"ათესვის" ახალი მეთოდი - კვირის პალიტრა

"ათესვის" ახალი მეთოდი

ეს ამბავი მართლა "გადახდათ" ჩემს მეგობრებს, სამ განუყრელ ძმაკაცს, რომლებიც უერთმანეთოდ, რომ იტყვიან, ლუკმას არ ტეხდნენ. ერთხელაც, სამივენი ერთ

პრესტიჟულ რესტორანში ქეიფობდნენ. სუფრას ჩიტის რძეც არ აკლდა. გვარიანად მოილხინეს, იცეკვეს კიდეც. ქეიფს რომ მორჩნენ, ოფიციანტი მოიხმეს და ანგარიში მოითხოვეს. მანაც თეფშზე მოხდენილად დადებული ჩეკი მოიტანა. ერთ-ერთი მოქეიფე წამოხტა და ჯიბეზე გაიკრა ხელი, ამ დროს მეორემ ხელი გაუკავა და სთხოვა, მე გადავიხდიო. სასტიკი უარი მიიღო და ცოტა ხანში მეგობრებს შორის დაუსრულებელი კამათი გაიმართა, - არა მე გადავიხდი და არა - მეო. ოფიციანტი მოთმინებით, ხმის ამოუღებლად იცდიდა. ამ დროს მესამემ განტვირთა სიტუაცია და "რაციონალური წინადადება" წამოაყენა: - მოდი, ჩხუბი რომ არ მოგვივიდეს, მიმტანს, როგორც უცხოს, თვალები აგერ, ჩემი შარფით ავუხვიოთ და რომელსაც დაადებს ხელს, იმან გადაიხადოსო. ეს აზრი ყველას მოეწონა, მიმტანს თვალები აუხვიეს... და როცა მან "სავარაუდო გადამხდელზე" ხელის დადება დააპირა, არაფერი გამოუვიდა. კარგა ხანს დადიოდა მაგიდის გარშემო და ეძებდა გადამხდელს, მაგრამ ვერ მოახერხა...

ბოლოს, ოფიციანტმა თვალებზე ახვეული შარფი მოიხსნა და რას ხედავს, სამივე მეგობარი რესტორნიდან "ათესილა"...

ზაზა ნაფეტვარიძე, თბილისი