უცხოელი მასწავლებლის, ჟანის დღიური - კვირის პალიტრა

უცხოელი მასწავლებლის, ჟანის დღიური

დღე პირველი

საქართველოში ჩამოვედით, მინისტრი შეგვხვდა ყველას და გვაუწყა, რომ სოფლებში უნდა გავენაწილებინეთ. მეც ერთ სოფელში გამამწესეს, ძალიან ლამაზი სოფელია.

დღე მეოთხე

დღეს პირველად გავედი სკოლაში, ზუსტად 9-ის ნახევარზე, როგორც ამას წესდება მოითხოვს. ძალიან გამიკვირდა, რომ დარაჯის გარდა იქ არავინ დამხვდა, ისიც, ეტყობოდა, ნასვამი იყო და დამიძახა - "ზდაროვა" ჟანო (იქაურმა დარაჯმა ინგლისური იცის, მაგრამ რად გინდა, თურმე ლოტოტრონში ვერ გაუმარჯვია და დირექტორობის ნაცვლად დარაჯად გაუმწესებიათ), თანაც დააყოლა, ასე ადრე რამ მოგიყვანა, გუშინ დირექტორს ნადი ჰქონდა და ყველა "პახმელიაზეაო." გამიკვირდა და ვკითხე, კი მაგრამ, წესდებაში 9-ის ნახევარი წერია, როგორ შეიძლება არ მოვიდნენ? დარაჯმა უცნაურად შემომხედა და გაიცინა.

დღე მერვე

ბავშვები ძალიან მიყვარს, აქაურებს კი ვერაფერს ვაგებინებ, იმათ ინგლისური არ იციან, მე - ქართული. რასაც ვუხსნი, ვერაფერს იგებენ, ის კი არადა, ამას წინათ ერთს რომ ვუთხარი, დაფასთან გამოდი- მეთქი, ვერ გაიგო და იძულებული გავხდი, ჩამომეღო დაფა და მიმეტანა მასთან. ეს კიდევ არაფერი, ტანსაცმელის სახელები რომ მესწავლებინა, მთელი ჩემი გარდერობის მოტანა დამჭირდა. Eეეჰ, ტრაქტორებისა და ჰესების ახსნაზე რომ გადავალ, მერე რა ვქნა?

დღე მეათე

ერთი ძალიან ცელქი ბავშვი მყავს და მშობელი დავიბარე მისი, ბავშვმა, რა თქმა უნდა, ვერ გაიგო, რას ვთხოვდი და მეც იძულებული გავხდი, თვითონ მივსულიყავი მათთან. საღამო ხანი იყო, სოლიდურად ჩავიცვი, სკოლის დარაჯი წავიყოლე და იმ ცელქი ბავშვის ოჯახში მივედი. სახლიდან 45-ოდე წლის კაცი გამოვიდა, ზრდილობიანად გამიღიმა და შემიპატიჟა. მე მკაცრი სახე მივიღე და შევედი, მერე დავჯექი და ავუხსენი მშობელს, რომ მისი შვილი არტიკლებს - ტჰე  და  ა სამარცხვინოდ ურევდა ერთმანეთში, თანაც დავაყოლე, რომ საჭირო იყო მისი ჩარევა ამ საქმეში. მასპინძელმა უცნაურად შემომხედა, მერე გაეცინა და დარაჯს მიმართა: - ჩვენს სტუმარს დალევა უყვარს? Dდა როცა ჩემგანაც თანხმობა მიიღო, ისეთი ღვინო გამოიტანა და ისეთი პურმარილი გააწყო, რომ ცდუნებას ვერ გავუძელი და ისე დავთვერი, რომ ცხოვრებაში პირველად, სახლში ჩემით ვერ მივედი, იმ ცელქმა ბავშვმა და დარაჯმა მიმიყვანეს.

დღე ორმოცდამეშვიდე

ქართული უკვე მასწავლეს იქაურებმა, ძირითადად, მოსწავლეებმა. ფულს ძველებურად ეკონომიურად ვეღარ ვხარჯავ, ათასი გასავალი მაქვს: გასვენება, ქორწილი, გადასახურავი, ძმაკაცი, მტერი, მოყვარე. ამიტომ სადღაც შუა თვეში ხელფასი მელევა. იძულებული ვარ, ნარგიზიას ბუტკაში ნისიის ხაზი გავხსნა. ცოტა წუნკალა ქალი კია ეს ჩვენი ნარგიზა, თუ დაუგვიანე, მოვა სახლში და ერთ ამბავს დაგაწევს, მაგრამ რა ვქნა, მეტი გზა არ მაქვს.

