როგორ დააჭერინა სარძლომ სამამამთილო - კვირის პალიტრა

როგორ დააჭერინა სარძლომ სამამამთილო

პროკურორის მოგონებიდან:

„ერთმა ნარკომანმა მამაკაცმა ოჯახი გაამწარა. ყველა ახლობელი ეუბნებოდა, - ასეთი საქციელით თავს დაიღუპავო, მაგრამ არავის უსმენდა. ერთხანს ცოლიც გაექცა, - იქნებ გონს მოეგოსო, თუმცა არც ამ მეთოდმა გაჭრა, ოჯახის უფროსი გამუდმებით ნარკოტიკით გაბრუებული დადიოდა...

ერთ დღესაც, მისმა ვაჟმა ცოლის შერთვა გადაწყვიტა, საყვარელი ქალი დედას გააცნო და ქორწილის დღეც დათქვეს. იმ დღეს, როცა გოგო საქორწინო დეტალების შესათანხმებლად ბიჭთან უნდა მისულიყო, მათ სახლში პოლიციელები მივიდნენ.

- რა ხდება? - იკითხა ნარკომანმა. - თავს რომ იკლავ, ეგ ვიცით, მაგრამ ახლა ბარიგობაც დაიწყე?! - ჰკითხა ირონიით პოლიციელმა.

- ზედმეტი არ მოგივიდეთ... "წამალს" რომ ვერ გავყიდი, თქვენც კარგად იცით, სხვისთვის ვერ გავიმეტებ! - აბა, ბაქოდან მთელი პარტია რომ ჩამოიტანე, ის რისთვის გინდა, თავის მოკვლა გადაწყვიტე? ახლავე, შენი ხელით გამოიტანე და შენც მოემზადე წამოსასვლელად!

- არაფერი მაქვს! პოლიციელებმა სახლი გაჩხრიკეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. ბოლოს, სამზარეულოში შესვლა დააპირეს. მათ ნარკომანმა დაასწრო, მაცივრიდან რაღაც ფუთა გამოიტანა და ფანჯრიდან გადააგდო.

პოლიციელები უკვე წასასვლელად ემზადებოდნენ, როცა კარზე დააკაკუნეს. კარი ბიჭმა გააღო - იქ მისი შეყვარებული იდგა, სწორედ იმ ფუთით ხელში, რომელიც მისმა სამამამთილომ მოისროლა. გოგონამ ჯერ შეყვარებული გადაკოცნა, მერე კი უთხრა, - რომ ამოვდიოდი, ფანჯარას ამოვხედე, თქვენი სარკმლიდან ეს გადმოვარდა და წამოვიღეო. პოლიციელმა გოგოს ლამის ხელიდან გამოჰგლიჯა ფუთა, მერე კი გაუღიმა და უთხრა:

- სამამამთილომ ცოტა ხნით რომ დაგტოვოთ, ხომ არ გეწყინებათ?.. აი, ასე დააჭერინა სარძლომ სამამამთილო.

თეა ხურცილავა