ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

მშიშარა მაფიოზები

როგორც მოგეხსენებათ, მთელ მსოფლიოში იტალია ოდითგანვე ცნობილია მაფიოზური კლანების სიმრავლით. ქართველები ჯერ არა, მაგრამ ნელ-ნელა ვიკრებთ "ძალას" ამ მიმართულებით. ამბავი, რომელიც ახლა უნდა გიამბოთ, ნამდვილია და ერთმა ჩემმა ნაცნობმა იტალიელმა მიამბო, რომელიც დიდ მაფიოზურ კლანთან დაახლოებული პირია. მოკლედ, შარშან მათ ოჯახს ერთ-ერთი ქართული დაჯგუფების წარმომადგენელი მიადგა და ნარკოტიკების დიდი პარტია მოითხოვა.

როგორც ხდება ხოლმე, მოლაპარაკების პროცესი რამდენიმე დღეს გაიწელა, როცა საქმე ფასზე მიდგა, სიტუაცია გართულდა, რადგან ქართველების მიერ შეთავაზებული ფასი მეორე მხარეს არ მოეწონა.

ჩვენიანები კი გაჯიუტდნენ, მეტის გადახდას არ აპირებდნენ და მუქარაც გამოურიეს ხმაში. იტალიელებმა კი - ჩვენ ვერ გადავწყვეტთ, ბოსს უნდა ვკითხოთო. ბოსმა მოუსმინა თავისიანებს, სადაურები არიანო, იკითხა, ქართველები - იყო პასუხი. ფეხზე წამოხტა ბოსი, სასწრაფოდ მიეცით, რასაც ითხოვენ, ეგენი გიჟები არიან, რუსებს დაუწყეს ომი და ჩვენ რას გვიზამენო.

გ. ნ-ძე. იტალია, რომი.

KvirisPalitra.Geჭკვიანი ქურდები

ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ქალაქში ღამით გასვლა საშიში იყო. მანქანებს ხშირად იპარავდნენ და ცხინვალში ყიდდნენ. ჩემმა მეზობელმა ზურამ რის ვაივაგლახით შეიძინა ძველისძველი "ბმვ"... ზურას სხვებივით ბინის წინ გარაჟი არ ჰქონდა. ეგრეთ წოდებული "სტაიანკაც" შორს იყო... ირგვლივ რაც კორპუსები იდგა, თითქმის ყველა ჩამოიარა, მაგრამ თავისუფალი გარაჟი არავის აღმოაჩნდა, არადა, რა უნდა ექნა, მანქანა უკვე სახლის წინ იდგა.

ულოცავდნენ მანქანის შეძენას ზურას, მაგრამ რაც უფრო ახლოვდებოდა საღამო, მით უფრო ნერვიულობდა. ბოლოს როგორც იქნა იპოვა გამოსავალი. სახლში წმინდა სისხლის უზარმაზარი "ავჩარკა" ჰყავდა, ჩამოიყვანა ეზოში და თავისი "ბმვ"-ს გვერდით დააბა. აბა ახლა მიეკაროს ვინმეო, ჩაილაპარაკა და არხეინად დაიძინა.

დილით, გაიღვიძა თუ არა, ფანჯარასთან მივიდა. "ბმვ"  ადგილზე დახვდა. ამაყად ჩავიდა ეზოში, მაგრამ ძაღლი არსად იყო. ქურდებმა, რა თქმა უნდა, უფრო ძვირად ღირებულის წაყვანა არჩიეს.

გიორგი ჩაფიძე, თბილისი.