ოპოზიციონერთა მოსასყიდად სპეცბიუჯეტი აქვთ გამოყოფილი - კვირის პალიტრა

ოპოზიციონერთა მოსასყიდად სპეცბიუჯეტი აქვთ გამოყოფილი

ამ ბოლო დროს ძალიან დავიბენით - ვეღარ გავიგეთ, ოპოზიცია ისვენებს, ახალი ბრძოლისთვის ემზადება თუ "იატაკქვეშეთში" გადაბარგდა. ჰოდა, გაშალა ხელი პრეზიდენტმა და დაიწყო ჩვეული საქმიანობა:

გამოჩენილ ადამიანებთან მოულოდნელი სტუმრობა, ახალი ქარხნების, ადმინისტრაციული შენობებისა და სასტუმროების გახსნა და ასე შემდეგ. ახლა სასამართლოს, მასმედიისა და ბიზნესის გათავისუფლება, სოციალური პრობლემებისა და ტერიტორიული მთლიანობის მოგვარება დარჩა და ფაფუ, მერე შენი ოპოზიცია. თუმცა არა, ოპოზიციის რიგებში კიდევ დარჩენილა ადამიანი, ვისაც ისევ ღრმად სწამს, რომ სააკაშვილი 2013 წლამდე ჩამოვარდება; რომ ვანოს, ადეიშვილს, ახალაიას და ა.შ. უახლოეს პერიოდში გაასამართლებენ; რომ შემოდგომაზე კიდევ მეტი ხალხი გამოვა მიტინგზე; რომ გამოჩნდება ღირსეული, პატრიოტი, ნამდვილი მამაკაცი და მის გულს მოინადირებს. მაშ ასე, ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარია ყოფილი ნაციონალი გორიდან, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ქალბატონი თეო ტლაშაძე:

- მოგესალმებით ქალბატონო თეო, როგორ დაისვენეთ?

- მოგესალმებით "პალიტრავ", ძალიან მიყვარს თქვენი გაზეთი. რაც შეეხება დასვენებას, ვერ დავისვენე, მთელი ზაფხული აქ ვარ, ოფისში.

- რაიმე ახალი გეგმა ხომ არ შეიმუშავეთ?

- არის გეგმები, მაგრამ ჯერ ვერ გეტყვით, რა.

- ისე, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა და გეტყვით თუ გნებავთ. მაგალითად: ადრე ქართველები ბრძოლას რომ წააგებდნენ, პარტიზანულ ომებზე გადადიოდნენ...

- პარტიზანულ ომებზე ნამდვილად არ გვიფიქრია. ისე, მშვენიერი იდეაა. მაინც როგორ წარმოგიდგენიათ?

- როგორ და, 150 ათასი კაცით ხომ არ გამოვიდა არაფერი, და როგორც ამბობენ, ნერვების ომი წააგეთ. ახლა დაიყავით მცირე ჯგუფებად, კონკრეტულ თანამდებობის პირებს ჩაუსაფრდით და ლოკალური ნერვების ომები გაუმართეთ.

- კარგი იდეაა, მაგრამ მგონი არ იქნება საჭირო. ამ ხელისუფლებამ ამოწურა თავისი თავი და მომაკვდავი რომ ბოლოს ერთს კარგად ამოისუნთქებს, ისეთ მდგომარეობაშია.

- კარგია, რომ გჯერათ... ამბობენ, ბევრი ოპოზიციონერი დათანხმდება მანდატების უკან დაბრუნებას, თქვენს ლიდერსაც ხომ არ უთქვამს უარი?

- ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ და არ შევცვლით. ვინც დათანხმდება და შევა პარლამენტში, შევიდეს, მისი ნებაა, თუმცა უნდა იცოდეს, რომ ეს არის საკუთარი ხალხის ღალატი. იცი, მე რას მთავაზობდნენ, მათ მხარეს რომ გადავსულიყავი?

- ფულს ალბათ...

- დიახ და ძალიან დიდ ფულს.

- 500 ათასს?

- დიახ, 500 ათასს! თქვენ საიდან იცით?

- ერთმა ოპოზიციონერმა გვითხრა, 500 ათასს მთავაზობდნენ, მათ მხარეს რომ გადავსულიყავიო... ეტყობა, ოპოზიციონერთა მოსასყიდად სპეცბიუჯეტი აქვთ გამოყოფილი - ერთი ოპოზიციონერი - 500 ათასი, ბითუმად 450 ათასი ლარი ღირს. როგორც ვატყობთ, უარი თქვით.

- რა თქმა უნდა, უარი ვთქვი, თორემ როგორ ფიქრობთ, 1991 წელს გამოშვებული მანქანით ვივლიდი? ჩემთვის უპირველესი ერთგულება და პატიოსნებაა.

