნაღდად ინტრიგანია. უხალისოდ გაემართა ნოდარი სასადილოს დარბაზისკენ.

- რა პრეტენზია გაქ, ძამა? - ჰკითხა კლიენტს მეგობრულად.

- რა და 20 ცალი ხინკალი შევუკვეთე და არც ერთში ხორცი არ არის, ხომ ვერ ამიხსნით, რატომ?

- რატომ და გუშინ ხორცმა ხალხი დაგვიწამლა და აღარ ჩავდევით, ბატონო. - უპასუხა ნოდარმა. კლიენტმა თავი ვეღარ შეიკავა და გულიანად გაიცინა, რამაც სიტუაცია უცებ განმუხტა.

დათო, თბილისი.