შეხვედრა ტაილანდში - კვირის პალიტრა

შეხვედრა ტაილანდში

ეს ამბავი ერთ ჩვენს თანამშრომელს გადახდა. ნინო სამსახურებრივი მივლინებით ტაილანდში იმყოფებოდა. ამ ქვეყანაში პირველად იყო და როგორც ტაილანდურ სამზარეულოსთან, ასევე გარემოსთან შეგუება ძალიან გაუჭირდა. ინგლისური საშუალოდ იცოდა, ასე რომ, იქაურებთან ენობრივი ბარიერის არსებობამაც იმოქმედა და მთელი კვირა უხასიათოდ დადიოდა ბანგკოკის ქუჩებში.

კიდევ დიდხანს მოუწევდა იქ ყოფნა და თავისუფალ დროს რა უნდა ეკეთებინა, აღარ იცოდა. ერთ დღეს, ქალაქში მორიგი ხეტიალისას, ქუჩა არასწორად გადაკვეთა, რაც იქვე მდგომ პოლიციელს არ გამოჰპარვია, თუმცა როცა მიხვდა ადგილობრივი სამართალდამცავი, რომ საქმე უცხოელთან ჰქონდა, მოლბა და ნინოს სწავლება დაუწყო, თუ როგორ უნდა გადავიდეს გადასასვლელზე უსაფრთხოდ. რა თქმა უნდა, მოძრაობა შეაჩერა, თუმცა ტაილანდელ მძღოლებს ეს არ გაუპროტესტებიათ, მორჩილად იდგნენ და ელოდნენ, როდის მისცემდა პოლიციელი მოძრაობის გაგრძელების საშუალებას. ამდენ მანქანაში აღმოჩნდა ერთი, რომელმაც სიგნალით აიკლო იქაურობა. ხოლო როცა მოძრაობა განახლდა, ტროტუარზე მიმავალ ჩაფიქრებულ ნინოს ნელი სვლით მოძრავმა ჯიპმა ჩაუარა და კარგი ლაზათიანი ქართულით შეუკურთხა: - სიარული არ იცი, შენი დედაც!.. ნინომაც ქართულადვე უპასუხა: - გაიარე რა, შე მათხოვარო! ორიოდე წუთის შემდეგ ნინო შედგა, ქართულად შემაგინა? წარმოთქვა ხმამაღლა, ქართველი იყო, ჩემი თანამემამულე... ცრემლი მოადგა და ფეხს აუჩქარა, წუთიც და ვიღაცას შეეჯახა, ახედა და... მისი შემგინებელი უღიმოდა:

- ქალბატონო, თქვენ მიწოდეთ მათხოვარი?

- კი, მე გიწოდეთ და თქვენ შემაგინეთ ხომ? - თვალი აუწყლიანდა ნინოს და უცნობს გადაეხვია. შემგინებელი ქართველი ბიზნესმენი აღმოჩნდა, რომელიც ბანგკოკში საქმეზე იმყოფებოდა. Gგინება ასე თუ გამიხარდებოდა, არ მეგონაო, იხსენებდა შემდეგ ნინო.

ნინო, თბილისი