წერილი ბარაქ ობამას! - კვირის პალიტრა

წერილი ბარაქ ობამას!

გამარჯობა, ბარაქ, მაპატიე, ბატონ ბარაქს, ან პატივცემულ ბარაქს რომ არ ვწერ, ცოტათი გაამაყებული ვარ, იმიტომ რომ, თქვენ რომ რუსეთს ხან გადატვირთვაო ეძახით, ხან ვიმეგობროთო, ხანაც ბირთვული სახელმწიფოა, მაგათთან ფრთხილად მოქცევაა საჭიროო, ზუსტად იმ ქვეყანას ჩვენ, სამ დღეში ომი მოვუგეთ.

მართალია, ტერიტორიები დავკარგეთ, მაგრამ სუფთა მოგება სადაა ეგრე ადვილად, ძიუდო კი არაა. ომია. მოკლედ, დამეთანხმები, რომ ჩემს ადგილზე შენც გაამაყდებოდი და ბატონობით აღარ მომმართავდი. წერილსაც მოვალეობის გამო გწერ, თორემ დიდად არ მეხალისება.

მაშ ასე, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა, "ნაციონალები" ვართ უმრავლესობა (მეც "ნაციონალი" ვარ), მალე ჩვენ გავმრავლდებით, ბარაქ, და მთელი საქართველო ჩვენ ვიქნებით; მერე მთელი აღმოსავლეთი ევროპა ჩვენ ვიქნებით; მერე მთელი მსოფლიო ჩვენ ვიქნებით, მაგრამ მე ერთი რამის მეშინია, მაგდენი ტენდერი იქნება ყველა რომ დაგვაკმაყოფილოს? ეგ არაფერი, მოვიფიქრებთ რამეს.

ბუნებრივია, დაგებადება კითხვა, ოპოზიცია რას შვრება მანდო? გავკადნიერდები და გეტყვი, რომ ის არ არსებობს. ჩვენთან ვაკელი გოგონები ხმარობენ ხოლმე ამ ტერმინს და ახლა პირდაპირ ოპოზიციას დააჯდა ეს გამონათქვამი. ალბათ კიდევ  დაგებადება ქვეკითხვა, - სად არიანო. მაგაზეც გიპასუხებთ: ზოგი ზღვაზე იყო, ზოგი მთაში, ზოგიც აქ იყო, მაგრამ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი მინდა გითხრათ:

"არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს", კარგად რომ დააკვირდეთ, ობამ ბატონო, კი ჰგავს ზოგიერთი მათგანი მკვდარს.

ახლა რაც შეეხება სხვა საქმეებს: გზებს ვაგებთ, გაზი გვაქვს, დენი გვაქვს, წყალი გვაქვს, ამას ყოველდღე და ყოველთვის ვამბობთ და არც აქ მინდა გამომრჩეს, სხვა მხრივ კი ცხოვრება წინ მიდის, ესაა ოღონდ, რომ ჯიპებს, ჩვენ რომ გვემსახურება, ბევრი ბენზინი უნდა, მაგრამ სახელმწიფო მუშაობს ამ საკითხებზე და მალე გადავწყვეტთ.

ბარაქ, ბათუმი გავალამაზეთ, მაგრამ ამით არ ვკმაყოფილდებით, თვითონ მინისტრებსაც ვალამაზებთ, ულამაზო და უსიმპათიო პოლოლიკაშვილის ნაცვლად ანგელოზივით გოგო დავნიშნეთ მინისტრად, ისე, მინდა გითხრათ, რომ ლტოლვილთა და განსახლებლის მინისტრზე და კულტურის მინისტრზეც ამბობენ, არ არიან ლამაზებიო და მგონი მათი გალამაზებაც მოგვიწევს, ერთადერთი უსიმპათიურესი (მუდმივად) მინისტრი ჩვენთან ვანო მერაბიშვილია.

კიდევ ბევრი რამ მინდა, ბარაქ, მოგიყვე, ხო, მართლა, მე როგორც "რუსთავი 2"-ის ერთგულმა მაყურებელმა, "ნაციონალების" ერთგულმა წევრმა და ამ ქვეყნის პატრიოტმა, მინდა ამაყად მოგიგო, რომ ჩვენ თქვენზე უკეთესი ეკონომიკა გვაქვს, მაგალითად, ჩვენთან იაფია ყველა პროდუქტი (საწყალი ამერიკელები, როგორ მეცოდება პური თურმე იქ დოლარზე მეტი ღირს), ჩვენთან ადვილია ბიზნესი, უხდი ფულს საარჩევნოდ ერთ პარტიას და მიდი, უბერე რაც გინდა და როგორც გინდა.

კიდევ მინდა, მოგახსენოთ, რომ ამ ბოლო დროს თქვენც აღარ მოგვწონხართ და ჭკვიანად იყავით, თორემ რუსეთთან მოსაგებად თუ სამი დღე დაგვჭირდა, თქვენთან ჰა, ჰა, 7 დღე დაგვჭირდეს და მაქსიმუმ თბილისი, ქუთაისი და ბათუმი დავკარგოთ.

გაიგებდით ალბათ, რომ ლტოლვილები გამოვყარეთ და გარე მოვაჭრეები ავყარეთ, მესმის რომ გაგიკვირდათ და კიდევ დაგებადათ შეკითხვა: საარჩევნოდ ხმები არ გჭირდებათო?  მინდა საიდუმლოდ გითხრათ, რომ ამ ხალხს პრობლემები იმიტომ შევუქმენით, რომ საარჩევნოდ მოვუგვაროთ, აბა ისე ხმას არ მოგვცემენ, ეს მარტივი ტაქტიკაა და შენც გამოგადგება საარჩევნოდ. თუ ამანაც არ გიშველა, მაინც უსაქმოდ გვყავს თარხნიშვილი ლევანი და გამოგიგზავნით.

აბა, გემშვიდობები, ჩემო ბარაქ და დასასრულს მინდა გითხრა, რომ ცოტა ფულს თუ წაგვახმარ, კარგი იქნება, თორემ ჩაგვივარდება მოახლოებული ზამთრის დასასვენებელი სეზონი. ხომ იცი, აუცილებლად დაგიბრუნებთ, ჩვენ თუ არა, ჩვენი შვილები და შვილიშვილები დაგიბრუნებენ. რა ვქნა, არ გთხოვდით, მაგრამ აღარა აქვთ ამ დალუქულ მაღაზიებსა და ჩვენგან დაშინებულ ბიზნესმენებს ბოლო დროს ფული და მეტი გზა არ გვაქვს.

ყველა "ნაციონალის" სახელით წინასწარ გიხდით მადლობას. ჩვენი კეთილი ბუშივით კარგი არ ხარ, მაგრამ რაც ხარ, ეგაა, მაინც გვიყვარხარ.