დღე სამოცდამერვე

ცოლი სამშობლოში მყავს, შესაბამისად, ბუნება თავისას მოითხოვს და ხანდახან ქალებისკენ გამირბის თვალი, მაგრამ რამდენი ვინმე მომეწონა, ყველა "კაი ბიჭის" და აღმოჩნდა. ამ მხრივ ძალიან მიჭირს. დღეს კი ბევრი საქმე მაქვს და ბევრს ვერ დავწერ. დირექტორის ბიჭის ქორწილია და თავიკაცი ვარ, პირველად თავიკაცად ისტორიის მასწავლებლის მამის გასვენებაში დამნიშნეს. ეკონომიკა მეხერხება და ისეთ კარგ ფასში გავაკეთე გასვენება, რომ ახლა მხოლოდ მე მნიშნავენ თავიკაცად. თევზი ფოთიდან ჩამომაქვს, ლობიო ლეჩხუმიდან. ის კი არადა, მე და ბიოლოგიის მასწავლებლის ქმარს გადაწყვეტილი გვაქვს, საბანკეტო დარბაზი გავაკეთოთ და ბიზნესი ავაწყოთ.

დღე სამოცდამეჩვიდმეტე

ამ ჩვენს დირექტორს სიმთვრალე არ უვარგა, რა! ვეხუმრები კიდეც, თუ არ შეგიძლია სმა, წაქაში ჩაასხი ბროწეულის წვენი და ის სვი-მეთქი. არც ღვინო უვარგა, იმდენ შაქარს უშვრება, რომ კუჭის წყლული გამიჩინა.. ეს ჩემი მეზობლები კიდევ ნერვებს მიშლიან, აქაური კი არა, იქაურები, ამერიკელები. გუშინ დავთვერი და დავურეკე, - აეეე, ვუძახდი ყურმილში - თქვენი დედაც, გამოდით გარეთ, რომ ჩამოვალ, დედას გიტირებთ-მეთქი. გაუკვირდათ. ეს ის ჟანიაო? - უკითხავთ მეორე დღეს ჩემი ცოლისთვის, არა, ბიჭო, მაგენმა ფულები აკეთონ და ჩემს ცოლს სადარბაზო ახვეტინონ?!

დღე ოთხმოცდამეათე

მოკლედ, ახლა მოსწავლეების სია მიდევს წინ, ვისაც საჩუქარი არა აქვს მოტანილი, ნიშანს არ ვაღირსებ. იმ გაწეწილ ვახტანგას რიჟა გოგოს ექსკურსიის ფული არ დაუდვია, მაგას შევარჩენ?! ფული მოიტანოს, თორემ ჩავტოვებ კლასში. თუ ჰგონია მამამისის დაძმარებული ღვინო უშველის ამ საქმეს, ძალიან ცდება. ისე, დღეს "ღორის პანაშვიდზე" ვარ დაპატიჟებული, მაგარი მწვადები იცის ბიოლოგიის მასწავლებლის ქმარმა და ჩემმა ბიზნესპარტნიორმა. ხო, ჩემი ბიზნესი ყვავის, ესაა ნისიებს ვერ ვიღებ დროზე, მაგრამ იქაური "შავი" მყავს წილში, გიორგია "სტრაშნა" და ის მეხმარება, პატიოსანი კაცია, ძმაო, და პატივს სცემს "კაი ბიჭებს". დროზე ფული მიეცითო, ასე იტყვის ერთს ჩემზე და დედიმისის შვილია, ვინმე ფულს არ გადაიხდის დროზე!

ჟანის წერილი მეუღლეს

"ქალო, აქ ბევრი საქმე მაქვს, ათასი ბიზნესი, სად მცალია ახლა მე საოჯახო საქმეებისთვის, ჩამოიყვანე ბავშვები და ჩამოდი აქ. "ნასკები", შარვალი და თეთრეულია გასარეცხი. სწორია რა ისტორიის მასწავლებელი, ქალის საქმეა დღეს "კუხნა" და "ვანა", საღამოს "სპალნა". ხო, კიდო, მაქაური ლუდი ჩამოიტანე, ბირჟაზე ბიჭებს უნდა მივუტანო, თორემ ძმობაში ჩავიჭრები. აბა, ჩქარა, მოხვიე ბავშვებს ხელი და გელოდები. აქ რომ ჩამოხვალ, დააჯექი სოფლის ავტობუსს, ფული არ გინდა, რიჟიკა მძღოლი ჩემი ძმაა, აბა, გკოცნი ბევრს!

შენი ჟანი, მეტსახელად "ბლანჟა"