- რომ აგეღოთ?

- ირაკლიმაც ეგ მითხრა, აგეღო და მერე ისევ წამოსულიყავიო... თუმცა ისიც კარგად ვიცი, რომ დავთანხმებულიყავი, მომატყუებდნენ.

- ესე იგი, არ ენდეთ...

- მაგათი ნდობა როგორ შეიძლება? მიშა აქ რომ იჯდეს ახლა და რაიმეს დაგვპირდეს, გავალთ გარეთ და მორჩა. მისი ნათქვამი ჰაერია და მეტი არაფერი.

- ბატონი ირაკლი როდის ჩამოდის, ხომ ვერ გვეტყვით?

- როცა საჭირო გახდება, მაშინ ჩამოვა. ამ ხელისუფლებას ირაკლის ისე ეშინია, ჭორიც რომ გავრცელდეს, ჩამოდისო, თვითმფრინავებს ვაზიანში სვამენ.

- მასთან კავშირი გაქვთ ხომ?

- რა თქმა უნდა, ინტერნეტით, ტელეფონით...

- ტელეფონითაც? კი მაგრამ ვანო?

- არ მეშინია! ვანო მხოლოდ ტელეფონში კი არა, სახლში, ყველა კუთხეში მყავს.

- ქალბატონო თეო, თქვენ გორელი ბრძანდებით და ყველა გორელის მტკივნეულ თემას შევეხოთ, - სტალინის ძეგლის აღებაზე რას ფიქრობთ?

- თუ იმას ამბობენ, სირცხვილია გორში სტალინის ძეგლი რომ დგასო, მე როგორც გორელს, მაქვს ერთი იდეა, რომელიც ასევე აუცილებელია გორისთვის. მეჯვრისხევის ქუჩაზე, სადაც ჩვენმა პრეზიდენტმა მთელი მსოფლიოს თვალწინ თავი მოგვჭრა და ვერტმფრენის ხმაზე მაყვლის ბუჩქებში შევარდა, აღვმართოთ ძალიან მაღალი მონუმენტი, ძალიან მახინჯი ფორმის და სააკაშვილის გვართან ერთად, იმათი გვარებიც დავაწეროთ, რომლებმაც შეგვარცხვინეს...

- კარგი იდეაა, ასეთი მონუმენტი მართლა დიდი უნდა იყოს, მაგრამ მხოლოდ გორში რატომ?

- აბა, კიდევ სად?

- სად და მაგალითად, ეროვნულ სტადიონთან...

- თქვენ ხუმრობთ, მე კი სრული სერიოზულობით გეუბნებით.

- გასაგებია, მაინც როგორი ფორმის წარმოგიდგენიათ?

- ეგ არ ვიცი, ისეთი ფორმა უნდა ჰქონდეს... აი, რომ შეხედავ და მიხვდები, სირცხვილის მონუმენტი რომ არის.

- "რუსთავი 2"-ის ლოგო არ ივარგებს?

- მაშინ "რუსთავი 2"-ის, "იმედისა" და პირველი არხის ლოგოების კომბინაცია აჯობებს.

- ქალბატონო თეო, კიდევ ერთ უხერხულ თემას უნდა შევეხოთ... თქვენ გაუთხოვარი ბრძანდებით...

- კი, ასეა, ვერ მოვიცალე საკუთარი თავისთვის.

- რა თქმა უნდა, მაგრამ ხელისუფლების დასუსტების კიდევ ერთ ჩვენებურ გეგმას გაგიმხელთ, თუ დაგაინტერესებთ.

- თქვენ რა მაგრები ყოფილხართ გეგმების შედგენაში.

- აბა რა, ერთი ჩვენი გეგმა გაითვალისწინა ოპოზიციამ 26 მაისს. ახლა სხვა გეგმას გთავაზობთ.

- აბა, გამიმხილეთ, როგორ დავასუსტოთ ხელისუფლება.

- როგორ და, თქვენ, ფიქრია ჩიხრაძე და კიდევ სხვა რომ გაჰყვეთ ნაციონალ უცოლოებს, გადმოიბირებთ თქვენკენ და...

- რა არის, იცი? მე ნაციონალურ მოძრაობაში ვიყავი და მქონდა ამის შანსი, მაგრამ ჩემთვის მთავარია იყოს ადამიანი, პარტიულობას მნიშვნელობა არა აქვს, ნაციონალი იქნება, ლეიბორისტი თუ კონსერვატორი, არ მაინტერესებს, ისე კი, პოლიტიკოსი თუ არ იქნება, მთლად კარგი.