რა გაძვირდა და რა არა - კვირის პალიტრა

რა გაძვირდა და რა არა

ბოლო დროს აქტუალური თემა გახლავთ ფასების მატება. ჩვენ, როგორც მთავრობის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია, დავინტერესდით ამ თემით და

ფასების გადამოწმება გადავწყვიტეთ.

მთელი ქალაქი შემოვიარეთ და მივხვდით, რომ ეს არის მორიგი პროვოკაცია. ვერავითარი ფასების მატება ჩვენ ვერ დავაფიქსირეთ. აი, მაგალითად: სანთებელა ისევ 20 თეთრი ღირს, ვარკეთილიდან თავისუფლების მოედნამდე ტაქსი კვლავ 8 ლარს ითხოვს (თუ შეევაჭრები, შვიდადაც წაგიყვანს), ფრანგული სუნამო სტაბილურად ორასი ლარია, იგივე ფასი დარჩა "დინამოს" საფეხბურთო მატჩზე დასასწრებ ბილეთს (2 ლარი), ასევე არ გაძვირებულა ფასიანი ტუალეტები (20 თეთრი).

ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებსაც: მომღერალმა გვითხრა, რომ არ გრძნობს ფასების მატებას, რადგან პლუს ფონოგრამა ისევ 500 დოლარი ღირს; ექიმმაც იგივე გვითხრა:

არავითარი ზრდა, პაციენტისთვის რეცეპტის გამოწერაში ძველებურად 30 ლარს ვიღებო, ერთ-ერთ მინისტრსაც ვკითხეთ, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ პროვოკაციასთან გვაქვს საქმე და რომ ერთი ტენდერის გამარჯვება, ფირმას ისევ 30% უჯდება, როგორც ეს შარშან, შარშანწინ და კიდევ უფრო ადრე უჯდებოდა.

ასე რომ, ძვირფასო საზოგადოებავ, არავინ მოგატყუოთ და არ დაიჯეროთ, რომ ფასები გაიზარდა. ასე უფრო მშვიდად იქნებით თქვენც და მთავრობაც!

P.S. შეიძლება ვიღაცამ იკითხოს, პურის, შაქრის და ზეთის ფასების საქმე როგორღააო, მაგრამ მათ გასაგონად ვიტყვით, რომ ასეთი წვრილმანი რაღაცების გამო მთავრობისთვის ჩირქის მოცხება უსინდისობაა და მეტი არაფერი.

P.P.S. მხოლოდ ერთი გაძვირების ფაქტი დავაფიქსირეთ: მეტროებში, მცირეწლოვანი მომღერალი ბავშვები, 5 ის ნაცვლად 10 თეთრს ითხოვენ!