ტრილოგია - ადამიანები - კვირის პალიტრა

ტრილოგია - ადამიანები

კაცები

- ძველად ადამიანებს ოთხი თვალი, ოთხი ყური, ორი ცხვირი, ორი თავი, ოთხი ხელი და ოთხი ფეხი ჰქონდათ, მერე ღმერთმა გაყო ადამიანი, მის მერე ეძებენ ისინი ერთმანეთს და როცა ნახავენ, ესაა ნამდვილი სიყვარული, - წარმოთქვა ეს სიტყვები ახალგაზრდა მამაკაცმა და მოსაუბრეს მიაჩერდა.

- მე მესმის თქვენი, განაგრძეთ..

- დიახ, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ, სიყვარული კი არის ორი ნოტი, სადაც თითოეულის გარეშე სწორ და ლამაზ აკორდს ვერ შექმნი.

- იცით, არც კი ვიცი, რა გიპასუხოთ.

- ნურაფერს იტყვი, სიყვარულსა მალვა უნდა და არაა სიტყვები საჭირო, როცა თვალები თანხმობას მეუბნებიან.

- იცი, ასე ადვილი არაა, რას იტყვიან სხვები...

- ისინი ვერაფერს გაიგებენ, ჩვენ და მხოლოდ ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი ცხოვრება, ლამაზი ცხოვრება...

- კარგი, მაცალეთ, ვიფიქრებ ცოტა ხანს.

- არა ნამდვილი სიყვარული სადაცაა, იქ ფიქრი არაფერ შუაშია, მალევე გადაწყვიტეთ, გული ვერ ითმენს და მალე ბუდიდან გადმომივარდება.

- მოიცათ, ძალიან გთხოვთ, ნუ მაჩქარებთ, მეშინია, გესმით, განა ასე ადვილია..

- შენი სიტყვები გულზე ლახვარივით მედება, ასე მგონია არ გიყვარვარ და თუ გიყვარვარ, დამიმტკიცე.

- როგორ არ მიყვარხარ, ძალიან გაფასებ და მესმის, რომ არ შემარცხვენ და არ გამთქვამ არსად, მაგრამ ხომ იცი, რა დროა, რომ გაგვიგონ..

- ვერ გაგვიგებენ, - ფეხზე წამოდგა ტენდერების კომისიიის თავმჯდომარის მოადგილე და თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ შეხედა, - ვერ გაგვიგებენ, ტენდერს ჩავატარებთ და ჩემი ფირმა გაიმარჯვებს, ჩემი რა, ჩვენი, ჩვენ რამ გაგვყო, ერთნი ვართ.

- კარგი ხო, კარგი, ნახევარი მოგება ჩემია, იცოდე, იმედია, არ მიღალატებ.

- არასოდეს, - მთელი გრძნობით წამოიძახა მოადგილემ და თავმჯდომარეს გამოემშვიდობა.

- მიღალატებ და ჩვენი საუბარი ჩუმად ჩავიწერე, - ხმადაბლა თქვა სიმპათიურმა თავმჯდომარემ და სავარძელში ნებიერად გადაწვა.

KvirisPalitra.Geქალები

- რას ჰგავს ეს, რას დაამსგავსეს ქართველი ქალის მანდილი? - აღშფოთებით ამბობდა ახალგაზრდა ქალი.

- აბა, ეს რომ წინაპრებმა გაიგონ, ამოტრიალდებიან საფლავში, - დაეთანხმა მეორე, ძალიან სიმპათიური ქალბატონი.

- ახალგაზრდები სულ გაფუჭდნენ, აღარც ქალიშვილობა აინტერესებთ, აღარც ქმარი ადარდებთ..

- ისეთ ხალხზე ვიგებ, საყვარელი რომ ჰყავთ, ვერაფრით რომ ვერ წარმოიდგენდი ადრე.

- ძალიან კარგი წესი იყო ადრე რა, ასეთ მოღალატე ცოლებს ქვებით ქოლავდნენ.

- ესე იგი, ევროპელი ვარო და ყველამ ერთბაშად აიშვა, რა.

- სექსუალური რევოლუცია ჰქვია თურმე მაგას, რავა ყველაფრის რევოლუცია ჩვენთან უნდა მოხდეს?!

- აბა, აბა!

- ადრე თურმე ჩვენი ქალები თურქ კაცებს რომ არ ჩავარდნოდნენ ხელში, ქარაფებიდან ხტებოდნენ, დღეს პირიქითაა.

- კარგი, დამანებე თავი, გასკდა გული ამდენი უმსგავსობის მოსმენით.

ქალები ცოტა ხანს გაჩუმდნენ და ნაღვლიანად გააყოლეს თვალი მათ წინ მოძრავ მანქანებს.

- ასე თუ გაგრძელდა, სულ აღარ გვეყოლება მალე კლიენტი, - ამოიოხრა ბოლოს ერთმა.

- რა კლიენტი, უფასოდაა ყველგან და ჩვენ ვინ რას გადაგვიხდის? - ამოიოხრა მეორემაც...

KvirisPalitra.Geბავშვები

- ვაიმე, რა ლამაზი კოპლებიანი კაბა გაცვია, - უთხრა ერთმა ლამაზმა გოგომ მეორეს, - ვინ გიყიდა?

- მამიკომ, - უპასუხა მეორემ და ბავშვურად ენა გამოუყო პირველს.

- მეც კი მიყიდა დედიკომ თეთრი კაბა, პეპლები ახატია.

- მე მამიკომ - წელს ამერიკაში წაგიყვანო.

- რას მახარბებ, მე ვიყავი იქ კარგა ხანს.

- მოდი, რამე ვითამაშოთ, გინდა?

- რა ვითამაშოთ, გოგო, გაგიჟდი? გვიყვირებენ!

- აუ, შენ თუ ხმა გაგცე, აგერ ნახავ რაა...

- კარგი ახლა ჩხუბის დრო არაა, გავედით, გარეთ გველოდებიან.

- მოიცდიან, მოიცა ჯერ გავიპრანჭები.

- რას გაიპრანჭები, წამო, წარგადგენ ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ჟურნალისტები გველოდებიან.

K- კარგი, ხო, წავედით, ვერა, მაგრამ ჩემი კაბა უფრო ლამაზია მაინც.