საჭე მაპოვნინეს ჯიგრებმა... - კვირის პალიტრა

საჭე მაპოვნინეს ჯიგრებმა...

ეს ამბავი ჩემმა მეგობარმა ტარიელმა მომიყვა...

- გორში, ბავშვის ნათლობაში დამპატიჟეს. ჩემი მანქანით წავედი. ვიფიქრე დალევით არ დავლევ,  პატარა პურს შევჭამ და მალევე გამოვბრუნდები-მეთქი, მაგრამ სუფრაზე ძველ ძმაკაცებს გადავეყარე და...

მოკლედ, გვარიანად მთვრალი მივაქროლებ ლურჯას (ტარიელს ლურჯი ფერის "ჟიგული" ჰყავს) ქარელისკენ. გორს მშვიდობიანად გამოვცდი... აი, ტრასაზე კი მაინც ჩავუვარდი წესრიგის დამცველებს ხელში...

რადგან უკვე შებინდებული იყო, თავი დავიიმედე, იქნებ სიმთვრალე ვერ შემამჩნიონ-მეთქი და მტკიცე ნაბიჯით გავემართე მათკენ. გაჭრა, ფორმიანები მხოლოდ ჩემი საბუთების დათვალიერებით შემოიფარგლნენ...

კი არ მოვდივარ, მოვფრინავ მანქანისაკენ. მინდა, დროზე გავშორდე აქაურობას... მივხურე კარი და, ჰოი საოცრებავ, საჭე ადგილზე აღარ არის... აქეთ ვეცი, იქით ვეცი და მერე მანქანიდან გადმოუსვლელად ინსპექტორებს გავძახე - ვიდრე საბუთებს მისინჯავდით, საჭე მომპარეს-მეთქი.

რომ მგონია, აქეთ-იქით გაცვივდებიან ჩემი საჭის მოსაძებნად, დგანან და ირონიულად იღიმებიან... ბოლოს, ერთმა მანქანის კარი გამიღო, გადმომიყვანა, ახლა წინა კარი გამოაღო, საჭესთან (დაკარგული რომ მეგონა) მოწიწებით დამსვა და საბუთები ხელმეორედ მომთხოვა...